ორშაბათი, მარტი 23, 2026

CSDC იწყებს ახალ პროექტს მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) ,,ქალებისთვის გლობალური ფონდის’’ (Global Fund for women) მხარდაჭერით იწყებს პროექტს მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად. აღნიშნულის შესახებ ცნობა ცენტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

პროექტის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნინო თოდუას დავუკავშირდით. თუ ვის შეუძლია ჩაერთოს პროექტში, რა აქტივობებია დაგეგმილი ორგანიზაციის მიერ და რა  შედეგებს მოიტანს პროექტი – ამ და სხვა საკითხებზე ინტერვიუს ფორმატში ვისაუბრეთ:

  • ნინო, უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ. რამდენი ხანია რაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი ფუნქციონირებს და რა მიზნებს ემსახურება ის?

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი ორგანიზაციის მისიაა მოწყვლადი ქალებისა და ბავშვების პრობლემების ადვოკატირება, მათი ინტეგრირება საზოგადოებაში სამოქალაქო უფლებების დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არაფორმალური საგანმანათლებო პროგრამების უზრუნველყოფით, რათა მათ შეძლონ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრება.

გვიამბეთ თქვენი ახალი პროექტის შესახებ, რომელსაც ქალებისთვის გლობალური ფონდის მხარდაჭერით ახორციელებთ, საიდან გაჩნდა იდეა და რა არის პროექტის მიზანი?

პროექტი  „COVID-19 პანდემიის დროს მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა დაცვის ხელშეწყობა“ – ახლა იწყება და 6 თვეს გასტანს. პროექტი თბილისის ფარგლებში განხორციელდება.

ამ პროექტის იდეა გაჩნდა დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ვირუსის გავრცელების შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მეტად სწორედ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ. მათ შორის არიან მიუსაფარი ქალები და მათი ოჯახები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით ესაჭიროებათ დახმარება. ჩვენ ძალიან გვინდოდა ამ ქალების ერთ ნაწილს მაინც დავხმარებოდით. ,,გლობალურმა ფონდმა ქალებისთვის’’ პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო, რაც ერთი მხრივ საშუალებას გვაძლევს, რომ შერჩეულ ქალებს მცირე დახმარება გავუწიოთ, მეორე მხრივ კი – წამოვიწყოთ აქტიური ფანდრაიზინგის კამპანია და მიღებული რესურსებიც მათ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

პროექტის საბოლოო მიზანია ბენეფიციართა სოციალური ინკლუზია და მხარდაჭერა COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად.

როგორია პროექტის გეგმა და რა კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებთ?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროექტი 6 თვეს გასტანს და რამდენი ეტაპად განხორციელდება: საწყის ეტაპზე სამოქალაქო განვითარების ცენტრი 100 ქალს შეარჩევს, ჩატარდება მათი საჭიროებების კვლევა, შემუშავდება რეკომენდაციები, ასევე მოხდება თითოეული მონაწილის უზრუნველყოფა პირველადი ჰიგიენური ნივთებითა და არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებით.

პროექტის შემდგომ ეტაპზე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი დაიწყებს აქტიური ფანდრაიზინგისა და ადვოკატირების კამპანიას. მომზადდება ბენეფიციართა ფოტო და ვიდეო ისტორიები, ბენეფიციართა თანხმობით, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. კამპანიაში ჩართვა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ცხადია, ფანდრაიზინგის შედეგად მიღებული თანხა სრულად მოხმარდება მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა საჭიროებებს.

პროექტის განხორციელებაში CSDC-ის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად 20 მოხალისეც ჩაერთვება, რომლებიც სპეციალურად გადამზადდებიან და მიიღებენ შესაბამის თეორიულ ცოდნას ბენეფიციართა აღნიშნულ ჯგუფთან სამუშაოდ. თუმცა, პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის, აუცილებელი იქნება საზოგადოებისა და სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა, რათა ერთად შევძლოთ პანდემიით დაზარალებული და მარტოხელა ქალების წინაშე არსებული პრობლემების, თუნდაც მცირე ნაწილის აღმოფხვრა.

ვინ და როგორ შეიძლება გახდეს პროექტის მონაწილე? სად შეიძლება დაინტერესებულმა პირებმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია?

პროექტის მონაწილე ქალები სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე შეირჩევიან  მკვლევართა ჯგუფის მიერ. ისინი იქნებიან ძირითადად სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და მარტოხელა ქალები, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ დახმარება.  პროექტში მონაწილეობის მსურველმა ქალებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1YEkSyrknqEdEejYW8ps-GgqX1GotBH1wUe-jQ-vczI8/edit?fbclid=IwAR0SZ4Hl4qlnP2CkKMg9o-3YMLlYBjn6GVIH7XUtLfP0DA3y–iL9nd0Qn8

ჩვენი პროექტის რესურსები საშუალებას გვაძლევს, რომ საერთო ჯამში 100 ასეთი ქალი და მათი ოჯახი ჩავრთოთ კამპანიაში. რაც შეეხება ინფორმაციულ უზრუნველყოფას, თითოეული აქტივობის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის გვერდზე სოციალურ ქსელში და ოფიციალურ ვებგვერდზე: csdc.ge.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

,,მიყვარხარ, პატრიარქო” – ბიჭი ცნობილი ვიდეოდან, პატრიარქის დალოცვის შემდეგ სტიქაროსანი გახდა

„დილა მშვიდობისა საქართველო" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერს ბიჭთან, რომელიც საზოგადოებამ ცნობილი ვიდეოდან „მიყვარხარ პატრიარქო" გაიცნო.როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, პატრიარქის დალოცვის შემდეგ ის  სტიქაროსანი გახდა.ნახეთ სიუჟეტი სრულად:    

ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა პარაფარიკაობაში ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პარაფარიკაობის „მსოფლიოს თასი 2026’’ გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა – ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ასპარეზობა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ფინალური შეხვედრა პოლონელ კინგა დროჟთან ანგარიშით 10:15 დაასრულა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.ირმა ხეცურიანმა, ასევე ხმლით ფარიკაობაში, ნახევარფინალური შეხვედრა იტალიელ ანდრეა მოგოსთან ანგარიშით 13:15 დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საპატრიარქო – მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.საპატრიარქოს ცნობით, მორწმუნე მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება შეეძლება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე.„ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება. ამის გათვალისწინებით, სასულიერო პირების მიერ პანაშვიდი 11:00-დან 16:00-მდე და 18:00-დან 22:00 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

ვიქტორ ორბანმა იუსტიციის მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს პიტერ სიიარტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ინფორმაცია

მთავრობის წევრის ფარული მოსმენები უნგრეთზე სერიოზული თავდასხმაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის იუსტიციის მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ინფორმაცია.უნგრული გამოცემების თანახმად, საგარეო სადაზვერვო სააგენტოებმა პიტერ სიიარტოს სატელეფონო საუბრებზე წვდომა ოპოზიციური ჟურნალისტის, საბოლჩ პანის დახმარებით მოიპოვეს, რომელიც Direkt36-სა და VSquare-ში მუშაობს.ანიტა ორბანი, რომელიც შესაძლოა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდეს, თუ ოპოზიციური პარტია „ტისა“ გაიმარჯვებს, ასევე „თანამზრახველად“ დასახელდა.გავრცელებული ცნობით, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ „მნიშვნელოვანი სადაზვერვო ოპერაცია“ ტარდება.

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი – ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია

ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია, – ამის შესახებ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, თამასოსის ეპარქიის მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა.მიტროპოლიტმა ისაიამ ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.„ჩვენ გუშინ ჩამოვედით წმინდა ქალაქ თბილისში კვიპროსის კუნძულიდან, როგორც კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის წარმომადგენლები. მე ვარ მიტროპოლიტი ისაია თამასოსელი და პაფოსელი. პირადად ვიცნობდი აწ განსვენებულ უწმინდესს, პატრიარქ ილია მეორეს. ის ჩემთვის მეორე სულიერი მამასავით იყო. ჩვენ საქართველოს ვიცნობთ 90-იანი წლებიდან, როდესაც აქ სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიაში ვმსახურობდით უწმინდეს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა და ფიქრობდა თავის ხალხზე. 90-იან წლებში პატრიარქი ჩავიდა კვიპროსში და სწორედ მაშინ დაიწყო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებსა და ეკლესიებს შორის. დღემდე ამ ურთიერთობების ერთგვარი შუამავალი ვიყავი. ჩვენთვის უწმინდესი პატრიარქი ილია ახლა აღიქმება, როგორც მფარველი ანგელოზი. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი წმინდა, სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის, როგორც წმინდა ადამიანი, ყველასთვის მფარველი ანგელოზია. ჩვენ ერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს — ჩვენ ერთი მფარველი ანგელოზი შევიძინეთ. ვფიქრობ, დღეს ჩვენს მიწაზე დიდი პრობლემებია: ომები, სხვადასხვა განხეთქილებები, სირთულეები როგორც მართლმადიდებლურ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში და საჭიროა მისი ლოცვა. მგონია, რომ მან ყველაზე რთული დრო აირჩია ზეცაში გადასასვლელად, რათა უფრო ახლოს იყოს ღვთისმშობელთან, იესო ქრისტესთან და თავისი ლოცვით დაგვეხმაროს. კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის და ჩვენი სინოდის სახელით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს. გარწმუნებთ, რომ ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. მისი სიყვარულისა და ლოცვის წყალობით, ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობა მარადიული დარჩება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ.

ბოლო სიახლეები