შაბათი, მარტი 29, 2025

ანა ბუჩუკური – გერმანიასთან გაფუჭებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართულ ოცნებას“

გერმანიასთან გაფუჭებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელსაც თავად, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ძალიან კარგი პარტნიორობა და თანამშრომლობა ჰქონდა გერმანიასთან, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ანა ბუჩუკურმა კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.

ბუჩუკურის თქმით, ისტორიულად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გერმანია არის საქართველოს მნიშვნელოვანი და ახლო პარტნიორი.

„გერმანიის ფედერაცია იყო და არის საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, მრავალი წლის მეგობარი. ეს მეგობრობა არც ამ ხელისუფლების პირობებში დაწყებულა, არც წინა ხელისუფლების პირობებში, ისტორიულად, გერმანია არის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მნიშვნელოვანი და ახლო პარტნიორი ჩვენი ქვეყნის და ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანია გერმანიასთან თანამშრომლობას საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ხელისუფლების პერიოდს, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, გერმანიის ფედერაცია, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, იყო ერთ-ერთი ყველაზე ახლო პოლიტიკური პარტნიორი „ოცნებისთვის“, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის. მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ მათ ეს პარტნიორობა, მაგრამ დღეს უკვე ხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ე.წ. „ოცნების“ ლიდერები, რომლებსაც გერმანიაში აქვთ განათლება მიღებული, როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს ეს, შეიძლება, თეორია ისწავლეს სამართლის, მაგრამ ფაქტია ღირებულებები მათ ვერ უსწავლიათ. საბოლოო ჯამში ის, რაც დღეს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ხდება და ამ გაფუჭებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ოცნებას“. სამწუხარო რეალობაა, მე პირადად ეს არ მსიამოვნებს, მაგრამ ამაზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“, რომელსაც თავად, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ძალიან კარგი პარტნიორობა და თანამშრომლობა ჰქონდა გერმანიასთან“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობები უნდა იყოს პერსონალური და საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა აგონ პასუხი იმ დანაშაულებზე, რომელიც კონკრეტულ ინდივიდებს აქვთ ჩადენილი.

„ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამონაკლისი პარტია, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და ახლაც ეწინააღმდეგება და ასევე, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაცია, ასეთი დიდი სარგებელი, არ გაუქმებულიყო. მომავალში რა იქნება, ნამდვილად ვერ გეტყვით. ისე მიდის და ისე იქცევა ხელისუფლება, თუმცა ჩვენ ვართ ის პარტია, გამონაკლისი, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და ახლაც ეწინააღმდეგება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას სახელმწიფოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა აგონ პასუხი იმ დანაშაულებზე, რომელიც კონკრეტულ ინდივიდებს აქვთ ჩადენილი. პასუხისმგებლობები უნდა იყოს პერსონალური. როდესაც ზოგადად სანქცირებაზე დაიწყო საუბარი ჩვენი გუნდი ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდა სანქციების საკითხს, რადგან ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სანქციები ყოველთვის არის ქვეყნისთვის რისკების მომტანი, მას თავისი რისკები ყოველთვის აქვს, მაგრამ თუნდაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე როდესაც ვსაუბრობთ, როდესაც არის ცუდსა და უარეს შორის არჩევანი, ვირჩევთ იმას, რომელიც არის ნაკლებად დამაზიანებელი. შესაბამისად, იმის ნაცვლად საქართველოს და საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებს გაუუქმდეთ უვიზო მიმოსვლის სარგებელი, ამ პირობებში გვირჩევნია, რომ კონკრეტულ ინდივიდებს დაეკისროთ ეს პასუხისმგებლობა. ჯერ კიდევ როდის ვამბობდით და გახარიაც, რომ პასუხისმგებლობები აუცილებლად იქნებოდა პერსონალური“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გაერო უარყოფს ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინაში დროებითი მმართველობა ჩამოყალიბდეს

გაერო უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში დროებითი მმართველობა ჩამოყალიბდეს.მოსკოვის ინიციატივას გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინას ლეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომელსაც პატივი უნდა სცენ.რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინას არალეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს და კიევში დროებითი გარდამავალი მთავრობა გაერო-ს ეგიდით უნდა ჩამოყალიბდეს.

ზელენსკი: უკრაინა არ მოაწერს ხელს აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, თუ ის საფრთხეს შეუქმნის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ მოაწერს ხელს აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, თუ ის საფრთხეს შეუქმნის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დღეს მიიღო აშშ-ისგან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ვარიანტი.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია „მაღალ დონეზე იურისტების კონკრეტული რეცენზიის“ მიღება.„უკრაინის კონსტიტუციაში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ ჩვენი კურსი ევროკავშირისკენ არის. არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, არის შესაბამისი ნაბიჯები. ის, რაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მიუღებელია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ირანისთვის ცუდი რამ მოხდება, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას აშშ-თან ბირთვულ პროგრამაზე – დონალდ ტრამპი

ირანისთვის ცუდი რამ მოხდება, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას აშშ-თან ბირთვულ პროგრამაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტმა ირანზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც თეირანმა დონალდ ტრამპის წერილს ასევე წერილობითი ფორმით უპასუხა და ომანის შუამავლობით ვაშინგტონს გაუგზავნა.ირანმა ტრამპისგან წერილი არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მიიღო, სადაც ვაშინგტონი თეირანს სამხედრო მოქმედებებით ემუქრება, თუ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ორი თვის ვადაში არ მიიღწევა. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არ არიან დაინტერესებული აშშ-თან პირდაპირი დიალოგით, თუმცა მზადყოფნას აცხადებენ, გამართლონ არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის შუამავლობით.„ირანი ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს ჩემს სიაში, რომელზეც ყურადღებაა საჭირო. მე მათ ახლახან გავუგზავნე წერილი და ვუთხარი: თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ასე თუ ისე, ან უნდა ვილაპარაკოთ და განვიხილოთ ეს თემა, ან ძალიან ცუდი რამ დაემართება ირანს. არ მინდა, ეს მოხდეს. ჩემი დიდი უპირატესობა – და ამას არ ვამბობ სიძლიერის ან სისუსტის გამო – ის არის, რომ ჩვენ ამას მოვაგვარებთ ირანთან, მაგრამ ჩვენ თუ ამას ვერ გავაკეთებთ, ცუდი რამ მოხდება ირანისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შალვა პაპუაშვილი – რამდენიმე კონგრესმენი ქართველი ხალხის მიმართ მტრულ აქტს როცა აინიცირებს, ეს არის დიდი უმადურობა, დაუნახაობა ჩვენი ჯარისკაცების თავგანწირვისა, რომელიც გავიღეთ ავღანეთის ომში

რამდენიმე კონგრესმენი ქართველი ხალხის მიმართ მტრულ აქტს როცა აინიცირებს, ეს არის დიდი უმადურობა, დაუნახაობა ჩვენი ჯარისკაცების თავგანწირვისა, რომელიც გავიღეთ ავღანეთის ომში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.მისივე თქმით, „მეგობარი აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მტრული შინაარსის აქტია.ავღანეთში ჩვენ ვიყავით მეოთხე ქვეყანა სამხედროების რიცხოვნობით, თუ არ ვცდები, გერმანიისა და იტალიის შემდეგ, იმ ქვეყნებს, დღეს რომ ბევრს ლაპარაკობენ ომზე, მათ შორის ბალტიის ქვეყნებს, 40-50 ჯარისკაცი, არც კი ჯარისკაცი, ძირითადად საშტაბო შემადგენლობა ჰყავდათ ავღანეთში, მაშინ, როცა ჩვენ 1 000-1500 გვყავდა. ჩვენი წვლილი ამ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში გავიღეთ მაშინ, როცა ბევრმა ზურგი აქცია აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე ამ მისიას. როცა ასე გვერდით დავუდექით ამერიკელ ხალხს და რამდენიმე კონგრესმენი ზურგს აქცევს ქართველ ხალხს, მის მიმართ მტრულ აქტს აინიცირებს, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი უმადურობა, დაუნახაობა ჩვენი ჯარისკაცების იმ დიდი წვლილის, თავგანწირვისა, რომელიც გავიღეთ ავღანეთის ომში. თავადაც ციტირებენ, რომ ქართველები იყვნენ ზუსტად ის სამხედროები, რომლებთან ერთადაც ამერიკელ ჯარისკაცებს უნდოდათ წინა ხაზზე ყოფნა. თუკი ვინმესთან ერთად უნდოდათ წინა ხაზზე ყოფნა და ბრძოლა, იყვნენ ქართველები. ასეც ვიყავით, წინა ხაზზე ვიყავით მაშინ, როდესაც ნატო-ს ქვეყნების 90 პროცენტი შტაბებში და სხვა ასეთ დაცვის ღონისძიებებში იყვნენ ჩართული, ზოგი საერთოდ არ იყო წარმოდგენილი ავღანეთის მისიაში. ასე რომ, თავისი არსით, ეს არის ქართველი ხალხის მიმართ მტრული შინაარსის აქტი, რომელიც ამავე დროს, კონკრეტული კონგრესმენების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ დიდ უმადურობას აჩვენებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობილი პროფესორი გარდაიცვალა

საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, პუბლიცისტის ბატონი ოთარ გამყრელიძის გარდაცვალების გამო.ბატონმა ოთარმა თავისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰუმანიზაციასა და განვითარებაში, ასევე, იურისტთა მომავალი თაობის აღზრდაში.საქართველოს უზენაესი სასამართლო თანაგრძნობას უცხადებს ბატონი ოთარის ოჯახს, მის ახლობლებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებსა და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას.

ბოლო სიახლეები