ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

Middle East Institute – შავი ზღვის ქვეყნები მზად არიან პოსტ-პანდემიური კლიმატიდან სარგებლის მისაღებად

 

სამი მნიშვნელოვანი რეგიონის – ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის – გზაჯვარედინზე მდებარე შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატების მიერ აღიარებულია გეო-სტრატეგიული მნიშვნელობის გამო. ბოლო წლებში შავი ზღვის რეგიონი იმ ამერიკული კომპანიების რადარებშია მოხვედრილი, რომლებიც ალტერნატიულ ადგილებს ეძებენ ბიზნესის საწარმოებლად. ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებმა წარმატებას მიაღწიეს ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის შექმნაში და თან მოქნილები არიან იოლად ადაპტირებადი საწარმოო ბაზის გამოისობით. ეს ტენდენცია ისეთმა გლობალურმა მოვლენებმა გაამძაფრა, როგორიცაა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სავაჭრო ომი და სულ ახლახან გამოჩენილი ახალი კორონავირუსი,- გამოცემა ,,Midlle EasT Institute”  სტატიას სახელწოდებით ,, შავი ზღვის ქვეყნები მზად არიან პოსტ-პანდემიური კლიმატიდან სარგებლის მისაღებად“ აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონი მთელ რიგ ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს მსოფლიოს, მათ შორის ძვირფას ბუნებრივ რესურსებთან წვდომას და კონტროლს, სახარბიელო სავაჭრო პირობებსა და სწრაფ სავაჭრო მარშრუტებს.

ავტორის თქმით, რეგიონი წარმოადგენს განვითარებად სარეალიზაციო ბაზარს წინსვლის დიდი პოტენციალით. ის ასევე არის ენერგეტიკის და სატრანსპორტო ნაკადების მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც ევროპულ, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს აკავშირებს გლობალურ ბაზრებს.

,,შავ ზღვას ექვსი ქვეყანა ესაზღვრება და მათ შორის ორი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა (ბულგარეთი და რუმინეთი), სამი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოა (ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი), ორი ევროკავშირის და ალიანსის ასპირანტი ქვეყანაა (საქართველო და უკრაინა) და რუსეთი. რეგიონი მთელ რიგ ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს მსოფლიოს, მათ შორის ძვირფას ბუნებრივ რესურსებთან წვდომას და კონტროლს, სახარბიელო სავაჭრო პირობებსა და სწრაფ სავაჭრო მარშრუტებს. 1990-იანი წლების ბოლოდან რეგიონი დიდი ინტერესით სარგებლობს არა მხოლოდ პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეებისგან, არამედ დასავლეთის ბიზნეს წრეებიდანაც. ამის ერთი მიზეზი კასპიის რეგიონის ნავთობი და ბუნებრივი აირია, რამაც ბევრი კერძო და სახელმწიფო კომპანიის დაინტერესება გამოიწვია. ნავთობის მოპოვებაში ინვესტიციები ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც რეგიონის მნიშვნელობას ამაღლებს დასავლელი აქციონრების თვალში, მათ შორის პოლიტიკის განმსაზღვრელების და კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობი უთუოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ის ნამდვილად არ არის  რეგიონის ეკონომიკური ხიბლის ერთადერთი ფაქტორი. შავი ზღვა და მიმდებარე სანაპირო რეგიონები უშველებელ ეკონომიკურ პოტენციალს ფლობენ. წინა წლების მსგავსად, 2014-2019 წლებშიც უშუალოდ შავ ზღვასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობა ყველა ზღვისპირა ქვეყანაში რამდენიმე ძირითად სექტორს უკავშრდება: საზღვაო გადაზიდვები და პორტები, თევზჭერა, ტურიზმი, ნავთობი და გაზი. ამასობაში, რეგიონის სახარბიელო ბიზნეს კლიმატი და განათლებული, პროფესიული უნარების მქონე და დაბალხარჯიანი მუშახელი იზიდავს უცხოელ მეწარმეებს. შავი ზღვა რამდენიმე მიზეზის გამო იღებს სარგებელს კონკურენტული უპირატესობიდან. ის ახლოს არის ევროპის სარეალიზაციო ბაზრებთან, ხოლო ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთს აკავშირებს დანარჩენ მსოფლიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონი ფასეული გეოგრაფიული ადგილია. გარკვეულ წილად რეგიონი ხიდის ფუნქციას ასრულებს დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთის დინამიურ ქვეყნებს შორის, თან მათ ეხმარება წარმოებისა და ტრანსპორტირების სფეროებში შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავებაში. რეგიონი წარმოადგენს განვითარებად სარეალიზაციო ბაზარს წინსვლის დიდი პოტენციალით. ის ასევე არის ენერგეტიკის და სატრანსპორტო ნაკადების მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც ევროპულ, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს აკავშირებს გლობალურ ბაზრებს. უკრაინაში 18 ღრმაწყლოვანი პორტია და 11 სავაჭრო პორტი მდინარეზე, რომლებიც ზღვას უკავშირდება. ყველაზე მსხვილი საზღვაო პორტებია ოდესაში, ილიჩოვსკში და იუჟნიში, რაც ქვეყნის საზღვაო პორტებში გამავალი ჯამური ტვირთბრუნვის 60 პროცენტს უდრის. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ხაზზეც რამდენიმე საზღვაო პორტია, რომელთა შორის უმსხვილესია ბათუმის პორტი. ბულგარეთში საერთაშორისო გადაზიდვები ძირითადად ნავთობის ტრანსპორტირებას გულისხმობს. რუმინეთის ქ. კონსტანცა ნავთობის მწარმოებელ რეგიონებს აკავშირებს საერთაშორისო სარეალიზაციო ბაზრებთან. თურქეთს შავ ზღვაზე ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი გააჩნია, რითაც ქვეყანა ძლიერ სტრატეგიულ პოზიციას  იძენს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში. ეს ასევე იძლევა ოფშორული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალს. ადგილობრივი და საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვები მოკლე მანძილზეც კარგადაა განვითარებული თურქეთში, რადგან მას უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია”,- ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, შავი ზღვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, რადგან ის არის დასავლეთის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი, პოლიტიკური და ლოგისტიკური ჰაბი შავი ზღვის აუზის მიღმა კრიზისის კონტექსტში ძალაუფლების პროექცირებისთვის. მისი თქმით,  შეერთებული შტატების ინტერესები შავი ზღვის რეგიონში აქცენტირებულია დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკური რეფორმების განვითარებაზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, ენერგეტიკული დივერსიფიკაციის შექმნაზე, უფრო სუფთა, უფრო მდგრადი გარემოს უზრუნველყოფაზე შავი ზღვის ბუნებრივი სილამაზისა და რესურსების შესანარჩუნებლად.

გამოცემა წერს, რომ საშუალოდან გრძელვადიან პერიოდში შავი ზღვის რეგიონს აქვს შანსი გახდეს ნამდვილად გლობალური ჰაბი ახალ აბრეშუმის გზაზე და ენერგეტიკის ბაზარზე, განსაკუთრებით ამჟამინდელი ცვალებადი გარემოსა და გადანაცვლების პირობებში.

,,შავი ზღვა ისტორიულად ფუნქციონირებდა გზაჯვარედინად, რომელსაც სამომხმარებლო პროდუქციის დიდი მრავალსახეობა კვეთდა ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქები განვითარდა რეგიონალური კონფლიქტების და პოლიტიკური ცვლილებების, ასევე რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდში. სხვადასხვა გეო-პოლიტიკური მოვლენა საფრთხეს უქმნიდა რეგიონის სტაბილურობას და კეთილდღეობას. თუმცა, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები კვლავ ჩნდება და რეგიონს რამდენიმე უპირატესობა გამოარჩევს დანარჩენი მსოფლიოსგან. შავი ზღვის ქვეყნები რესურსებსა და საშუალებებს ფლობენ ენერგო უსაფრთხოების, რეგიონალური თანამშრომლობის, ეკონომიკური კრიზისებისა და მდგრადი განვითარების გზაზე მდგარი გამოწვევების სამართავად. რეგიონს მხოლოდ ჯეროვანი პოლიტიკური გარემო და მხარდაჭერა აკლია. ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების და მიწოდების ჯაჭვში შესაბამისი, უპრეცედენტო რღვევების შემდეგ უცხოურმა ბიზნესმა დაიწყო მათ ხელთ არსებული ალტერნატივების გადაფასება. ბოლო დრომდე გლობალური კომპანიების უმეტესობას შეეძლო მიწოდების ჯაჭვი ისე აეგო, რომ საქონლის ნაკადებს თავისუფლად ემოძრავათ. ყოველივე ეს მათ აძლევდა ნედლეულის მოპოვების, საქონლის წარმოების და დისტრიბუციის საშუალებას მსოფლიოს ყველაზე დაბალხარჯიან ადგილებში. ეს დაშვება ამჟამად უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პანდემიამ გვაჩვენა, რომ მთელი წარმოების ერთ ადგილას აწყობას თავისი სუსტი მხარეები გააჩნია. მან ასევე ცხადყო არსებული სისტემის ნაკლოვანებები ბევრი დასავლური კომპანიის რეაგირება ადრეულ ეტაპზე გულისხმობდა წარმოებისთვის ახალი ადგილების მოძიებას. როგორც ჟურნალში The financial times  აღინიშნა: „სტივ მადენის მოდის სახლს ხელჩანთების წარმოება კამბოჯაში გადააქვს; ვიეტნამი ჩაანაწვლებს  კომპანიის Techtronic Industries მტვერსასრუტების წარმოებას და Google სერვერების მწარმოებელი Flex ახალ ცენტრებს ეძებს მექსიკიდან მალაიზიამდე რეგიონში“. გლობალური არასტაბილურობის პერიოდში რთულ გეო-პოლიტიკურ გარემოში ნავიგაცია რთული იქნება ბიზნესმენთათვის. თუმცა, შავი ზღვის რეგიონი მზადაა სარგებელი მიიღოს ამ ტრანსფორმაციული მოვლენებიდან და მას მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულების პოტენციალი გააჩნია ბიზნესისთვის ალტერნატიული შესაძლებლობების შეთავაზებით. ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან გაძლიერდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას საბაზრო ეკონომიკის სტატუსი მიანიჭა და შეწყვიტა ჯექსონ-ვანიკის საკანონმდებლო ცვლილების გამოყენება, მაშინ როდესაც ვაჭრობისა და ინვესტიციების აშშ-უკრაინის საბჭო, რომელიც ხსენებული ქვეყნების ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში დაფუძნდა, მუშაობს კომერციული და საინვესტიციო შესაძლებლობების გაღრმავებაზე. საერთაშორისო განვითარების დაფინანსების აშშ კორპორაცია (წარსულში OPIC) საქართველოში კაპიტალდაბანდების დიდ პორტფელს ფლობდა, რაც თანხობრივად თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო აქტივებს საზღვაო გადაზიდვების, საბანკო, წარმოების, სასტუმროების და ენერგეტიკის სფეროებში ფლობდა. შეერთებული შტატები ასევე მუშაობს საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ვაჭრობის გაძლიერებაზე, მათ შორის საქართველოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაზე, შრომითი ურთიერთობებისგან წარმოქმნილი დავების გადაჭრაზე. საერთო ჯამში აშშ-თურქეთის სავაჭრო ბრუნვა 2009 წელს არსებული $10.8 მილიარდიდან გაიზარდა $20.7 მილიარდამდე 2019 წელს, თუმცა თავის პოტენციალთან შედარებით მაინც მოკრძალებული მაჩვენებელია. პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 2019 წელს შეთანხმდნენ ყოველწლიურად ემუშავათ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის $100  მილიარდამდე გასაზრდელად. ორმხრივი კაპიტალდაბანდების შესახებ შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და რუმინეთს შორის 1994 წელს შევიდა ძალაში. რუმინეთი იმ ამერიკელ ინვესტორებს იზიდავს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპულ ბაზარზე წვდომის მოპოვებით, რომელსაც შედარებით დაბალი ხარჯი და განათლებული, ტექნოლოგიების მცოდნე მოსახლეობა ჰყავს ბევრს სხვა სარგებელთან ერთად. ამასობაში, ამერიკული კომპანიები ბიზნესს აწარმოებენ ბულგარეთის უმსხვილეს ინდუსტრიულ სექტორებში. შეერთებულ შტატებსა და ბულგარეთს შეთანხმება აქვთ გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის დაუშვებლობის და ორმხრივი კაპიტალდაბანდების შესახებ. საშუალოდან გრძელვადიან პერიოდში შავი ზღვის რეგიონს აქვს შანსი გახდეს ნამდვილად გლობალური ჰაბი ახალ აბრეშუმის გზაზე და ენერგეტიკის ბაზარზე, განსაკუთრებით ამჟამინდელი ცვალებადი გარემოსა და გადანაცვლების პირობებში.  შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობით და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მიწოდების ჯაჭვის გადანაცვლების მხარდაჭერის იდეისადმი ერთგულებით, ასევე ჩინეთის „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივისა და შავ ზღვაზე რუსეთის ამბიციების საპირწონედ ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში შემდგომი ინვესტიციების შეთავაზებით შეერთებული შტატები დამატებით სტიმულს მისცემს რეგიონში პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს. ეს განსაკუთრებით შეეხება შავი ზღვის რეგიონის იმ ქვეყნებს, რომლებიც ისწრაფვიან ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციისკენ“,- წერს გამოცემა Middle East Institute

 

https://www.mei.edu/publications/black-sea-economies-poised-take-advantage-post-pandemic-climate

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუსეთის პატრიარქი კირილე: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო

ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ დობილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო, - აღნიშნულია რუსეთის პატრიარქ კირილეს განცხადებაში.ის აღნიშნავს, რომ ილია II-მ ღრმა პატივისცემა მოიპოვა საქართველოს საზოგადოებაში და ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა იყო„ყოვლისშემძლე უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას აჩუქა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე მის კეთილდღეობაზე დაუღალავად ზრუნვას მიუძღვნა. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილიას პატრიარქობის თითქმის 50 წელი ქართული ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის ცხოვრებაში ეპოქად იქცა. თავისი გულმოდგინე მსახურებითა და განსჯის განსაკუთრებული ნიჭით, მან განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიპოვა არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ ქართულ საზოგადოებაში. როგორც მრავალი ბავშვის ნათლია, ის ასევე გახდა მთელი ღვთისმოსავი ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა, რომელიც მასში ღვთის სიბრძნეს ხედავდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – ფასდაუდებელია ილია მეორის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.როგორც ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, ილია მეორის გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში.მისივე თქმით, ფასდაუდებელია ილია მეორის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში.„სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას.მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება.უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას.საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ფონდი „ქართული გალობა“ და გალობის უნივერსიტეტი: დღეს, რომ სიმღერა-გალობის სფეროს ცხოვრების გზად ირჩევენ ახალგაზრდები, ეს უპირველესად უწმინდესის ღვაწლისა და იმ სიყვარულის დამსახურებაა, რომელიც თავის...

გალობის უნივერსიტეტი და ფონდი „ქართული გალობა“ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.„უღრმეს მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ღვთივგანისვენა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ. საქართველომ დაკარგა სულიერი წინამძღვარი, რომელმაც პატრიარქობის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლით გააცოცხლა და ააღორძინა ქართული სულიერი კულტურა.გალობის უნივერსიტეტი მისი შორსმჭვრეტელი იდეიდან აღმოცენდა. ყველაფერი 2006 წელს დაიწყო, როცა უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი დაფუძნდა. სასწავლებლის შენობის კურთხევისას, უწმინდესმა ბრძანა: „ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდ საქმეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ლოტბარები, ვისაც ჩვენ აღვზრდით, მთელ საქართველოში შექმნიან გუნდებს, რომელთა მეშვეობითაც მთელი საქართველო ადიდებს უფალს“. დღეს გალობის უნივერსიტეტის აღზრდილი რეგენტებისა და ლოტბარების გალობა მთელ საქართველოს მოეფინება.ქართული ტრადიციული მუსიკის სფეროს მეტი ხელშეწყობისთვის 2012 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ დავაფუძნეთ.დღეს, რომ სიმღერა-გალობის სფეროს ცხოვრების გზად ირჩევენ ახალგაზრდები, ეს უპირველესად უწმინდესის ღვაწლისა და იმ სიყვარულის დამსახურებაა, რომელიც თავის სამწყსოს გულში დატოვა სამარადჟამოდ.მისი ნათელი ხსნოვნა ჩვენთვის სულიერ საყრდენად დარჩება, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მამა შალვა კეკელია – უზარმაზარი ეპოქა დასრულდა, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება – ყველას გთხოვთ, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ – ეს...

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება - ყველას გთხოვთ, ვისაც კი მისთვის აუგი გითქვამთ, ცუდი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ. ეს თქვენ გჭირდებათ, უწმინდესს არ სჭირდება არც შენდობა, არც პატიება და არც არაფერი, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ საპატრიარქოსთან განაცხადა.მამა შალვა კეკელიას თქმით, „როგორც კელაპტარი, ისე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში უწმინდესი“.„ერთი ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა. უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება. ჩვენ ქრისტიანები ვართ და უმთავრესი რამის გვჯერა - მარადიული ცხოვრების, იქ მარადიული სამყოფლის. მისი უწმინდესი ცხოვრობდა ჩვენთვის. უწმინდესს ძალიან უნდოდა ღმერთთან წარმდგარიყო. იმისთვის შრომობს, იღვწის სულიერად, რომ მარადიული სასუფეველი დაიმკვიდროს. როგორც კელაპტარს რომ დაანთებ ხოლმე ლოცვის წინ და დაგიდნება, ისე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში უწმინდესი. ყველასთვის ჩამოდნა. ამდენი წელი მასთან ერთად გავატარე და არასოდეს მახსოვს, რომ უწმინდესს ვინმე გაელანძღოს, ვინმეზე აუგი ეთქვას. მისი მაგინებლები და მისი მლანძღველები.. როცა ტელევიზიიდან ამ ყველაფერს ისმენდა ხოლმე, სულ მეუბნებოდა - „მამაო, მათი სახელები ჩაიწერე“.ერთ-ერთი შემთხვევა იყო, ადამიანი ლანძღავდა უწმინდესს ტელევიზიით. ორი იჯდა და უწმინდესს ტელევიზიით ლანძღავდნენ. ტრაპეზზე ვიჯექი და გადავრთე პულტით , რომ უწმინდესს არ ესმინა. „გადმორთე, უნდა ვუყუროო“ და ნახევარი საათი უყურა უწმინდესმა, როგორ ლანძღავდნენ მას. საშინელებებს იძახდნენ უწმინდესზე. რომ დამთავრდა ტრაპეზი, მერე მითხრა, „სახელები ჩაიწერეო“. ჩემნაირი ადამიანი სხვანაირად ვერ იფიქრებდა, ალბათ და მეთქი, ხვალ ამათ მიადგება, გალანძღავს, გათათხავს, როგორ გამიბედეთო. ამას ჩემს გონებაში ვფიქრობდი. მკლავში მომკიდა ხელი უწმინდესმა და მეუბნება - „ეგ მაგიტომ კი არ გითხარი, ისინი ჩემი შვილები არიან, მე მათზე პასუხისმგებელი ვარ და ხვალ მათზე განსაკუთრებულად უნდა ვილოცო, რომ მათი სულები არ დაიღუპოსო. მე ღმერთმა მათი სულები ჩამაბარა, მათი პატრიარქი ვარო“ - არ ვიცი, ასეთი ადამიანი იყო.პატრიარქი ყოველ დილით 6:00 საათზე გამოდიოდა და ლოცულობდა.ძალიან მძიმედ იყო უწმინდესი წინა დღეს. იმ ღამეს მორიგეობა მიწევდა. ექიმებმა მთხოვეს, რომ უწმინდესი 6:00 საათზე რომ გამოვიდოდა, კელიაში შემებრუნებინა. იმ დღეს ბევრი შეხვედრა ჰქონდა, ამიტომ, რომ დაესვენა და 10:00 საათზე გამოსულიყო კელიიდან. დილით რომ გამოვიდა, მეც მივედი და ვეუბნებოდი - „თქვენო უწმინდესობავ, დღეს ბევრი შეხვედრა გაქვთ და თუ შეიძლება, რომ დაისვენოთთქო“. - რას მეუბნებიო. თმაში იცოდა ხელის მოკიდება. – „მე ლოცვა-კურთხევა რომ გავეცი 7:00 საათზე ლოცვებზე, ვუთხარი, ვინც დილით 6:00 საათზე ლოცულობს, მეც თქვენთან ერთად ვლოცულობო. ორი კაცი ხომ მაინც ასრულებს ამ ლოცვა-კურთხევას და მაგ ადამიანებს როგორ მოვატყუებ. მათ გამო უნდა დავდგე და ვილოცოო“.არ ვიცი, ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორ ეპოქალურ ადამიანთან გვქონდა შეხება. ყველას გთხოვდით, ვისაც კი მისთვის აუგი გითქვამთ, ცუდი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ. ეს თქვენ გჭირდებათ, ეს უწმინდესს არ სჭირდება არც შენდობა, არც პატიება და არც არაფერი. თქვენვე გჭირდებათ, თქვენთვის არის ეს საზიანო. როდესაც გადაცემებში იყო ხოლმე „საპატრიარქო, პატრიარქი...“ პატრიარქი იყო საპატრიარქო. ის განაგებდა ამას, მისი კურთხევით იყო ყველაფერი. მის ხელში გავიზარდეთ ჩვენ ყველა. სულ ერთ რამეს გვასწავლიდა, სიყვარულს, სითბოს, საკუთარ თავზე გამარჯვებას.ყველა პატრიარქის ნაკურთხი ვართ. მე 17 წლის ასაკში მოვედი უწმინდესთან და 30 წელი მიხდება, რაც პატრიარქთან გავატარე. ეს 30 წელი, მადლობა ღმერთს, რომ მის ეპოქაში მომიწია ცხოვრება და მისი პატრიარქობის დროს მომიწია ცხოვრება. ღმერთმა იმხელა საშუალება მომცა, რომ მასთან მომიწია ცხოვრება“, - აღნიშნავს მამა შალვა კეკელია.მამა შალვა კეკელიას თქმით, პატრიარქის „გული ჩვენი სამშობლოს სიყვარულით ძგერდა“.„ეს ჯვარიც მისი ნაჩუქარია. დილით არც ვიცოდი ეს ამბები და ეს ჯვარი დავიკიდე. როცა რეანიმაციაში ვიყავით, მის გულზე იყო ეს ჯვარი. მისი გულის ცემა ესმოდა. ქრისტეს ჩვენი გულის ცემა ესმის. მისი გული ძგერდა ჩვენი სამშობლოს სიყვარულით. ვერ დავიჯერებ, ადამიანს სამშობლო, საქართველო უყვარდეს და პატრიარქის მიმართ განწყობილი იყოს ცუდად. ვინც პატრიარქის მიმართ ცუდად არის განწყობილი, მას ის ქვეყანა არ უყვარს, მას სამშობლო არ უყვარს. ვერ დავიჯერებ, რომ პატრიარქის აუგის მთქმელს, ეს სამშობლო უყვარს. პატრიარქს ძალიან უყარდა ეს სამშობლო და თუ სამშობლო გიყვარს, ყველა ის ადამიანი უნდა გიყვარდეს, ვისაც სამშობლო უყვარს. პატრიარქმა თავის ცხოვრება ამას მიუძღვნა. მართლა კელაპტარივით დადნა ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.მამა შალვა კეკელიამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უცხოეთიდან „ძალიან ბევრი“ სასულიერო პირი ჩამოვა.„კი, კი ძალიან ბევრი ჩამოვა. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, უამრავი ეკლესიის წევრს შევხვედრილვარ და ყველა ამბობდა ერთ რამეს, რომ პატრიარქი არის საყოველთაო პატრიარქი. ყველა აღიარებდა, რომ ეს არის ყველაზე დიდი პატრიარქი. პანდემიის დროს, როცა ყველამ ქედი მოუხარა ამ დაავადებას, პატრიარქმა ეკლესიები არ ჩაუკეტა. როცა ეუბნებოდნენ, რომ „თქვენო უწმინდესობავ, არ შეიძლება, ტაძრები უნდა დავკეტოთო,“ ამაზე უთხრა: „ჩემი მთელი ცხოვრება ხალხს იმას ვეუბნები, რომ ტაძარში მოდით და ჩემი ბაგიდან როგორ ამოვა სიტყვა, რომ ტაძარში არ მოხვიდეთო, ამას ვერასდროს ვიტყვი. პატრიარქი გავხდი იმიტომ, რომ ხალხი ეკლესიაში შემომეყვანაო“. ეს მთელმა მსოფლიომ იცის. მთელს მსოფლიოში მას უდიდესი აღიარება, უდიდესი პატივისცემა აქვს, არა მხოლოდ მართლმადიდებლებში, არამედ ნებისმიერ რელიგიაში. ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა. როცა პატრიარქს ხვდებოდა, ყველას საოცარი სიყვარული უჩნდებოდა მის მიმართ“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, მრევლსა და თითოეულ მოქალაქეს სამძიმარს უცხადებს საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გარდაცვალების გამო.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, რაც უმძიმესი დანაკლისია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, სრულიად საქართველოსა და თითოეული ჩვენგანისთვის.მისი უწმინდესობა იყო ერის სულიერი მამა, რომელმაც „სუდარაგადაფარებული საქართველოს ეკლესია“ დაუბრუნა სიცოცხლეს, საქართველოს გაუთენა „მზიანი ღამე“ და ქართველი ერი ჭეშმარიტების ძიების გზაზე დააყენა. პატრიარქის ავტორიტეტი სცდებოდა საეკლესიო სივრცეს და მოიცავდა საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრებას. იგი წარმოადგენდა იმ იშვიათ მოღვაწეს, რომელმაც შეძლო სულიერი ღირებულებებისა და განათლების იდეის ორგანული შერწყმა, რითაც განსაზღვრა მრავალი თაობის მსოფლმხედველობა და სამოქალაქო თვითშეგნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი უდიდესი წვლილი ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეში. უწმინდესის მოღვაწეობა ყოველთვის ემსახურებოდა მომავალი თაობის სულიერი ღირებულებების, ზნეობისა და განათლების მნიშვნელობის გაღრმავებას. მისი ხედვა ემყარებოდა რწმენას, რომ განათლებული და სულიერად გაძლიერებული თაობა ქვეყნის პროგრესის, მეცნიერების განვითარებისა და ეროვნული იდენტობის განმტკიცების საფუძველია.პატრიარქის ინიციატივით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სტუდენტებში სულიერი ცნობიერების ამაღლებასა და ჰუმანისტური ღირებულებების განმტკიცებაში. ახალგაზრდებისთვის ცენტრი დღემდე წარმოადგენს სივრცეს, სადაც ერთმანეთს ერწყმის ცოდნა, სულიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ მისი უწმინდესობის ინიციატივით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, მიენიჭა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. ეს აღიარება არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ მთლიანად ქართული სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცისადმი პატივისცემის გამოხატულება იყო.დღეს ჩვენთვის ანდერძად ჟღერს 2026 წლის საშობაო ეპისტოლეში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავთან დაკავშირებული სიტყვები: „ამ ღირებულებათა დაცვა არის არა მხოლოდ წარსულისადმი ერთგულება, არამედ მომავალშიც ჩვენი სწორი ორიენტირის უმთავრესი პირობაც - „ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება,“ სადაც პატრიარქმა გამოხატა თავისი ცხოვრების სიღრმისეული ფილოსოფია - თავმდაბლობა, პასუხისმგებლობა და ადამიანთა მიმართ უსაზღვრო სიყვარული. ეს მოწოდება არსებითად ასახავს პატრიარქის უმთავრეს გზავნილს: ცოდნა, სულიერი ზრდა და ნამდვილი ადამიანობა მჭიდრო კავშირშია თანაგრძნობასა და მომთმენობასთან. პატრიარქის ცხოვრება, ქადაგებანი და პიროვნული მაგალითი არის უწყვეტი გზამკვლევი მომავალი თაობებისთვის.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლსა და სრულიად საქართველოს.„თქვენო უწმინდესობავ, გემშვიდობებით!თქვენგან ბოძებული სიკეთენი დაუშრეტელ ნათელს ჰფენს ქართველი ერის სულსა და გულს“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები