ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025

Emerging Europe: მედიის ინტერესის მიუხედავად, მინისტრმა ზალკალიანმა უარი თქვა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან გაზიარებული დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე

გასულ კვირას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მათი ქვეყნების არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. ბაქოსა და თბილისს მყარი ურთიერთობა აქვთ, რომელიც ემყარება რეგიონული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ენერგეტიკისა და ვაჭრობის მიმართულებით ორმხრივი ინტერესების გააზრებას. თუმცა, არსებობს სადავო საკითხებიც, – გამოცემა Emerging Europe სტატიას სახელწოდებით „მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოსაგვარებლად“ აქვეყნებს.

ავტორის თქმით, მინისტრ ბაირამოვის ვიზიტმა გასულ კვირას წინ წამოწია საქართველოს მტკიცე რწმენა, რომ 1996 წლიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხებზე მომუშავე ერთობლივმა კომისიამ მიიღო წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მინისტრმა ზალკალიანმა კოლეგას წარუდგინა კარტოგრაფიული მასალა და ექსპერტის დასკვნები, რაც საქართველოს მიაჩნია, რომ საზღვართან დაკავშირებულ უთანხმოებას ნათელს მოჰფენს.

აქვე, ნათქვამია, რომ მინისტრ ბაირამოვის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენისთვის, რაც დროებით შეაფერხა პანდემიამ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ემყარება საერთო ინტერესებსა და ათწლეულების განმავლობაში პარტნიორობას

„ურთიერთობა შედარებით სტაბილური იყო მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა 90-იანი წლების დასაწყისში. საქართველო გახდა მთავარი სატრანზიტო გზა აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის რესურსების დასავლეთისთვის მიწოდებისათვის, ხოლო აზერბაიჯანი აწვდის საქართველოს ნახშირწყალბადებს და ეხმარება თბილისს ნავთობისა და გაზის იმპორტის დივერსიფიკაციაში. კონსტრუქციული პარტნიორობის ფონზე, სამხრეთ კავკასიის ორმა ქვეყანამ წარსულში დატოვა უთანხმოებები. ამ ბოლო დროს კი ამ საკითხებმა კვლავ იჩინა თავი

გასაგებია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უთანხმოება არ არის გამოკვეთილი ამ რეგიონის უფრო აქტუალური პრობლემების ფონზე, როგორიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. მიუხედავად ამისა, თუ ეს პრობლემები დროულად არ მოგვარდა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საკითხებმა შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს ვითარება სამხრეთ კავკასიაში და ნაყოფიერი ნიადაგი შექმნას რეგიონში არასტაბილურობით დაინტერესებული ქვეყნებისთვის. საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის დაძაბულობის სამი ძირითადი წყარო დროულად უნდა იქნას განხილული დიპლომატიური არხების მეშვეობით. ჯერ ერთი, ივლისში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მზარდი უთანხმოების ფონზე, საქართველო უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს სერბეთიდან სომხეთში იარაღის ტრანზიტის ხელშეწყობაში. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მთავრობას ოფიციალურად არასოდეს დაუდანაშაულებია საქართველო, მედიის რეპორტაჟმა ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაძაბა. მინისტრ ბაირამოვის საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარყო ეს ბრალდებები და მადლობა გადაუხადა საქართველოს იმის გამო, რომ არ დაუშვა იარაღის გადაცემა მისი ტერიტორიის გავლით. მეორეა აზერბაიჯანული კომპანიის ,,NEQSOL Holding”- ის მიმდინარე და გადაუჭრელი საკითხი სატელეკომუნიკაციო ფირმა „კავკასუს ონლაინში“ – მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ყველაზე დიდი პროვაიდერი – 49%-იანი წილის შესიყდვასთან დაკავშირებით. ივლისში, წინასწარი შეტყობინების არარსებობის გამო, კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ დაბლოკა ტრანზაქცია. ამან გამოიწვია საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილების შეტანა. ,,NEQSOL”- მა, აზერბაიჯანის სატელეკომუნიკაციო სექტორის მნიშვნელოვანმა მოთამაშემ, უკრაინული ,,Vodafone” 2019 წელს შეიძინა და სურვილი ჰქონდა გაეფართოვებინა ბიზნესი საქართველოშიც. კავკასუს ონლაინში მცირე წილის შეძენა აზერბაიჯანულ კომპანიას საშუალებას მისცემდა წვდომა ჰქონოდა ქართული კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან ფიზიკურ აქტივზე – კავკასიის საკაბელო სისტემაზე. ეს არის ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც ევროპიდან გადასცემს ინტერნეტ ტრაფიკს სამხრეთ კავკასიასა და კასპიის აუზს შავი ზღვის აუზის გავლით. ბოლოს – ყველაზე აქტუალური მინისტრ ბაირამოვის ვიზიტისას – მიმდინარე არეულობა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში / კეშიკჩიდაგის მონასტერში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პირობით საზღვარზე მდებარეობს. 24 წლის განმავლობაში საქართველომ და აზერბაიჯანმა ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა იმის შესახებ, თუ სად მდებარეობს საზღვარი მონასტრის გარშემო. ამან გამოიწვია არეულობის მომენტები, რომელთაგან უკანასკნელი დაფიქსირდა თებერვალში, როდესაც აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა შეზღუდეს შესვლა ამ ტერიტორიაზე. მინისტრ ბაირამოვის ვიზიტმა გასულ კვირას წინ წამოწია საქართველოს მტკიცე რწმენა, რომ 1996 წლიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხებზე მომუშავე ერთობლივმა კომისიამ მიიღო წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. სინამდვილეში, ამან განაპირობა ქართული მიწის მნიშვნელოვანი ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემა, იმ ტერიტორიის ჩათვლით, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს”,- წერს გამოცემა.

ავტორის თქმით, საქართველოსთვის, ძირითადად ქრისტიანული საზოგადოებისათვის, მონასტერი ეროვნული იდენტურობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა, ხოლო უპირატესად მუსულმანური აზერბაიჯანისთვის ამ საკითხს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. აზერბაიჯანი მონასტერს ალბანეთის ძველი მემკვიდრეობის ნაწილად მიიჩნევს და საკითხს მხოლოდ საზღვრის სადემარკაციო პრიზმიდან აფასებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ადრე შეთანხმდნენ საზღვრის დემარკაციის ორ მესამედზე, დარჩენილი 35 პროცენტი, მონასტრის ჩათვლით, სადავო რჩება.

„2019 წლის აპრილში მონასტრის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ, პრეზიდენტმა ალიევმა ამ საკითხზე სამუშაოდ სპეციალური დესპანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხალაფ ხალაფოვი დანიშნა. შედეგად, საზღვრის დემარკაციაზე მომუშავე ერთობლივმა კომისიამ მომდევნო თვეში განაახლა მოლაპარაკებები. გასულ კვირას, ვიზიტის დროს, მინისტრმა ზალკალიანმა კოლეგას წარუდგინა კარტოგრაფიული მასალა და ექსპერტის დასკვნები, რაც საქართველოს მიაჩნია, რომ საზღვართან დაკავშირებულ უთანხმოებას ნათელს მოფენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ შერეულმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, შეიტანონ თუ არა 2006-7 წლების სასაზღვრო ხელშეკრულებაში ცვლილებები ”ახალი მასალების საფუძველზე და ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტები უზრუნველყოფს კონსენსუსის გზით საზღვრის საკითხის მოგვარებას. მედიის ინტერესის მიუხედავად, მან უარი თქვა თავის კოლეგასთან გაზიარებული დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე. ამან დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეებსა და მედიაში ბუნდოვანების განცდა შექმნა. ზოგი ითხოვდა დამატებით განმარტებას და ფიქრობდა, რომ შეთანხმებით სპეკულირება შეიძლება საზიანო ყოფილიყო საქართველოს ინტერესებისთვის. მრავალმხრივ, Covid-19- მა დიპლომატია ჩიხში შეიყვანა. როდესაც ლიდერები ერგებიან ძალზედ იშვიათ პანდემიას, მათი ყურადღება გამახვილებულია მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე და არა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე. შეხვედრები და ოფიციალური ვიზიტები შეჩერებულია ვირუსის გადავლამდე, რაც ნიშნავს, რომ დაძაბულობა და ხანგრძლივი დავები მოუგვარებელი რჩება”,- წერს გამოცემა.

სტატიის დასასრულს ნათქვამია, რომ მინისტრ ბაირამოვის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენისთვის, რაც დროებით შეაფერხა პანდემიამ.

„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ემყარება საერთო ინტერესებსა და ათწლეულების განმავლობაში პარტნიორობას. მჭიდრო თანამშრომლობა თბილისსა და ბაქოს შორის არა მხოლოდ ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. თუმცა, არსებობს დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი საკითხები, რომელთა მოგვარება საჭიროა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად”,- აცხადებს ავტორი.

An important first step in resetting Azerbaijan-Georgia relations

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თაკო ჩარკვიანი – მეც კი, ვისაც ძალიან ცუდი განწყობა მაქვს გახარიას მიმართ, თავს ვაძლევ უფლებას, ვთქვა, რომ დიახ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურია

მონაწილე ვიყავი მაშინდელი დარბევის და კითხვები მქონდა ბატონ გახარიასთან, ოღონდ მაშინ მქონდა კითხვები, – განაცხადა პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.„დღეს რომ გახარიას პარტიის წევრები არიან, ისინი მაშინ კითხვებს არ სვამდნენ, თვალები რომ დათხარეს პატრიოტებს. დღეს კითხვები მაქვს უკვე ხელისუფლებასთან. იმიტომ, რომ პარადოქსია ასეთი ცინიზმი, რაც დღეს მოხდა. დღეს აღარ მაქვს ეს კითხვები, მართლა არ მაქვს ახლა გახარიასთან კითხვები, ახლა მაქვს ხელისუფლებასთან. იმიტომ, რომ ის დააწინაურეს. იმ საქციელის გამო, რაც მან ჩაიდინა, ხელისუფლებამ ის პირველ პირად დანიშნა, პრემიერ-მინისტრად, მას შემდეგ, რაც ეს დანაშაული მოხდა. იყო დათვის ტყვიების გამოყენება და ასე შემდეგ. ამიტომ, ასეთი რაღაცები მიმაჩნია უბრალოდ დაცინვად და სახელმწიფოებრიობის აბუჩად აგდებად ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა ჩარკვიანმა.გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა ხელისუფლების არგუმენტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას ხელახლა დაავალა გამოძიების ჩატარება 2024 წლის მაისის გადაწყვეტილებით და ამ გამოძიების, საგამოძიებო ექსპერიმენტების შემდეგ ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რაზეც თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად არასდროს არ უწევს ანგარიშს არცერთ დასავლურ ინსტიტუციას და ოპოზიციას, შეიძლება, დასჭირებოდა და მართლებიც იყვნენ, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა დასჭირებოდა ეს არგუმენტი, რაც ახლა მოჰყავთ.„დასავლეთის ინსტიტუციებს ისინი ანგარიშს არ უწევენ. მაინტერესებს, კითხვები მაქვს, იმ საქციელის გამო რატომ დააწინაურეს მაშინ გახარია? პირველ პირად აქციეს ის ადამიანი და ეს ისეთი ნონსენსია, ისეთი პარადოქსია, რომ, შეურაცხყოფის გარდა, არაფერს არ იწვევს. ამიტომ ვამბობ, რომ უკვე მეც კი, ვისაც ძალიან ცუდი განწყობა მაქვს, ზოგადად, გახარიას მიმართ, თავს ვაძლევ უფლებას, ვთქვა, რომ დიახ, ეს პოლიტიკურია უკვე დღეს. იმიტომ, რომ მანამდე ხელისუფლებას ეს აქვს გაკეთებული“, – განაცხადა ჩარკვიანმა.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ის უშუალოდ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაწილში შს მაშინდელი მინისტრის პასუხისმგებლობას, გვერდით რომ გადავდოთ ექვსი წლის შემდეგ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, გამოძიების ხელახლა დაწყება და ასე შემდეგ, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის ხედავდა მის პასუხისმგებლობას.„მე ყოველთვის ვხედავდი, მაშინ როდესაც სხვები ვერ ხედავდნენ. მე, ზოგადად, ამ პარტიისგან არაფერი არ მიკვირს, მაგრამ დღეს „ლელოს“ არაერთი წარმომადგენლის გამოსვლა მოვისმინე და გამიკვირდა. ისინი პარტნიორები არიან, ერთად გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ლეგიტიმაცია შეუქმნეს იმ ხელისუფლებას, რომლის მიმართაც უკვე ყველას პრეტენზიები გვაქვს და დღეს, როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გახარიას წინააღმდეგ, უცებ გამოაცხადეს, რომ მათაც აქვთ თურმე კითხვები. მე არ მომისმენია „ლელოსგან“ გახარიას მიმართ კითხვები. მე სულ მქონდა ეს კითხვები, სულ მქონდა, რადგან ეს იყო საზიზღრობა, რაც მაშინ მოხდა, მაგრამ დღეს ვწყვეტ ამ შეკითხვებს და დღეს კითხვებს მხოლოდ ხელისუფლებას ვუსვამ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.თაკო ჩარკვიანმა ასევე განაცხადა, რომ გახარიას პარტიის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მის წევრებს კი კითხვები არ აქვთ და ხელისუფლებას ლეგიტიმაცია შეუქმნეს.„ეს, იცით, რა არის? რასაც მე ვამბობდი მუდამ და მივმართავდი, რომ ეს მოძრაობები და თამაშ-თამაშით რაღაც გარიგებები, რომ ჩვენ შემოვალთ და ხელისუფლება ხელს არ გვახლებს, არ არის ნამდვილი ბრძოლა. გულწრფელი ბრძოლა, იცით, როდის არის? როდესაც ხელისუფალს ეუბნები, მე შენთან პრეტენზია მაქვს, აი, ამაზე, მე შენთან პრეტენზია მაქვს კორუფციაზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

გიორგი ბარამიძე – რეჟიმის და პუტინის მიზანია, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დააშინოს, გაანადგუროს, ამას მოღალატეთა ბანდა ვერ მიაღწევს – გავაგრძელებთ ბრძოლას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას „პუტინის დავალებას“ უწოდებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები გააგრძელებენ ბრძოლას. “დღეს, რამდენიმე საათის წინ, მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანოს. ეს ყველაფერი ხდება პუტინის დავალებით, რადგან პუტინის მიზანია ბრძოლა დამოუკიდებელ, თანამედროვე სახელმწიფოსთან, რომლის მშენებლობის სიმბოლო არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ამ რეჟიმის და პუტინის მიზანია, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დააშინოს და გაანადგუროს. ამას მოღალატეთა ბანდა ვერ მიაღწევს. მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები, ვინც რუსთავის ციხესთან მოვედით, გავაგრძელებთ ბრძოლას. დარწმუნებულები ვართ, რომ რადგან ჩვენი ბრძოლა მართალია, რადგან ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს გათავისუფლებისთვის , ფეხზე დაყენებისთვის და გამთლიანებისთვის, ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ და ამ კრიმინალების ბანდას საკადრის პასუხს გასცემს ქართველი ხალხი. ძალა ერთობაშია! თავისუფლება პუტინის პირად ტყვეს და მძევალს მიხეილ სააკაშვილს!”,- განაცხადა ბარამიძემ რუსთავის ციხესთან.

არუნ ხათრი 500 ლარით დააჯარიმეს

ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 500 ლარით დააჯარიმა.ამის შესახებ სეს-ის დოკუმენტში ვკითხულობთ:„სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ადგილზე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს: ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, გამოვლინდა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევის ფაქტი, რის გამოც ბიზნესოპერატორი სურსათს/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 66-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საქმიანობა რეგისტრაციამდე“

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის 36-ე წლისთავი აღინიშნება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან (გერმანია) წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის მონაწილეობით, გაიმართება საჯარო ლექციები, ერთობლივი სამეცნიერო სემინარები, სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები და კულტურული პროგრამები, რაც მიზნად ისახავს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ინიციატივების განვითარებას ინჟინერიის, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში. გარდა ამისა, გერმანელი სტუმრები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინდუსტრიული კომპანიების საქმიანობას.ღონისძიების გახსნაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, ასევე, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისგან შემდგარი დელეგაცია - პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ხელმძღვანელობით.მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გერმანულ-ქართულ აკადემიურ თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესისთვის.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანიის ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის 36 წელი შესრულდა - „ეს არის პერიოდი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ, სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებში“, - აღნიშნა რუსუდან ქუთათელაძემ.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პარტნიორობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია საერთაშორისო თანამშრომლობას აკადემიური სივრცის გამდიდრება და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. 36 წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად განვავითარეთ არაერთი წარმატებული პროექტი, აღვზარდეთ პროფესიონალ სპეციალიტთა და მკვლევართა თაობები, რომლებიც დღეს თავიანთ ქვეყნებში ამკვიდრებენ საერთაშორისო განათლების სტანდარტებს. ჩვენი პარტნიორობის მომავალი ეტაპი მიზნად ისახავს უკვე არსებული კოლაბორაციის მეტად გაღრმავებას - გამდიდრებას ახალი კვლევითი მიმართულებებით, ინოვაციური იდეებით და რა თქმა უნდა, საერთო მიზნებით, რომლებიც მიმართულია ცოდნის, პროგრესისა და საზოგადოების განვითარებისკენ“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი ორი საჯარო ლექციით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი თინა იაშვილი წარსდგა საჯარო ლექციით თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური ტრანფორმაცია“, ხოლო პროფესორი ანზორ აბრალავა - თემით: „ქართულ-გერმანული ურთიერთობების მოკლე ისტორიული რაკურსი“.სტუ-ის ინფორმაციით, ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი მიმდინარე წლის 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამასთან ერთად, ზააარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 13 ნოემბერს სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით დაგეგმილ XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „ხელისუფლება და საზოგადოება - 2025“.

მიხეილ ყაველაშვილი – სატელეფონო საუბარი გავმართე თურქეთის პრეზიდენტთან, ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა.მიხეილ ყაველაშვილმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.„სატელეფონო საუბარი გავმართე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ჩემს თურქ კოლეგას საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე. საუბარი შეეხო მიმდინარე ძებნა-შველის ღონისძიებას. ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას“, – აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.„საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით თურქეთმა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებ გამოგზავნა.ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნაპოვნია საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი.  

ბოლო სიახლეები