,,როცა კავკასიონის გულზვიადი მთების მწვერვალებზე მოლივლივე ღრუბლები მზის უკანასკნელ სხივებთან ჭიდილში იყვნენ, რათა ხეობებისთვის საღამოს აზანის მოახლოება ეუწყებინათ, სოფელ მსხალდიდს მივადექი. ეს დასახლება შეფენილია მთების კალთებზე, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს.
წინ მიხვეულ-მოხვეული გზა იშლებოდა. ჩემი ერთადერთი თანამგზავრი მთის მსუსხავი ქარი იყო, რომელიც ხან ზურგიდან მიბერავდა და გზის გასაგრძელებლად მახალისებდა, ხან კი წინიდან დაჰბერავდა და მომიწოდებდა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი, ღირდა თუ არა გზის გაგრძელება.
სოფელ მსხალდიდში ერთი ეკლესია და ერთი მეჩეთი არსებობს. ტაძრის ზარის ხმა მთების სიჩუმეში გაისმის. ხოლო მეჩეთი ორმოცდაშვიდი წლის წინ „მოლა-ნამაზის“ ძალისხმევით და ადგილობრივთა მეოხებით აშენდა. მოლა მუჰამედალის — ამ მეჩეთის მეორე იმამის — გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით ორი წლის წინ, სოფლის მკვიდრმა ორასმა ოჯახმა საკუთარი სახსრებით, ძალისხმევითა და ერთობლივი შრომით ამ ნაგებობას ახალი სიცოცხლე შთაბერა.
მეჩეთის აღდგენა მათთვის მხოლოდ კედლების შეკეთება არ ყოფილა, არამედ სოციალური კავშირის და საერთო რწმენის ხელახლა გაცოცხლების აქტს წარმოადგენდა. ეს მეჩეთი, რომელსაც „ბაბ ალ-ჰავაჯი“ ეწოდება, დღეს წამომართულია კავკასიის მთათა კალთებზე.
ამაღამ, ნამაზის აღვლენის შემდეგ, სოფლის მცხოვრებნი საუფლო სუფრაზე შეიკრიბებიან. ისინი ცხოვრების სახსარს თბილისში წვითა და გარჯით მოიპოვებენ. საღამოობით კი ამ ნაჯაფს მშობლიურ მიწასა და მამა-პაპათა სოფელს სიყვარულით უბრუნებენ. ისინი ერთად სხდებიან გულუხვ სუფრასთან და იფტარის მიღებას არა მხოლოდ პურითა და წყლით, არამედ სიყვარულითა და თანადგომით იწყებენ.
მე მათ სტუმრად ვეწვიე და თითოეული მათგანის უანგარო სიყვარულით დავტკბი. მათ თვალებში სიწმინდე, ხოლო ხელებში სითბო იგრძნობოდა. ისაუბრეს შორეულ წლებზე; იმ დღეებზე, როცა ქვასა და ხეს ზურგით ეზიდებოდნენ, რათა ღვთის სახლი აეშენებინათ. იმ ზამთრებზე, როცა გზები იკეტებოდა, მაგრამ მეჩეთის სინათლე არ ქრებოდა. საუბარში დღევანდელობამდეც მივიდნენ; აღნიშნეს, რომ დღეს მეჩეთის ხარჯებისა და მართვა-გამგეობის ნაწილის დაფინანსება ხდება საქართველოს რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ და ეს მხარდაჭერა, ხალხის მუდმივ ძალისხმევასთან ერთად, რელიგიური და კულტურული საქმიანობის უწყვეტობას უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, მეჩეთის მთავარ საყრდენს კვლავ იმ ოჯახების ნება და ერთსულოვნება წარმოადგენს, რომლებმაც საკუთარი შრომით ეს სალოცავი შეინარჩუნეს.
მეჩეთის ახალგაზრდა იმამი, მოლა ჰოსეინ შაჰვერდოვი, საუბრობდა მორწმუნეთა დიდ სურვილზე, მოილოცონ ყუმი, მეშჰედი, ნაჯაფი და ქერბალა. ახალგაზრდა იმამი ასევე საუბრობდა იმ ნატვრებზე, რომლებიც ამ უბრალო, მაგრამ მაღალი სულის მქონე ხალხის გულებში ცოცხლობს და მათ რწმენას გეოგრაფიაზე უფრო შორეულ ჰორიზონტს უკავშირებს.
სოფელი პატარა იყო, მაგრამ დიდ ადამიანებს იტევდა. მათი სიდიადე მათ ხასიათში, შემწყნარებლობასა და სტუმართმოყვარეობაში ჩანდა.
ისინი ნამაზის აღვლენით დასხდნენ იფტარზე. დაასრულეს მარხვა და მოემზადნენ, რომ თანამოქალაქეებთან ერთად, სხვა ქართველების გვერდიგვერდ, ხვალ ხელახლა დაიწყონ სამუშაო დღე.
სოფლის სიმშვიდე რელიგიურად მრავალფეროვანი საზოგადოების ჰარმონიაზეც მიუთითებს, სადაც ერთი ცის ქვეშ წამომართულა მეჩეთი და ეკლესია.
კავკასიის საღამოს სიჩუმეში სრულიად ნათელი იყო, რომ ხანგრძლივი თანაცხოვრება ისტორიული გამოცდილებაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცა, დღეს კი მსხალდიდის ახალ თაობაში იჩენს თავს.
აქ რწმენა ფესვგადგმულია ისლამსა და მართლმადიდებლურ ქრისტიანობას შორის, ხოლო ორივე ერთად ქმნის ამ მთიანი სოფლის მშვიდ და ადამიანურ სახეს”-ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს.

