აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, რათა დაადგინოს, ხომ არ დაარღვიეს მათ საიმიგრაციო წესები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თუკი დარღვევები გამოვლინდება, ამ პირებს ვიზები გაუუქმდებათ, ხოლო მათი მფლობელები დეპორტირებულნი იქნებიან.
უწყების განცხადებით, ვიზის ყველა მფლობელი გადის „მუდმივ შემოწმებას“ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.
ამ პროცესის ფარგლებში ხდება სამართალდამცავი ორგანოების მონაცემების, საიმიგრაციო ჩანაწერების და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის ანალიზი, რომელიც ვიზის გაცემის შემდეგ გახდა ცნობილი.
ვიზის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს დოკუმენტის ვადაგასულობა, დანაშაულებრივი საქმიანობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობა ან მათი მხარდაჭერა.