სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

„არ არსებობს ადამიანი კოალიციიდან „ცვლილებებისთვის“, რომელიც ამ პარლამენტში შედგამს ფეხს“ – ელენე ხოშტარია

მიმართავს თუ არა ოპოზიცია მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტს – მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, ოპონენტებს კითხვით მიმართავს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სწორედ დღეიდან არის მანდატებზე უარის თქმის იურიდიული შესაძლებლობა, ამიტომ ახლა გაირკვევა, პარტიები მართლა იტყვიან თუ არა უარს პარლამენტში შესვლაზე.

კოალიციაში „ცვლილებებისთვის“ აცხადებენ, რომ სიების ჩახსნის შესახებ ცესკოს უკვე მიმართეს და მათი კოალიციიდან არცერთი ადამიანი არ შევა პარლამენტში.

ელენე ხოშტარია, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი: „ჩვენ ვხსნით ჩვენს სიას, არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ჩვენგან ფეხს არავინ შეადგამს ამ პარლამენტში. არ არსებობს არც მანდატი, არც სია, არ არსებობს არცერთი წარმომადგენელი – არც ინდივიდუალურად, არც პარტიულად – არ არსებობს ადამიანი კოალიციიდან „ცვლილებებისთვის”, რომელიც ამ პარლამენტში შედგამს ფეხს“.

ზურა ჯაფარიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი: „ჯერ არის სიების ჩახსნა, რაზეც განცხადება, წესით, უკვე შესული უნდა იყოს ცესკოში და ამის შემდეგ იწერება ინდივიდუალური განცხადებები მათთვის, ვისთვისაც ესენი გამიწერენ მანდატებს. ჯერ იხსნება სია, შემდეგ კეთდება ინდივიდუალური განცხადებები – ეს ადრეც გაკეთებული გვაქვს, 2020 წელს“.

კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს თავისი მანდატის გაუქმების მოთხოვნით უკვე მიმართა.

„ოპოზიციონერ კოლეგებთან ვერ მქონდა კონსულტაცია, რადგან მთელი დღეა აქ ვარ, თქვენთან ერთად. მე პირადად, უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი, დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს და ევროპას მოუწოდებს, მიიღონ მსგავსი ზომები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს და ევროპას მოუწოდებს, მიიღონ მსგავსი ზომები. ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია, დაუყოვნებლივი და მკაცრი პასუხი რუსეთის სამხედრო მოქმედებებზე. „რუსეთს აუცილებლად ვუპასუხებთ ყველაფერზე, რაც მან გააკეთა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დარტყმები არ დარჩეთ შესაბამისი პასუხის გარეშე. რუსული ტერორის ნორმალიზების მცირედი ეჭვიც არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ეკონომიკური სანქციები პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე. ცნობისთვის, ბრიტანეთმა დააწესა სანქციები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, რომელიც 30 ხომალდს მოიცავს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 57 კმ-ში, ქალაქ დმანისიდან 13 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

გია ვოლსკი – პრეზიდენტი ხალხს მოუწოდებს საკუთარ ქვეყანაზე ეკონომიკური დარტყმებისკენ, ეს ადამიანი გაყინულ სახეს ახსენებს თუ მისალმების ფორმაზე გააკეთებს აპელირებას, მნიშვნელობა აღარ აქვს

არჩევნები არ გაყალბებულა, საგარეო კურსი არ იცვლება, მმართველობა არის კოლექტიური, კოლეგიალური და ამასთან დაკავშირებით არანაირი სხვა აზრი არ აქვს მილიონ ორასი ათასზე მეტ ადამიანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ მიმართვაზე კომენტირებისას განაცხადა. „წვრილმანებზე აღარ უნდა უნდა უპასუხო, იცით, გაყინული სახით, სერიოზული სახით უნდა უსმინო, პარლამენტის თავმჯდომარე რომ გამოდის და აქ საღლიცინო არაფერია, ისევე, როგორც ხანდახან თვითონ ღლიცინებდა ხოლმე აბსოლუტურად შეუსაბამო პირობებში. მაგრამ მთავარი ბოროტება ეგ არ არის. ხალხს მოუწოდებს, რომ ლარის კურსს დაარტყან ორგანიზებულად და შეგნებულად, რომ გველოდება ეკონომიკური სიდუხჭირე ეკონომიკური ჩამოქცევა, ვალუტის კურსის დევალვაცია. ამას აცხადებს პრეზიდენტი და ზუსტად იცის, ბევრი რამ არ იცის, მაგრამ ეგ ზუსტად იცის, რომ ამან შეიძლება, გარკვეული არაჯანსაღი აჟიოტაჟი გამოიწვიოს ისე, რომ საფუძველი არ გააჩნია. არც მაკროეკონომიკური, არც სხვა მაჩვენებლები არანაირად არ გულისხმობს იმის წინაპირობას, რომ ეკონომიკური პრობლემები შეექმნას ქვეყანას. ბიუჯეტიც გაიზრდება, ეკონომიკაც გაიზრდება და ტენდეციები არის საუკეთესო, მსოფლიო ბანკის შეფასებით. ეს გამოდის და ამბობს, რომ ასეთი რამ გველოდება, ხალხს მოუწოდებს არა ფიზიკური რევოლუციისკენ, არამედ ეკონომიკური დარტყმების მიყენებისაკენ საკუთარი ქვეყნისთვის. ეს ადამიანი ახლა გაყინულ სახეს ახსენებს თუ მისალმების ფორმაზე გააკეთებს აპელირებას, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. რაც მთავარია, არჩევნები არ გაყალბებულა, საგარეო კურსი არ იცვლება, მმართველობა არის კოლექტიური, კოლეგიალური და რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით არანაირი სხვა აზრი არ აქვს მილიონ ორასი ათასზე მეტ ადამიანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება

ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი შეთანხმების დასამტკიცებლად 26 ნოემბერს შეიკრიბება. შეთანხმების ტექსტი დღეს დასრულდა. ისრაელის მედია ასევე წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიამ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ არმიამ მიაღწია დასახულ მიზნებს, საზღვრის გასწვრივ „ჰესბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურებას და ჩრდილოეთ ისრაელში შეტევის შესაძლებლობის აღმოფხვრას, ასევე „ჰესბოლას“ სარაკეტო არსენალის მკვეთრად შემცირებით. პარალელურად, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ლიბანში დაიბომბა 25 სამიზნე ობიექტი, რომელსაც „ჰესბოლას“ წევრები იყენებდნენ. ისრაელის არმიის სამიზნე გახდა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბანის ქალაქ ტვიროსში ისრაელის დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად, ლიბანიდან „ჰესბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 340 რაკეტა გაუშვა, რაც არის ყველაზე დიდი თავდასხმა ომის დაწყების შემდეგ. სარაკეტო შეტევის შედეგად ისრაელში 11 ადამიანი დაშავდა.

გაერო-ს მონაცემებით, 2023 წელს დაახლოებით 85 ათასი ქალი და გოგონა გახდა ფემიციდის მსხვერპლი

გაერო-ს მონაცემებით, 2023 წელს დაახლოებით 85 ათასი ქალი და გოგონა გახდა ფემიციდის მსხვერპლი. მათგან დაახლოებით 51 000 (60 პროცენტი) პარტნიორებმა ან ოჯახის სხვა წევრებმა განზრახ მოკლეს. როგორც გაერო-ში აცხადებენ, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ოჯახური ძალადობის შედეგად, ყოველ 10 წუთში ერთი ქალი ან გოგონა იღუპება. გაერო-ს მონაცემების მიხედვით, ფემიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, 2023 წელს ევროპაში ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გავრცელებულ განცხადებაში გაერო გამკაცრებულ კანონმდებლობას და მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის უკეთ შეგროვებას ითხოვს. გაერო-ში ამბობენ, რომ მთავრობებმა მეტი ვალდებულება უნდა აიღონ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე საჭიროა ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფა და ქალთა მიმართ ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობის კულტურის შექმნა.

ბოლო სიახლეები