მეცნიერები აგრძელებენ დაკვირვებას ფეხბურთის მოედნისხელა ასტეროიდზე, რომელსაც „2024 YR4“ დაარქვეს. სპეციალისტების განცხადებით, მომავალში ასტეროიდი შეიძლება დედამიწას შეეჯახოს.
ასეთი სიდიდის ასტეროიდი დედამიწას მხოლოდ რამდენიმე ათასწლეულში ერთხელ ეჯახება.
ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) იუწყება, რომ ყურადღებით აკვირდება ასტეროიდს, რომელიც წინასწარი გათვლებით შეიძლება დედამიწას შვიდი წლის შემდეგ შეეჯახოს.
პირდაპირი შეჯახების შანსი 83-დან ერთია, რაც სერიოზულად დააზიანებს კონკრეტულ რეგიონს. ამჟამად, ასტეროიდი დედამიწიდან დაახლოებით 4 მილიონი კილომეტრის დაშორებითაა და პლანეტას შორდება, თუმცა 2032 წლის 22 დეკემბერს ის დედამიწის ორბიტას გადაკვეთს.
სპეციალისტების აზრით, დიდი ალბათობით, ასტეროიდი დედამიწას ძალიან ახლოს ჩაუვლის.
საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც კოსმოსური მისიების დაგეგმვითაა დაკავებული, ასტეროიდზე დაკვირვების ბოლო მონაცემებს მომავალ კვირას, ვენაში განიხილავს.
თუ ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების რისკი დამტკიცდება, საკონსულტაციო ჯგუფი ოფიციალურ რეკომენდაციებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წარუდგენს. ამის შემდეგ, შესაძლოა, დაიწყოს სხვადასხვა ვარიანტებზე მუშაობა, რათა მეცნიერებმა პოტენციური საფრთხე კოსმოსური აპარატების დახმარებით თავიდან აიცილონ.
„ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ვინერვიულოთ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“, – განაცხადა მეცნიერმა სიმეონ ბარბერმა და აღნიშნა, რომ არსებული სისტემები ხშირად ასტეროიდების შეჯახების ალბათობას გადაჭარბებულად აფასებენ.