დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში ნიმუშის ასაღებად მისული 988 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ შვიდს დაუდასტურდა. გამყრელიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ თბილისში ინფექცია ჯერ აქტიურად არ ცირკულირებს.
გარდა ამისა, გამყრელიძე ამბობს, რომ აჭარის მსგავსად სხვა რეგიონებში კარვების განთავსება არ იგეგმება.
ამასთან, გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აჭარის გარეთ შემთხვევების დიდი ნაწილი აჭარის რეგიონთან პირველად ან მეორეულ კავშირშია.
„არავითარი კარავის დადგმა არ იგეგმება. ჩვენ თბილისში პილოტირება გავაკეთეთ და, კარავი გექნება, თუ მაგიდა, სამი დღის განმავლობაში ყველას შეეძლო მისვლა. მივიდა 988 ადამიანი და აღმოაჩნდა მხოლოდ შვიდს, რომელიც 0.7 პროცენტია. ანუ, თბილისში ჯერჯერობით ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს, ისევე როგორც მოგეხსნებათ გაიტესტა მასწავლებლების დიდი ნაწილი, ვინც აჭარიდან იყო გამოსული. 1800 გაიტესტა და 14 მასწავლებელში აღმოჩნდა, ყველაზე მეტი გურიის რეგიონში. აჭარის გარეთ შემთხვევების დიდი ნაწილი არის პირდაპირ კავშირში აჭარასთან, პირველად ან მეორეულ კავშირში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ქვეყანაში და აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელზეც.
„ინციდენტობის მაჩვენებელი მთლიანად ქვეყანაში 7-დღიანი 100 000 მოსახლეზე არის 7.1, ხოლო 14 დღის შემთხვევაში 6.1. აჭარაში შვიდ დღიანი არის 47.7 , 14-დღიანი 41.3“, – განაცხადა გამყრელიძემ.