საქართველოში ყოველ წელს შვიდი-რვა მილიონი ტურისტი ჩამოდის, მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, თქვენი ქვეყანა ულამაზესია და ეს მხოლოდ და მხოლოდ საწყისი ეტაპებია, – ამის შესახებ Emaar ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალაბარმა გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი და საქართველოს ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს.
„მომსახურებისა და უძრავი ქონების სექტორები, მხოლოდ და მხოლოდ ქართული ტურიზმის განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, ყოველწლიურად 8-9 პროცენტით იზრდება. ასეთივე წინსვლაა უძრავი ქონების სფეროშიც. ყველა ნიშანია, რომ ჯანსაღი ზრდაა. საქართველოში ყოველ წელს შვიდი-რვა მილიონი ტურისტი ჩამოდის. მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, თქვენი ქვეყანა ულამაზესია და ეს მხოლოდ და მხოლოდ საწყისი ეტაპებია. ძალიან ბევრი შეიძლება, გაკეთდეს და მიმაჩნია, რომ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს. ყველას ვეტყოდი, რომ სწორედ ახლა არის საქართველოში ინვესტიციის დრო“, – განაცხადა ალაბარმა.
მისივე თქმით, მხარდაჭერა, რომელსაც კომპანია საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.