მოსმენაზე სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი რომ იყვნენ, კარგად აჩვენებს, რომ ჯო უილსონი და მისი კოლეგები გარტყმაში არ არიან, ამ ქვეყანაში რა ხდება, ვის უნდა მოუსმინო, თუ მართლა გაინტერესებს, რამე გაიგო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „მეგობარი აქტი“ საქართველოში გამოყენებული იყო, როგორც მნიშვნელოვანი ამბავი, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ დამხობის ინსტრუმენტად, ამის დავიწყება არ გამოდიოდა და მოაწყვეს მოსმენები.
„კონგრესში გამართული მოსმენები, სინამდვილეში, იყო მცდელობა, გადაეფარათ „მეგობარი აქტის“ გაჩერება, რომ ხმამაღალი განცხადებები გაკეთებულიყო. ერთ-ერთი შედეგი რაც დაიდო, არის „მეგობარი აქტის“ ავტორების აღიარება, რომ აღარ მიიღება სენატში დაბლოკვის გამო. წელიწადზე მეტია, რაც გრძელდება, ამბავი დასრულდა და არაფერი განსაკუთრებულიც არ მომხდარა. რომც მიეღოთ ის მეორე ვარიანტი, რომელზეც ახლა არის საუბარი, არც მაშინ შეიცვლებოდა რამე, რადგან განსაკუთრებული არაფერი ეწერა. აქ გამოყენებული იყო, როგორც მნიშვნელოვანი ამბავი, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ დამხობის ინსტრუმენტად, ამის დავიწყება არ გამოდიოდა და მოაწყვეს მოსმენები. იქ სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი რომ იყვნენ, კარგად მიუთითებს იმაზე, რომ გარტყმაში არ არიან ჯო უილსონი და მისი კოლეგები, ამ ქვეყანაში რა ხდება, ვის უნდა მოუსმინო, თუ მართლა გაინტერესებს, რამე გაიგო“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში არის ხალხი, ვისაც მეტად გააზრებულის თქმა შეუძლია, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს.
„ჩვენი მოსმენა შეიძლება, მაგრამ, სინამდვილეში, ოპოზიციურ სპექტრში არის ხალხი, ვისაც უფრო მეტი გააზრებული რამის თქმა შეუძლია, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტიც რომ იყო, მაშინაც არ შეეძლო, რამე კონკრეტული ეთქვა, ღირებული გაეკეთებინა და რამდენადაც არ უნდა ვაკრიტიკებდე ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს, მათ შორის არის ბევრი ისეთი, ვინც სალომე ზურაბიშვილზე მეტად დალაგებულად ილაპარაკებდა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ „მეგობარი აქტს“ არ მიიღებდნენ.
„ჯო უილსონს 200-ზე მეტი ინიციატივა აქვს დაყენებული თავის პოლიტიკურ კარიერაში და მხოლოდ ერთი იქცა კანონად. მით უმეტეს, რომ მარტო სენატიც არ იყო საკმარისი, იქ ტრამპის ადმინისტრაციის თანხმობაც იყო საჭირო და თავისთავად ეს უკვე ამცირებდა ალბათობას, რომ „მეგობარი აქტი“ მიღებული იქნებოდა. რომც მიეღოთ, დიდი არაფერი მოხდებოდა. ამ მოსმენის შემდეგ „მეგობარი აქტის“ გამოყენება შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის ალბათ დასრულდება“, – თქვა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.