ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

ანდრია ჯაღმაიძე – მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ რეგულაციები, რაც აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს

საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ რეგულაციები, რაც ზოგ შემთხვევებში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, უკანასკნელ წლებში საქართველოში არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა ცალკეული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მხრიდან, როგორც ქართულ სამოციქულო ეკლესიას.

„საპატრიარქოს არც ერთ შემთხვევაში არ მიუმართავს იმ კანონიერი საშუალებისთვის, რომლითაც, ზოგადად შეუძლია, ისარგებლოს პირმა ან ორგანიზაციამ ცილისწამების ან რეპუტაციული ზიანის მიყენების შემთხვევაში. 14 ოქტომბერს ხმაური იყო სვეტიცხოვლის ეზოში. თქვენ ნახეთ კადრები, როგორ მივედით, რა უძღოდა ამას წინ. რამდენიმე მაგალითი გაჩვენეთ და სრულიად საკმარისია. გავიხსენოთ მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა, შემდეგ ეკლესიისთვის დაბრალების მცდელობა, თითქოს მღვდლებმა გადმოყარეს ჟურნალისტები. ასევე, მარტვილის ტაძარში ჩაშლილი მსახურება; კიკეთში მოვარდნა მსახურების წინ, მონაზვნებთან თითქმის სახლში შევარდნა, შტურმი კარებთან. მივედით იქამდე, რომ სვეტიცხოვლობა დღეს ტაძრის ეზოში, როდესაც წირვა აღასრულა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მისი აღსაყდრებისა და დაბადების დღის მოახლოებული საიუბილეო თარიღების წინ, ერთ-ერთი ტელევიზიიის ჟურნალისტი სასულიერო პირებს ბანდიტებს უწოდებს. ცალკე სათქმელია, რომ ტელევიზიების ნაწილს სვეტიცხოვლობა, როგორც საზეიმო მოვლენა, არც კი გაუშუქებია. მთლიანი ორიენტირი მიმართული იყო ეკლესიისა და დღესასწაულის დაკნინების კუთხით, რომლის ფარგლებშიც, აქტიურად წამოიწია სვეტიცხოვლობის წინა დღეს მოგონილი, პატრიარქის გადადგომის მოლოდინის სკანდალის საკითხი. სამწუხაროდ, დროდადრო ამ თემის სხვადასხვა ფორმით რეინკარნაცია ტელევიზიებისთვის ყურადღების მიქცევის ერთ-ერთ საშუალებად იქცა. თითქმის ყოველ წელს ხდება, ვიღაც იტყვის მონაჭორს, რაზეც ერთი მთელი კვირა ფიქრობს.

ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ხდება სასულიერო პირებისთვის ინტერვიუზე მიმართვა მსახურების წინ. სასულიერო პირის უარი კი, ჟურნალისტის გაღიზიანების საფუძველი ხდება. თავის მხრივ, სასულიერო პირისთვის არსებითი მნიშვნელობისაა, ტაძარში წირვაზე აუღელვებლად შევიდეს, საზეიმო მსახურებისთვის შეუფერებელი, დაძალებული, ჩქარი ნაბიჯით შესრულებული პრესკონფერენციის რიტუალის გარეშე. ცალკე აღსანიშნავია, რომ საპატრიარქო პატივს სცემს ნებისმიერ ჟურნალისტს, მედიასაშუალებას და მათ საქმიანობას. შესაბამისად, საპატრიარქომ გამოყო ცალკე სივრცე, სადაც შეეძლოთ ჟურნალისტებს, ყველა მედიასაშუალებას, რომ დაეკავებინათ მათთვის განკუთვნილი ადგილი. მიუხედავად ამისა, სვეტიცხოვლობა დღეს, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს, დაეკავებინათ მათთვის გამოყოფილი სივრცე. ამ სივრცეს გალია უწოდეს, თითქოს სხვა უწყებებში სხვანაირი ბარიერები არსებობს. მეტიც, მათ განაცხადეს,რომ სასულიერო პირებს აქვთ თმენის ვალდებულება, თუნდაც წირვის წინ სასულიერო პირებისგან ინტერვიუს აღების დაჟინებულ მცდელობას ჰქონდეს ადგილი. ყველასთვის ცნობილია, რომ სხვა ნებისმიერ უწყებაში ან დიდ ღონისძიებაზე ჟურნალისტები დგებიან იქ, სადაც გამოყოფილია მათთვის შესაბამისი სივრცე. ამის უფლება აქვს იმ უწყებას, რომელიც ამ სივრცის მესაკუთრე ან მფლობელია. ამავე დროს, ყველა ტაძრის უმთავრესი დანიშნულება, პირველ რიგში, საღმრთო მსახურების აღსრულების უზრუნველყოფაა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს საკუთარ ტერიტორიაზე ქცევის წესი, მით უმეტეს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას.

„ჟურნალისტური საქმიანობა შეიძლება, განხორციელდეს იმ აუცილებლობის მიხედვით, რაც შეუფერხებელ საღმრთო მსახურებასა და მსახურებისთვის აუცილებელი გარემოს შექმნას გულისხმობს. ყოველივე ზემოთქმულიდან და ასევე გამომდინარე იქიდან, რომ მედიასაშუალებათა ზოგიერთი წარმომადგენელი არ იზიარებს საპატრიარქოს მიდგომას, შესაბამისად, არ იცავს წესრიგს, რომელიც ეფუძნება კანონს, საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით და მსგავსად სხვა უწყების და ორგანიზაციებისა, მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევებში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს თავის ტერიტორიაზე ქცევის წესი. მით უმეტეს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. ამდენად, საპატრიარქო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღმრთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია, რომ ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას, გააკონტროლოს დასწრების საკითხი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სირიისა და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი, საქართველოში მათი ინვესტიცია, გაწეული შრომა განუზომლად დიდია, ვიდრე სირიაში – ლევან სანიკიძე

სირიისა და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი, საქართველოში მათი ინვესტიცია, გაწეული შრომა და ჯაფა განუზომლად დიდია, ვიდრე სირიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.ლევან სანიკიძეს კითხვა დაუსვეს, რამდენად სწორია აშშ-ის გადაწყვეტილება სირიისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით.„იმ კატასტროფის შემდეგ, რასაც ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმი ერქვა, ბუნებრივია, შეუძლებელია, დღეს სირიაში ასე სწრაფად იყოს დამყარებული დემოკრატია, მაგრამ, რასაც ვუყურებ, ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმზე უკეთესი მდგომარეობა არის. მათ ძალიან ბევრი და სწორხაზოვანი ნაბიჯი აქვთ გადასადგმელი, რათა დემოკრატიული სახელმწიფო გახდნენ. სანქციები დაწესებული იყო ბაშარ-ალ-ასადის ავტოკრატიული დიქტატორული რეჟიმისთვის, რომელიც პირდაპირ ხვრეტდა განსხვავებული მოსაზრების ადამიანებს. ჩემი აზრით, ეს არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ისინი შანსს მისცემენ, შანს აძლევენ სირიის ახალ ხელისუფლებას, რამენაირად მოხდეს ამ სახელმწიფოს დემოკრატიულ რელსებზე შეყენება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.როგორც სანიკიძემ აღნიშნა, აშშ საქართველოს არ უწესებს სანქციებს, სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“.„საქართველოს არ უწესებენ, უწესებენ საქართველოს ხელისუფლებას. ეს კრიტიკული სხვაობაა. ხელისუფლებას და სახელმწიფოს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. სახელმწიფოსთვის დაწესებული სანქციაა მე და თქვენ რომ არ შეგვიშვან და თქვან, საქართველოს მოქალაქეებს აღარ ვიღებთო, მაგრამ შალვა პაპუაშვილზე თუ იტყვიან, არ ვუშვებთო, ეს პრობლემა არაა ჩემთვის. ქართული სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ არის სხვადასხვა. ისინი სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“, რათა გადარჩეს ქართული სახელმწიფო. ამ ვითარებაში ჩემი და მათი აზრი ემთხვევა ერთმანეთს. სირიის და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი. საქართველოში მათი თუნდაც ინვესტიცია, გაწეული შრომა და ჯაფა არაღიარების პოლიტიკასთან, შეიარაღებული ძალების შენებასთან, ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით არის განუზომლად დიდი, ვიდრე სირიაში. შესაბამისად, სირიასთან მათ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება არ ჰქონიათ გაფორმებული, რაც საქართველოსთან ჰქონდათ. ჩვენ ერთ ნაბიჯში ვიყავით 2012 წელს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან. „მეგობარ აქტში“ რატომ ხედავს „ქართული ოცნება“ მაინც და მაინც ცუდს, იქ უვიზო მიმოსვლაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე არაა საუბარი? რითაც თითოეული ჩვენგანი იხეირებს. ირაკლი ზარქუას თუ დაასანქცირებენ, ამაზე ნამდვილად ვერ ვიჯავრებ, პირიქით, გამიხარდება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – ექსპერტები უფრო ძლიერ ბიძგებსაც არ გამორიცხავენ

თურქეთში, მუგლას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა, როგორიცაა დენიზლი, ანტალია, აიდინი, იზმირი, ისპარტა, ბურდური და მანისა, ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 20.41 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.როგორც ადგილობრივ მედიასთან პროფესორმა სულეიმან პამპალმა განაცხადა, "თუ ამ რეგიონში უფრო ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდება, ეს მოულოდნელი არ იქნება".

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა სანქციების 17-ე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ არის მიმართული

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 17-ე პაკეტი შეათანხმეს.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს, შემზღუდავი ზომების ახალი პაკეტი ძირითადად მიმართულია რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ.„ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვზღუდავთ წვდომას ტექნოლოგიებთან, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება. სიაში დავამატეთ კიდევ 189 ხომალდი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტიდან“, რათა დავარტყათ რუსეთის ენერგეტიკულ ექსპორტს. ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მზარდ ზეწოლას კრემლზე“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.„დოიჩე ველეს“ ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შემდეგ შეზღუდვები, მთლიანობაში, დაწესებული იქნება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შემავალი 340-ზე მეტი ხომალდის მიმართ. ეს ის ხომალდებია, რომლებიც რუსული ნავთობით  უკანონოდ ვაჭრობენ.ამასთან, ახალ პაკეტში შევა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების თავის არიდებაში მხილებული 30 კომპანია და 75 ფიზიკური, თუ იურიდიული პირი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან.ოფიციალურად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 17-ე პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე დაამტკიცებენ.როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკავშირმა ასევე შექმნა სამართლებრივი ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა, სანქციები დაუწესდეს პროპაგანდისტებს. როგორც ნავარაუდებია, ამ სიაში მოხვდება 20 პირი და ორგანიზაცია, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს.ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის სანქციები დაუწესდებათ იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსი ოპოზიციონერების ალქსეი ნავალნისა და ვლადიმირ ყარა მურზას საქმეებთან. ამ სიას 20 ადამიანი დაემატება.ამასთან, ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის ფარგლებში ევროკავშირი დააწესებს შეზღუდვას იმ ქიმიური ნივთიერებების ექსპორტზე, რომელთა გამოყენებაც რაკეტებში ხდება.

თვითმხილველების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები მტკვარში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ეძებენ, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში იმყოფებოდნენ

თვითმხილველების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები მტკვარში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ეძებენ, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში იმყოფებოდნენ.მათივე ინფორმაციით, მანქანაში თავდაპირველად 4 პირი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 1 პირის გამოყვანა შეძლეს.„ვისაც ეძებენ, სამივე 20-დან 25 წლამდე ასაკის არის. ორი გადმოხტა და ერთის გადარჩენა შეძლეს, მეორე წყალმა წაიღო”, - აღნიშნავენ თვითმხილველები.მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ აყვავებული ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიოს გეოგრაფიული ცენტრი

ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ აყვავებული ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიოს გეოგრაფიული ცენტრი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.დონალდ ტრამპის თქმით, სირიის პრეზიდენტთან, აჰმად ალ-შარაასთან გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ, აშშ იკვლევს ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობებს სირიასთან.ტრამპის განცხადებით, მისთვის პატივია სირიისთვის სანქციების მოხსნა და ლიბანსაც აქვს შანსი, ჰქონდეს „უკეთესი მომავალი“ და ისეთი, რომელიც „თავისუფალი იქნება „ჰეზბოლას“ გავლენისგან“.თეთრი სახლის განცხადების თანახმად, შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა ალ-შარაას შესთავაზა დირექტივების სერია, მათ შორის ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით აბრაამის შეთანხმებებზე ხელმოწერა, ყველა უცხოელი ტერორისტის მიერ სირიის დატოვებისკენ მოწოდება, პალესტინელი ტერორისტების დეპორტაცია, შეერთებული შტატების დახმარება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელახალი აღორძინების თავიდან აცილებაში და პასუხისმგებლობის აღება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავების ცენტრებზე ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში.სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონისთვის წარმოუდგენელი შეთავაზებებია ხელმისაწვდომი, შემდეგ კი, ბაიდენის ადმინისტრაცია „არაკომპეტენტურობით ქაოსის შექმნაში“ დაადანაშაულა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სურს ირანთან შეთანხმების დადება, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ირანმა უნდა „შეწყვიტოს ტერორის სპონსორობა“ და „არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“.აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პალესტინელებისთვის „უსაფრთხოებისა და ღირსების“ მომავლს იმედოვნებს, თუმცა ეს შეუძლებელია, როდესაც ღაზის ლიდერები ძალადობას აგრძელებენ. ტრამპის თქმით, აფასებს „კონსტრუქციულ როლს, რომელიც რეგიონის ლიდერებმა შეასრულეს ამ კონფლიქტის დასრულების მცდელობაში“.

ბოლო სიახლეები