ახლადაღმოჩენილი გარემოებებით ვეცდებით, განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, რომელიც, როგორც ირკვევა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო მიღწეული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„პასუხი უნდა გაეცეს ძალიან მძიმე შეკითხვასა – რატომ მოხდა 1945 წელს და შემდგომ წლებში გამოცემული რუკების გამოყენება დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, მაშინ როდესაც ოფიციალურად შეთანხმებული 1938 წლის რუკა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის უფრო სამართლიან პირობებს ადგენდა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციაზე. რასაკვირველია, ეს არ ეხება სტრატეგიულ თანამშრომლობას აზერბაიჯანთან და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. აზერბაიჯანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი. ახლადაღმოჩენილი გარემოებებით ვეცდებით, განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, რომელიც, როგორც ირკვევა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო მიღწეული“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.