უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და თანხა მოიპარა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით კიევმა ბუდაპეშტს უკვე გაუგზავნა ოფიციალური ნოტა და მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
„დღეს ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე მძევლად აიყვანა. მიზეზები, ასევე მათი ამჟამინდელი მდგომარეობა და მათთან დაკავშირების შესაძლებლობა ამ დრომდე უცნობია. ეს შვიდი უკრაინელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „ოსჩადბანკის“ თანამშრომელია, რომლებიც ავსტრიასა და უკრაინას შორის ტრანზიტით მოძრავ ორ საბანკო მანქანას მართავდნენ და სახელმწიფო ბანკებს შორის რეგულარული მომსახურების ფარგლებში ნაღდი ფული გადაჰქონდათ.
სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ უნგრეთის მიერ მძევლების აყვანასა და თანხის მოპარვასთან. თუ ეს არის ბატონი ორბანის მიერ დღეს გამოცხადებული „ძალა“, მაშინ ეს არის კრიმინალური დაჯგუფების ძალა, ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი. ჩვენ უკვე გავგზავნეთ ოფიციალური ნოტა ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. ასევე მივმართავთ ევროკავშირს, მისცეს მკაფიო შეფასება უნგრეთის უკანონო ქმედებების, მძევლების აყვანისა და ძარცვის შესახებ“, – წერს სიბიგა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი „პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებს“ გამოიყენებს, რათა უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი გახსნას.
სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. კიევის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმა გახდა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი ამტკიცებენ, რომ უკრაინამ ნავთობის მიწოდება ხელოვნურად შეაჩერა.

