ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

აბას არაღჩი – ირანმა და აშშ-მა ჟენევაში ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე პროგრესს მიაღწიეს, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ არის

ირანმა და შეერთებულმა შტატებმა ჟენევაში ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე პროგრესს მიაღწიეს, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ არის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ირანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

აბას არაღჩის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მიღწეულია ურთიერთგაგება „ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებზე“.

ამასთან, მისივე თქმით, პროგრესი არ ნიშნავს, რომ შეთანხმება მალე მიიღწევა, თუმცა ამისკენ მიმავალი გზა დაწყებულია.

მანამდე ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი უსაფრთხოების ზომების გამო დროებით დაკეტავდა ჰორმუზის სრუტის ნაწილს – ნავთობის მიწოდების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გლობალურ მარშრუტს, ვიდრე „ირანის ისლამური გუშაგთა კორპუსის“ ელიტური ქვედანაყოფები იქ სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ.

ცნობისთვის, თეირანი იმუქრებოდა, რომ თავდასხმის შემთხვევაში სრუტეს კომერციული გადაზიდვებისთვის დახურავდა, რაც გლობალური ნავთობის მიწოდების შემცირებას და ნავთობის ფასების ზრდას გამოიწვევდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ქადაგიშვილი – სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს იფარებს, საშუალება თუ მიეცემათ, ეცდებიან, ქართულ პოლიტიკაში დააბრუნონ

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს იფარებს, მაღალ პოლიტიკურ თუ სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ნიშნავს, ერთგვარი რეზერვია და ცდილობენ, რომ ამა თუ იმ ფორმით შეინახონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, უკრაინას საშუალება თუ მიეცემა, ეცდება, ეს პირები ქართულ პოლიტიკაში დააბრუნოს.„ეს ერთგვარი საერთაშორისო ქსელის ქმედებების ნაწილია –  ინახავენ პოლიტიკოსებს, რომელთა უგუნურმა პოლიტიკამ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებო გამოიწვია, ინახავენ. ერთგვარი რეზერვია და ცდილობენ, რომ ამა თუ იმ ფორმით შეინახონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა.ადეიშვილს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნამდე უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.ზურაბ ადეიშვილი არაერთ საქმეზეა როგორც ბრალდებული, ასევე მსჯავრდებული. მათ შორის ქართულმა სასამართლომ მას ექვსი წელი კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე მიუსაჯა. ამასთან, 2015 წლამდე ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა სიაში იყო.

ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში  გარეული ცხოველის მელიის პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი.„მიმდინარე წლის 6 აპრილს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა.სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა.დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები –  ინფექციის კერის დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა.მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის სამი შემთხვევა.სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა) ცრის.ცოფის პრევენციისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ყოველწლიურად აცრან საკუთარი შინაური ბინადარი ცხოველები (ძაღლი, კატა) ცოფის საწინააღმდეგოდ; ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად ადასტურებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და სრულად აღმოფხვრაში“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება ოთხი წელი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით გაუფორმდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად არის დაკავებული, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება ოთხი წელი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით.ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების დაწყებისთანავე საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობდა.„გავეცანით საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობას და ეს არის ოთხი წელი პირობითი და 10 000 ლარის ჯარიმა, ასევე ერთი წლის ვადით შეეზღუდა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება. ეს პირობები არის ამ ეტაპისთვის. შუამდგომლობის შეტანიდან 15-დღიანი ვადა აქვს სასამართლოს, რომ განიხილოს საპროცესო შეთანხმებაზე შუამდგომლობა. მან აღიარა, თავიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან. გავეცანით საქმის მასალებს და მივიჩნიეთ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა და სტრატეგია, რაც, ამ შემთხვევაში, მისი ინტერესების დასაცავად შეიძლებოდა, ამ გზას გავყოლოდით“, – განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვოლმა.რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, სხდომის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის თქმით, მხოლოდ ვლადიმერ ღუდუშაურთან დაკავშირებით მოთხოვნილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობის მთავარი საფუძველი თავად ღუდუშაურის მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობა და სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებული პოზიციებია. მისივე თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება.„სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ გააჟღერა დასკვნითი სიტყვა, რომლის მიხედვითაც მოითხოვა ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძისა და გიორგი ხაინდრავას დამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში. ასევე წარდგენილ იქნა ვლადიმერ ღუდუშაურთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. ბრალდების მხარემ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებებიდან, ბრალდებულთა დამოკიდებულებიდან და მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე. ყველა ბრალდებულის მიმართ საკითხი ინდივიდუალურად იქნა განხილული. ღუდუშაურთან მიმართებით გათვალისწინებული იქნა მისი მხრიდან, მათ შორის გამოძიების ეტაპზე თანამშრომლობა და სასამართლოში გაკეთებული განცხადებები. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა სხვა ბრალდებულების – ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძისა და გიორგი ხაინდრავას მიმართ. ეს ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. შესაბამისად, ბრალდების მხარე ითხოვს მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებში გამტყუნებას და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას“, – განმარტა პროკურორმა.ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ნიკოლოზ სამხარაძე – ზუსტად ერთი წუთია საჭირო ტექნიკურად ვებგვერდზე ინფორმაციის შესაცვლელად, ამის ახსნა ოცდამეერთე საუკუნეში არავის სჭირდება, ეს საქართველოს უპატივცემულობაა

საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რამდენჯერმეა დაყენებული  და ამის მიუხედავად რეაგირება არ მოჰყვება, ეს შეურაცხყოფა და საქართველოს უპატივცემულობაა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.ნიკოლოზ სამხარაძეს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ არსებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, გერმანიის საგარეო უწყების მონაცემები საქართველოსთან დაკავშირებით არ ახლდება, სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტადაა მოხსენიებული.როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ვებგვერდზე ინფორმაციის შესაცვლელად ერთი წუთია საჭირო.„საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა არაერთი კომუნიკაცია, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ეს ინფორმაცია არ იცვლება. უპირველესად, ეს  მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ადგილი აქვს უპატივცემულობას. ეს ამ საქმის საბოლოო ანალიზია. ზუსტად ერთი წუთი სჭირდება, რომ ვებგვერდზე ტექნიკურად ინფორმაცია შეიცვალოს. ამის ახსნა ოცდამეერთე საუკუნეში არავის სჭირდება. როდესაც ეს საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რამდენჯერმეა დაყენებული  და ამის მიუხედავად რეაგირება არ მოჰყვება, ეს შეურაცხყოფა და საქართველოს უპატივცემულობაა“, – განაცხადა სამხარაძემ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 აპრილამდე საქართველოში ნალექი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი.სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.„9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები