Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა საზოგადოებას ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის ახალი ვიდეო გაუზიარა, სადაც ის ცეკვავს.
როგორც მასკი აცხადებს, ვიდეო რეალურია და ის არ არის არც AI-გენერირებული და არც CGI-ეფექტებით დადგმული, შესაბამისად, საქმე გვაქვს რეალურ პროგრესთან.
ცოტა ხნის წინ, ინვესტორებთან საუბრისას, ილონ მასკმა Tesla Optimus-ის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რობოტი ამჟამად დახვეწის ფინალურ ფაზაში გადადის, რომლის დასრულების შემდეგ ის კომერციალიზაციისთვის მზად იქნება.
გასულ წელს, კომპანიამ საზოგადოებას ახალი თაობის Optimus Gen 2 წარუდგინა, რომელიც წინამორბედთან შედარებით ყველა პარამეტრით გაუმჯობესებულია. ის 30%-ით უფრო სწრაფად გადაადგილება; აღჭურვილია მოძრაობის ახალი სენსორებით და ისევე შეუძლია მანევრირება, როგორც ადამიანს. გარდა ამისა, Optimus Gen 2-ს თავის მოძრაობის ფუნქციონალიც დაემატა, რაც მას უფრო მეტად ადამიანურს და ემოციურს გახდის.
კონკურენტებისგან განსხვავებით, Tesla-ს რობოტი ძალიან მსუბუქია და ის სულ რაღაც 55 კილოგრამს იწონის, მისი სიმაღლე კი 180 სანტიმეტრს აღწევს. გარდა ამისა, ის ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია და ის სულაც არ ჰგავს ასტრონავტის კოსტიუმში გამოწყობილ მანქანას, რასაც წლების განმავლობაში სხვა კომპანიებისგან მივეჩვიეთ.
თავად ჰუმანოიდი რობოტი ეს არის ადამიანის მსგავსი აღნაგობის მქონე მანქანა, რომელსაც ისეთი დავალებების და სამუშაოების შესრულება შეუძლია, რომელიც ადამიანისთვის საშიში ან ზედმეტად რთულია. მაგალითად, ჰუმანოიდ რობოტებს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვთ სამაშველო ოპერაციების ჩატარების და ფიზიკური მუშაობის კუთხით.
გარდა ამისა, მეცნიერები ჰუმანოიდ რობოტებს ადამიანების თანაშემწეებად, დამხმარეებად და კომპანიონებადაც განიხილავენ. თეორიულად, რობოტს 24 საათის განმავლობაში შეუძლია პატრონს მოემსახუროს, რაც განსაკუთრებით მოთხოვნადი სერვისი აზიის რეგიონში შეიძლება იქნეს, სადაც მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია.