ჩვენმა იურისტმა კოლეგამ გვითხრა ასეთი ფორმულა, რომელიც ყველაზე მტკივნეულად მახსოვს იმ დროიდან: თქვენ სახელმწიფოს დაუპირისპირდით და აუცილებლად დაისჯებით. ჩვენ არ დავპირისპირებივართ სახელმწიფოს, ჩვენ ვიცავდით სახელმწიფოს, ვიცავდით უნივერსიტეტს და ამით ვიცავდით სახელმწიფოს, – ამის შესახებ აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის საკითხი განიხილება.
ავთანდილ არაბულის თქმით, ვინც კანონს იცავს, კანონს ესარჩლება, ის იცავს სახელმწიფოს.
როგორც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღინიშნა, იყო პროფესურის გასამართლების მცდელობა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ისეთ ქმედებაში მონაწილეობას, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას.
„მინდა, ხაზი გავუსვა ორ რამეს – როდესაც ჩვენ უწყებები მოგვივიდა, სახლებში მიიტანეს და გული გაუხეთქეს ჩვენს ოჯახებს, ღამით, შუაღამისას, ჩვენ აქციაზე ვიყავით მაშინ. როდესაც საქმე აღიძრა, მაშინ ერთმა ჩვენმა იურისტმა კოლეგამ, სხვათა შორის, არა მოწინააღმდეგემ, არამედ თანამებრძოლმა, გვითხრა ასეთი ფორმულა, რომელიც ყველაზე მტკივნეულად მახსოვს იმ დროიდან: თქვენ სახელმწიფოს დაუპირისპირდით და აუცილებლად დაისჯებით, დაიბანე ხელი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ დავპირისპირებივართ სახელმწიფოს, ჩვენ ვიცავდით სახელმწიფოს, ვიცავდით უნივერსიტეტს და ამით ვიცავდით სახელმწიფოს. ვინც კანონიერებას იცავს, ვინც კანონს იცავს, კანონს ესარჩლება, ის იცავს სახელმწიფოს. ჩვენ ვიცავდით სახელმწიფოს სახელმწიფოს მტრებისგან. ჩვენ ასე ვიყავით მაშინ ჩამოყალიბებული და დღესაც ასე მჯერა, რომ ყველა ნაბიჯზე, ფორსირებულად ისინი არღვევდნენ კანონს, მათ შორის თავისივე მიღებულ კანონს, ჩვენ წავედით კანონის დაცვის გზით, ეს იყო ჩვენი ტაქტიკა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, დასაწყისში დიდი მღელვარება იყო და ვარაზისხევი გადაკეტეს, შემდეგ ჩვენ, სწორედ ჩვენი ინიციატივით, ესეც გამოვრიცხეთ, რათა ჩვენი ხალხისთვის არ შეგვექმნა დისკომფორტი და ეს პროტესტი, რომელიც უნივერსიტეტის დასაცავად იყო, ყოფილიყო უნივერსიტეტის ფარგლებში. როდესაც ჩვენ საბოლოოდ ფიზიკურად გამოგვაძევეს უნივერსიტეტიდან, ვიყავით პირველი კორპუსის ძირითადი შესასვლელის კიბეების თავზე, მიტინგებსაც იქ ვატარებდით და ღამეებსაც იქ ვათევდით; მეორე, რომელიც ორივე მხრიდან ისმოდა, არა მხოლოდ მოწინააღმდეგეების, მომხრეების მხრიდან, თქვენ დამარცხდით და შეეგუეთ ამას, ამას გამუდმებით გვაგონებდნენ. ჩვენ მოგვერივნენ, ჩვენ არ დავმარცხებულვართ. ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში ვიქნებოდით დამარცხებული, თუ ის ე.წ. რეფორმა, რომელიც მათ წამოიწყეს და განახორციელეს, იქნებოდა წარმატებული, გამარჯვებული და დღეს ჩვენ ვაღიარებდით, რომ მივიღეთ სკოლაში, ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში, უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში და მეცნიერების სფეროში აყვავება, მაშინ მე დიდი სიხარულით ვაღიარებდი, რომ დავმარცხდი, მაგრამ, საუბედუროდ, არ დავმარცხებულვართ, დღეს ეს დღეც დასტურია, რომ ჩვენმა მაშინდელმა პროტესტმა, სწორმა პროტესტმა გაიმარჯვა და ისევ ისე აქტუალურია დღესაც. როცა ამ დაპირისპირებას ვუყურებთ, ჩვენი მხარე ვინც იყო, უნივერსიტეტს ვინც წარმოადგენდა, ეს იყო ძალიან დიდი დამსახურების, საოცარი პროფესურა, რომელსაც ჰქონდა უმაღლესი სამეცნიერო ცენზი და რომელთაც ჰქონდათ უდიდესი თანამდებობები. კათედრის და დეკანატის ხელმძღვანელობა ძალიან მაღალი პოზიცია იყო და ყველა იყო დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი. ჩვენ გვიპირისპირდებოდა ძალა, რომელიც ამ თვალსაზრისით იყო, სრულიად უხერხულიც კია, კვალიფიკაცია ვახსენო, ბნელი ძალა იყო, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, რომელსაც მეცნიერებაში რაღაც გაეგებოდა, ძირითადი ორგანიზაცია მათი იყო ისეთი, რომელსაც არაფერი გაეგებოდა არც განათლების, არც მეცნიერების და მხოლოდ მითითებებს ასრულებდა“, – განაცხადა ავთანდილ არაბულმა.