ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინას გარკვეული უპირატესობა მისცეს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა. ინფორმაციას „ბლუმბერგი” ავრცელებს.
სტუბის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობამ შესაძლოა, უკრაინას გარკვეული უპირატესობა მისცეს, რადგან ეს ვითარება ხელს უშლის რუსეთისა და ირანის სამხედრო თანამშრომლობას.
სტუბის თქმით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები, ასევე თეირანის საპასუხო შეტევები ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რუსეთსა და ირანს სარაკეტო და თავდაცვითი ინდუსტრიის სფეროში სრულფასოვანი თანამშრომლობა უჭირთ.
„ირანი და რუსეთი ახლა ვერ ახერხებენ თანამშრომლობას სარაკეტო და თავდაცვითი ინდუსტრიის მიმართულებით”, – განაცხადა სტუბმა.
მისივე თქმით, გლობალური ყურადღების ირანისკენ გადატანამ შესაძლოა, უკრაინის საკითხზე დიპლომატიური პროცესისთვის სივრცე შექმნას.
„ამან შეიძლება, მოლაპარაკებების პროცესს გარკვეული შესაძლებლობა მისცეს, რათა მოლაპარაკებების მონაწილეებმა შეძლონ რაიმეს მოფიქრება მაშინ, როცა ისინი მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღარ არიან”, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, სტუბის თქმით, რუსეთს უკვე აქვს ორი ქარხანა, სადაც ირანული ტექნოლოგიების გამოყენებით „შაჰედის“ ტიპის დრონებს აწარმოებენ.
ფინეთის პრეზიდენტის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შესაძლო უარყოფითი შედეგი შეიძლება, იყოს ნავთობის ფასების ზრდა, რაც რუსეთის ეკონომიკასა და სამხედრო შესაძლებლობებს გააძლიერებს.
„ნავთობის ფასების ზრდა, ფაქტობრივად, რუსეთის ომის მანქანას დააფინანსებს, რადგან რუსეთი ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი და ექსპორტიორია”,- განაცხადა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, უფრო ადრე დასრულებულიყო, თუ კიევს საჰაერო თავდაცვის სფეროში ისეთივე ძლიერი მხარდაჭერა ექნებოდა, როგორსაც სპარსეთის ყურის რეგიონი იღებდა ახლო აღმოსავლეთში ომის პირველი შვიდი დღის განმავლობაში.
სტუბმა სამხედრო ხარჯებიც შეადარა და აღნიშნა, რომ ირანთან კონფლიქტის პირველ კვირაში სამხედრო ოპერაციებზე დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით იმ თანხას უტოლდება, რასაც ევროპული ქვეყნები უკრაინის დახმარებაზე ერთ წელიწადში ხარჯავენ.

