ამერიკული გამოცემა Forbes-ის განახლებულ მილიარდერების სიაში 3,000-ზე მეტი მილიარდერიდან დაახლოებით 400 ქალია. მაგრამ მხოლოდ 11 ქალი ფლობს პროფესიონალურ სპორტულ ფრენჩაიზზე სრულ კონტროლს.
11 ქალი მილიარდერიდან, რომლებიც სპორტულ გუნდებს ფლობენ, შვიდმა ქონება მემკვიდრეობით ან მეუღლის გზით მიიღო, ხოლო ოთხი თვითშექმნილი მილიარდერია.
NFL ყველაზე წარმომადგენლობითი ლიგაა ქალ მფლობელთა შორის ოთხი გუნდით. NBA და NWSL სამით, შემდეგ მოდის MLS და ევროპის ქალთა ფეხბურთი ორით. რაც შეეხება პრემიერლიგას, MLB-ის, NHL-სა და WNBA-ის ისინი თითო ქალი მფლობელით არიან წარმოდგენილები.
თუმცა, ეს მცირე წრე იზრდება, რადგან ქალთა სპორტში მზარდმა ინტერესმა გამოიწვია პოპულარობის, სპონსორული მხარდაჭერის და საბოლოოდ გუნდის ღირებულების ბუმი, რაც ახალ თაობას იზიდავს. ჯანდაცვის ტექნოლოგიების მილიარდერმა მიშელ კანგმა (მე-11 ადგილი, 1.2 მლრდ) განაცხადა, რომ 2020 წელს, როდესაც პირველად შეუერთდა ქალთა საფეხბურთო ლიგის (NWSL) “Washington Spirits”-ის აქციონერთა ჯგუფს, ფეხბურთზე არაფერი იცოდა, მაგრამ ახლა სამი გამოჩენილი ქალთა გუნდის მფლობელია. კერძო კაპიტალის მაგნატმა ლორენ ლაიხტმანმა (მე-10 ადგილი, 1.3 მლრდ) მას მიჰბაძა და 2023 წელს შეიძინა “San Diego Waves”-ი. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ყოფილი “Utah Jazz”-ის მფლობელი გეილ მილერი (მე-8 ადგილი, 4.6 მლრდ) სპორტულ ბიზნესში აპრილში დაბრუნდა “Utah Royals”-ისა და “Real Salt Lake”-ის $600 მილიონად შეძენით.
გასული წლის განმავლობაში საჯარო ბაზრებზე ქაოსმა მირიამ ადელსონის ქონება 3%-ით შეამცირა. თუმცა, “Las-Vegas Sands”-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, შელდონ ადელსონის 79 წლის ქვრივი, ყოველთვის შეიძლება დაეყრდნოს თავის სპორტულ გუნდს.
“Dallas Mavericks”-ი NBA-ს ფრენჩაიზი, რომელიც მირიამ ადელსონმა 2023 წელს $3.5 მილიარდად შეიძინა ახლა Forbes-ის შეფასებით $4.7 მილიარდი ღირს. მიუხედავად იმისა, რომ მის კომპანია “Sands”-ს მძიმე წელი აქვს, ადელსონს არ ემუქრება მდიდარ ქალ მფლობელთა შორის პირველი ადგილის დაკარგვა: მისი ქონება $29.4 მილიარდს შეადგენს და ის 11 ქალი მფლობელის სიას ლიდერობს, რომელთა ჯამური ქონება $85 მილიარდს აჭარბებს.
ადელსონის ქონება უფრო მეტია, ვიდრე რეიტინგის მომდევნო სამი ქალის ერთად აღებული: “Brooklyn Nets” და “New York Libety”-ის თანამფლობელი კლარა ვუ ცაი, რომელიც თავის მეუღლესთან, “Alibaba”-ს თანადამფუძნებელ ჯო ცაისთან ერთად $11.4 მილიარდის ქონებას ფლობს; “Cleavland Browns”-ის და “Columbus Crew”-ს თანამფლობელი დი ჰასლამი, რომლის ქონება მეუღლესთან, “Pilot Flying J”-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ ჯიმი ჰასლამთან ერთად $8.5 მილიარდს შეადგენს; და “New Orleans Saints”-ისა და “Pelicans”-ის მფლობელი გეილ ბენსონი, რომლის ქონება $7.1 მილიარდია.