ოთხშაბათი, ივნისი 4, 2025

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს

აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, კარვები გაშალეს.

პროტესტმა პარლამენტის წინ უკვე გადაინაცვლა.

თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან მისასვლელად. პოლიციამ მოედანზე შეზღუდა ავტომობილებით გადაადგილება მათ შორის აქციის მონაწილეებისთვისაც და უთხრა, რომ შეეძლოთ ამ ადგილიდან ფეხით გაეგრძელებინათ გზა. პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვას უკმაყოფილება მოყვა.

შელაპარაკების და სკანდირების შემდეგ აქციის მონაწილეები ფეხით დაიძრნენ – ისინი საქართველოს პარლამენტთან აპირებენ ღამის გათევას. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებული არიან პოლიციელები.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, დღის 12 საათზეა დაგეგმილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა ხდება ადგილზე-კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს და მოკლულის მანქანა, კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს…

ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.ადგილობრივთა თქმით, გარდაცვლილი მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა. მათივე განმარტებით, გვიან ღამით სროლის ხმა გაიგონეს.„აჭარის მაუწყებლის“ ინფორმაციით, მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ნატყვიარებიც აღენიშნება.„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

გიორგი გოგოლაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ როცა მოვიდა, ერთდროულად ჩაატარეს რამდენიმე მძიმე ღონისძიება ქართული ენის მიმართ, დაიწყო დარტყმა სტრუქტურაზე, სამეცნიერო სექტორის განადგურება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის პედაგოგმა, გიორგი გოგოლაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა, რომ 2004-2005 წლებში განათლების სამინისტროს მხრიდან მძიმე ღონისძიებები ჩაატარდა ქართული ენის მიმართულებით.ამასთან, კომისიის სხდომაზე გოგოლაშვილმა განათლების სამინისტროში ალექსანდრე ლომაიასთან შეხვედრა გაიხსენა.„ხელისუფლება როცა მოვიდა, ერთდროულად ჩაატარა რამდენიმე მძიმე ღონისძიება ქართული ენის მიმართ. გაუქმდა ენის სახელმწიფო პალატა, პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო კომისია ქართული ენისა. ეს ხდებოდა 2004-2005 წლებში. გაუქმდა პარლამენტში არსებული ქართული ენის ქვეკომიტეტი, უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო ქართული ენის სწავლება, დაიხურა ყველა სატელევიზიო პროგრამა: „ჩვენი ენა ქართული“, „ენაი შემკული და კურთხეული“ და ასე შემდეგ. დაიხურა ყველა ჟურნალ-გაზეთი. ცოტა მოგვიანებით, პირველ კლასში ქართულის საათები გაუყვეს ინგლისურს. არაერთგზის დაიწერა, რატომ ხდებოდა ასეთი მასშტაბური შეტევა. ლომაიას ვკითხე, ეს არის სამინისტროს პოზიცია, თუ გიგი თევზაძის პოზიცია-მეთქი. მაშინ ამაზე პასუხი არ გაუციათ. მეორე კითხვაც დავსვი: გიგი თევზაძემ თქვა, ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ჯავახიშვილის უნივერსიტეტთანო. უპირველეს უმაღლეს სასწავლებელთან, განათლების სისტემაში უპირველეს დაწესებულებასთან არ ვითანამშრომლებთ, ეს მისი პირადი აზრია, თუ სამინისტროს აზრი-მეთქი. ეს კითხვები როცა დავსვი, შეხვედრას ესწრებოდა თავად მინისტრი, მისი მოადგილე, ალექსანდრე დიდებულიძე, ბელა წიფურია, რატი ამაღლობელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და კიდევ მაღალჩინოსნები, გიგი თევზაძე და სიმონ ჯანაშია. ეს კითხვები დავსვი ოფიციალურად, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. პროფესორებიდან შეხვედრაზე იყვნენ მიხეილ ქურდიანი, ჯემალ მებონია, თენგიზ სანაძე“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.როგორც გიორგი გოგოლაშვილმა განმარტა, აღნიშნული შეხვედრა განათლების სამინისტროში 2004 წლის ბოლოს, ლომაიას მიწვევით შედგა.„ლომაიას მოვთხოვეთ, მოსულიყო უნივერსიტეტში, შეგვხვედროდა ამ გართულებულ სიტუაციაში. მან მიგვიწვია სამინისტროში და 6-7 კაცი ვიყავით. ეს ხდება 2004 წლის ბოლოს. ვითხოვეთ, მოსულიყო ჩვენთან. კანონის მიღების საკითხი როცა დგებოდა, ლომაიამ მოისურვა უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა. ეს ძალიან მძიმე საკითხი იყო. არ უნდოდა ჩვენთან შეხვედრა, ჩვენ გვლანძღავდა და „კმარას“ აქტივისტებმა მოაწყვეს ორგანიზებული შეხვედრა სააქტო დარბაზში ლომაიასა და სტუდენტებს შორის. სტუდენტებთან გვლანძღავდა, უნივერსიტეტი უნდა გადავარჩინოთ, კორუმპირებულების ხელშიაო. ამის შემდეგ იყო, რომ გააძევეს უნივერსიტეტიდან, უკანა კარიდან გაიყვანა დაცვამ. ამ გართულებულ სიტუაციაში მოვისურვეთ ჩვენ შეხვედრა, მან თვითონ მიგვიწვია სამინისტროში და იქ მოხდა ეს საუბარი. პირადად მე, ღია წერილი მივწერე ნოდარ გრიგალაშვილს, გაზეთ „თბილისში“ დაიბეჭდა ის. ეს ხდება 2005 წელს. ოტია იოსელიანი ჩავრთეთ, ესეც ჟურნალისტური ხერხი იყო, გვიშველეთ, რაღაცო. ეს ფაქტები იმდროინდელ პრესაში დაფიქსირებულია. არსად წამიკითხავს უარყოფა იმისა, რომ ასეთი რამ არ უთქვამს“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გოგოლაშვილს მიმართა: „ცოცხალია და იქნებ ახლა თქვას რამე გიგი თევზაძემ, რატომ აპირებდა ინგლისურის სახელმწიფო ენად ქცევას მაშინდელი განათალების სამინისტრო სააკაშვილთან ერთად“.ამასთან, გიორგი გოგოლაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაიწყო დარტყმა სტრუქტურაზე, სამეცნიერო და აკადემიური სექტორების განადგურება.„ეს იყო დასაწყისი ეტაპი ამ ბრძოლებისა. როცა გვემუქრება, რომ ნაჯახით ამოვძირკვავ, აკეთებს მეორე განცხადებას, მე შევქმნი ამბიციურ უნივერსიტეტს ამის ნაცვლადო. ილიაუნზე, ილიას უნივერსიტეტზეა ლაპარაკი. ეს ტერმინიც მისია – ამბიციური უნივერსიტეტი და შემდეგ აჩუქეს კიდეც გიგი თევზაძეს ის უნივერსიტეტი. ერთი იყო სტრუქტურული შეტევა, რეორგანიზაცია, ანუ დარტყმა სტრუქტურაზე, მეორე სამეცნიერო სექტორის განადგურება და მესამე, აკადემიური სექტორის განადგურება. მიზანმიმართულად დაიწყო ამ სამი ეტაპის შესრულება“.საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გოგოლაშვილმა 27 სექტემბერს გამართული საბჭოს სხდომაც გაიხსენა.„27 სექტემბერს საბჭომ განიხილა „კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“. სამსაათიანი სხდომა იყო და მკვეთრად უარყოფითი დასკვნა გაკეთდა, რომ ასეთი კანონი დაღუპავს უმაღლეს განათლებას. მივმართეთ პარლამენტსაც და პრეზიდენტს ცალკე გაეგზავნა წერილი, ეს არის 27 სექტემბერი. ამას მოჰყვა შტურმი უნივერსიტეტზე, 28 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ჩართვა გაკეთდა დილის საინფორმაციო საშუალებებში და დაიწყო უნივერსიტეტის ლანძღვა „წითელი პროფესორები“, „კორუმპირებულები“, „ჩარეცხილი“ შემდეგ ჩაემატა ამ ლექსიკას და ა.შ. რომ „ჩვენ არ გვინდა პროგრესი, ჩვენ არ გვინდა რეფორმა“, აი ასეთი განწყობით. მეორე ფრონტი გახსნა მინისტრმა ლომაიამ. ის ყოველ გამოსვლაში ხმარობს ტერმინებს: „უსირცხვილო, უსინდისო, კორუმპირებულები“. პირდაპირ ეს სიტყვები ისმის ჩვენ მიმართ და რადგან ჩვენ წინააღმდეგი ვართ რეფორმის. მესამე ფრონტი თუ შეიძლება, ფრონტი ასე ითქვას, სამინისტროში მაშინ იყო, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პოეტი რატი ამაღლობელი როცა ხელმძღვანელობდა. იმ დღესვე გამოდის რატი ამაღლობელი, მას გვერდით უდგანან, ზურგს უმაგრებენ მისი თაობის ცნობილი ახალგაზრდები: ლაშა ბუღაზე, ლაშა ბაქრაძე, ზაალ სამადაშვილი და ვიღაცები, რომ უნივერსიტეტი წინააღმდეგია რეფორმის. ჩატარდა სხდომა, დაიწუნეს კანონპროექტი და არცერთი კონკრეტული წინადადება არ თქმულა ამ განხილვაზე. სხვათა შორის, განხილვის შედეგები გაზეთში დაიბეჭდა, შევხვდით ჩვენ სამინისტროში, ეს გაზეთი დავუდე წინ რატი ამაღლობელს და ვუთხარი, აი ეს არის ის. სხვათა შორის ყველა უნივერსიტეტელი გამოიყენა ლომაიამ ჩვენ წინააღმდეგ: რატი ამაღლობელი, გიგი თევზაძე, სიმონ ჯანაშია და ასე შემდეგ, რომ მათ ებრძოლათ ჩვენ წინააღმდეგ“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.

ჰანს ნიუჰოფი – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მტკიცედ უარყოფს საქართველოზე მოხსენების პროექტს, ტექსტი წარმოაჩენს აშკარა პოლიტიკურ მიკერძოებას

ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ საქართველოს შესახებ 2023-24 წლების კომისიის მოხსენების პროექტს, ტექსტი არამხოლოდ წარმოაჩენს აშკარა პოლიტიკურ მიკერძოებას, არამედ ასევე შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომელიც სამართლებრივად და ინსტიტუციურად მიუღებელია ევროკავშირის საერთაშორისო სამართლის მიხედვით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჰანს ნიუჰოფმა საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრამდე განაცხადა.მისი თქმით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არ ეთანხმება პროექტის სამ ძირითად პუნქტს.„ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანამომხსენებლის რანგში, მე წავიკითხავ ESN ჯგუფის სახელით უმცირესობის პოზიციას, რეგლამენტის 56.4 წესის შესაბამისად, ყურადღებას გავამახვილებ სამ ძირითად პუნქტზე, ჩვენ უარვყოფთ პროექტის მე-5 პუნქტს, რომელიც ითხოვს პირად სანქციებს წინასწარი სასამართლო პროცესის გარეშე, რითაც არღვევს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და ინდივიდუალურ უფლებებს. უფრო მეტიც, ოჯახის წევრების მიმართ ასეთი სანქციების გავრცელების მოწოდება წარმოადგენს კოლექტიური სასჯელის ფორმას, რაც როგორც ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სტანდარტების, ისე ასოციაციის საფუძველზე დანაშაულის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების აშკარა დარღვევაა.ჩვენ უარვყოფთ მე-8 პუნქტს, რომელიც მოითხოვს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის არაღიარებას და სასურველი პოლიტიკური ფიგურის ცალმხრივად დანიშვნას, რაც წარმოადგენს გაერო-ს ქარტიის მიერ დაცული სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის აშკარა დარღვევას. ჩვენ უარვყოფთ მე-10 პუნქტს, რომელიც ცდილობს ევროკავშირის ერთსულოვნების მოთხოვნას გვერდი აუაროს, საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რითაც ძირს უთხრის თავად გაერთიანების იურიდიულ წესრიგს. რომ შევაჯამოთ, ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ საქართველოს შესახებ 2023-24 წლების კომისიის მოხსენების პროექტს. ტექსტი არამხოლოდ წარმოაჩენს აშკარა პოლიტიკურ მიკერძოებას, მაგრამ ასევე შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომელიც სამართლებრივად და ინსტიტუციურად მიუღებელია ევროკავშირის საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, – განაცხადა ჰანს ნიუჰოფმა.

რასა იუკნევიჩიენე – საქართველოს შესახებ ანგარიში მხარს უჭერს ახალ არჩევნებს, რეჟიმისთვის სანქციებს, ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას

საქართველოს შესახებ ანგარიში მხარს უჭერს ახალ არჩევნებს, რეჟიმისთვის სანქციებს, ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრამდე განაცხადა.მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს არა საქართველოს პროგრესი, არამედ უზარმაზარი უკუსვლა დემოკრატიული სახელმწიფოდან.„სამწუხაროა, რომ ამ ყოველწლიურ ანგარიშში ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს არა საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პროგრესი, არამედ ქვეყნის უზარმაზარი უკუსვლა დემოკრატიული სახელმწიფოდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერობიდან სასტიკ ავტოკრატიამდე. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მიიტაცოს ქვეყანა შიგნიდან პრორუსულმა მთავრობამ ყოველგვარი გასროლის გარეშე. გაყალბებული არჩევნები, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, დაბლოკოს ევროკავშირი, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, თავდასხმა ევროკავშირზე და მის წარმომადგენლებზე – ეს არის მხოლოდ ზოგიერთი იმ ფაქტებიდან, რომლებიც ნახსენებია ანგარიშში. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმისთვის სანქციებს, ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას. ერთი მხრივ, საქართველოს საქმე ამ მომენტისთვის ძალიან დამღლელია, თუმცა მეორე მხრივ, ეს ძალიან დიდი მოტივაცია თითქმის 200 დღის განმავლობაში მებრძოლი ევროპელი ქართველი ხალხის ხელში ევროპული დროშების გამო და ვინაიდან ყველა პროევროპული ჯგუფი ევროპარლამენტში ერთიანია“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის 21-ე ბიბლიოთეკა განახლდა

ორთაჭალაში თბილისის მუნიციპალიტეტის „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის 21-ე ბიბლიოთეკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შენობა, რომელშიც ბიბლიოთეკა ჯერ კიდევ 1968 წლიდანაა განთავსებული, კაპიტალურად შეკეთდა.„ძალიან კარგი პროექტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბიბლიოთეკების მოწესრიგებასა და განახლებას. წლების განმავლობაში ამ მიმართულებას ყურადღება არ ექცეოდა და უმძიმესი მდგომარეობა იყო. შესაბამისად, მიზნად დავისახეთ, რომ ქალაქში არსებული ყველა ბიბლიოთეკა კი არ უნდა გაუქმდეს ან გაიყიდოს, არამედ ჩაუტარდეს რეაბილიტაცია, განახლდეს და როგორც ახალგაზრდებს, ისე, ზოგადად, ყველა თაობის ადამიანს ყველანაირად მოწესრიგებული სივრცით სარგებლობის საშუალება მივცეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისი თქმით, რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკაში შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც თანამედროვე ტიპის სივრცე შეიქმნა.„ბიბლიოთეკაში შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც თანამედროვე ტიპის გახსნილ და მაქსიმალურად მოხერხებულ სივრცედ გაკეთდა. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, ფილიალს დაემატა საერთო სამუშაო სივრცე და განთავსდა სტაციონარული კომპიუტერები, რომლებიც ბიბლიოთეკის სერვისებით ნებისმიერი მოსარგებლისთვის ხელმისაწვდომია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, განახლდა და გადახალისდა წიგნადი ფონდიც - კლასიკურ, თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურას დაემატა უახლესი გამოცემები.„ბიბლიოთეკა ასევე სრულადაა აღჭურვილი, რათა უმასპინძლოს წიგნის წარდგენებსა და სხვადასხვა სახის სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს. ამისთვის ყველანაირი საჭირო ტექნოლოგია უზრუნველყოფილია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ბოლო სიახლეები