ხუთშაბათი, მარტი 26, 2026

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი იტოვებს უფლებას, აშშ-ის მხარდაჭერით განაახლოს ომი ღაზაში, თუ ზავის მეორე ეტაპი უშედეგო აღმოჩნდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი იტოვებს უფლებას, აშშ-ის მხარდაჭერით განაახლოს ომი ღაზაში, თუ ზავის მეორე ეტაპი უშედეგო აღმოჩნდება.

ნეთანიაჰუს თქმით, როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ისე არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელს საბრძოლო მოქმედებების განახლებაში, შეთანხმების მეორე ფაზის შედეგებიდან გამომდინარე.

„შეთანხმება არის ისრაელის თანამშრომლობის შედეგი ბაიდენის ადმინისტრაციასთან და ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან. მისი არჩევისთანავე, პრეზიდენტმა ტრამპი მძევლების გათავისუფლების ვალდებულებას აიღებს. მან დამირეკა, მიესალმა შეთანხმებას და ხაზი გაუსვა, რომ გარიგების პირველი ეტაპი არის დროებითი ზავი. სწორედ ასე თქვა მან: დროებითი ზავი. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა, ისე პრეზიდენტმა ბაიდენმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელის უფლებას, დაბრუნდეს საბრძოლო მოქმედებებზე, თუ ისრაელი მივა დასკვნამდე, რომ მეორე ეტაპის მოლაპარაკებები უშედეგოა. მე ამას ძალიან ვაფასებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება ბრძოლის განახლება, ისრაელი ამას გააკეთებს ახალი მეთოდებითა და ძალით.

ცნობისთვის, ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება. შეთანხმების შესრულება 19 იანვარს, ადგილობრივი დროით 08:30 საათზე დაიწყება. შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე „ჰამასის“ მიერ ღაზაში დაკავებულ 33 ისრაელელ მძევალს გაცვლიან ასობით პალესტინელ პატიმარზე. ეს ფაზა ექვს კვირას გაგრძელდება. ისრაელის ძალები ასევე დატოვებენ ღაზის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს მიეცემათ საშუალება, დაიწყონ სახლებში დაბრუნება და ყოველდღიურად ღაზაში ასობით სატვირთო მანქანა შევა ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად; მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები, რაც უნდა მოიცავდეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ჯარების ღაზიდან სრულ გაყვანას და „მდგრადი მშვიდობის აღდგენას“. ეს ფაზა დაიწყება მე-16 დღეს; მესამე და საბოლოო ეტაპი მოიცავს ღაზას რეკონსტრუქციას, რაც შეიძლება, წლები გაგრძელდეს და დარჩენილი მძევლების ცხედრების დაბრუნებას. ისრაელი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს სამი მძევალი გათავისუფლდება, შემდეგი ექვსი კვირის განმავლობაში კი რეგულარული ინტერვალებით გათავისუფლდება მძევლების მცირე ჯგუფები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი – ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება

ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე.„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლისის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები გაგვეცნო. ის ასევე იმყოფებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე, სადაც ადგილზეც გაეცნო მიმდინარე პროგრესს და იმ გეგმებს, რაც სახელმწიფოს ამ პროექტის განვითარებასთან მიმართებაში აქვს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს შუა დერეფნის მარშრუტში, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ დარგს, მათ შორის როგორიცაა – ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვა.ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა დიდი სურვილი და დადებითი მოლოდინები ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის თაობაზე, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე.„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს ზემოაღნიშნულ სექტორებში, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ პროექტებში, როგორიცაა – საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის, ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ასევე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტები. რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

თინა ბოკუჩავა – პიტერ ანდრეოლის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება შეძლოს, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება მიტაცებულია

პიტერ ანდრეოლის ვიზიტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ის ინტერესი რეგიონისადმი ასეა გაძლიერებული. სამწუხაროდ, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება რეჟიმს აქვს მიტაცებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ბოკუჩავას თქმით, პიტერ ანდრეოლის ჩასვლა ფოთის პორტში და შემდგომ ანაკლიაში ღიად მიანიშნებს, რომ ვიზიტი ურთიერთობების გადატვირთვისთვის არ დაგეგმილა.„შეთანხმება აზერბაიჯან-სომხეთს შორის და სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი პროექტის განხორციელება უნდა გულისხმობდეს საქართველოს თანამონაწილეობას, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო ამ უდიდეს შესაძლებლობას და პოტენციალს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში კარგავს, რადგან ის, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაჩერების პირობებში, საქართველოში აძლიერებს ისეთი რეჟიმების გავლენებს, როგორებიც არის კომუნისტური რუსეთი, კომუნისტური ჩინეთი და ტერორისტული ირანი, რომელთანაც, იცით, რომ აშშ ღია ომშია. ამაზე ჩვენი ამერიკელი მეგობრები ინფორმირებულები არიან, მათ შორის ისინი, ვინც ახლა საქართველოში იმყოფებიან. თავად დირექტორ ანდრეოლის ჩასვლა ფოთის პორტში და შემდგომ ანაკლიაში, ბუნებრივია, ღიად მიანიშნებს, რომ ვიზიტი ურთიერთობების გადატვირთვისთვის არ დაგეგმილა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ხვდება ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ამითაც თავისთავად უნდა შეუქმნას ყველას სურათი იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რაც აქვთ მათ ამ ვიზიტის დროს, რომ, რეალურად, ეს ვიზიტი არანაირ გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ემსახურება და ვერ მოემსახურება. თუმცა ეს ვიზიტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ის ინტერესი რეგიონისადმი ასეა გაძლიერებული. სამწუხაროდ, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება რეჟიმს აქვს მიტაცებული, რომელიც ემსახურება არა ქართველი ხალხისა და შეერთებული შტატების  ინტერესებს, არამედ ჩვენს ქვეყანაში ირანის, ჩინეთისა და რუსული გავლენების გაძლიერებას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი იმყოფება.

ევროპარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ახალი წესები დაამტკიცა

ევროპარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ახალი წესები დაამტკიცა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური იტყობინება. ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ახალი, საერთო წესების შემოღებას, რომლებიც კორუფციის პრევენციისა და წინააღმდეგობის სამართლებრივი ჩარჩოს ჰარმონიზაციას უზრუნველყოფენ. კანონი 581 ხმით მიიღეს, წინააღმდეგ 21 დეპუტატი წავიდა, ხოლო 42-მა თავი შეიკავა.კანონის თანახმად, კორუფციად მიიჩნევა: ქრთამი, საჯარო თანხების მითვისება, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, გავლენებით ვაჭრობა, კორუფციასთან დაკავშირებული უკანონო გამდიდრება და ა.შ. კანონი ასევე უზრუნველყოფს, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში მაქსიმალური სასჯელი არ იყოს ძალიან რბილი. წევრ ქვეყნებს კი შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში კიდევ უფრო გაამკაცრონ სასჯელი.წევრ ქვეყნებს დაეკისრათ მოვალეობა, ყოველწლიურად მიიღონ და განაახლონ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიები, პროცესში ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება, შეაფასონ რისკები, უზრუნველყონ ნდობითი მექანიზმები ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევისთვის, გამჭვირვალე გახადონ პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება და სხვა მსგავსი ღონისძიებები.ასევე, ახალი წესების თანახმად, უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა ევროპულ ორგანოებსა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის.

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო.ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„„ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყჳს სული: ჰე, რაჲთა განისუენონ შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა“ (გამოცხ. 14:13). ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილია II-ის უფლისმიერ მიძინების შესახებ.ჩვენს გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ საქართველოს ეკლესიის საყვარელ მღვდელმთავრებს, სამღვდელოებასა და მრევლს, რომლებიც გლოვობთ ამ საყვარელი მწყემსის დაკარგვას. მხურვალე ვედრებას აღვავლენთ მისი სულის განსასვენებლად, რათა მან ჰპოვოს „ერთგული და გონიერი განმგებლის“ (ლუკა 12:42) კუთვნილი ჯილდო.იყოს ხსენება მისი საუკუნო. ლოცვითა და აღდგომილი უფლისმიერი სიყვარულით“, – ნათქვამია 19 მარტით დათარიღებულ სამძიმარში.

კახა კალაძე – შეტევები, მუქარები გრძელდება, უნდათ, რომ არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სამი პოლონელი დეპუტატის მოთხოვნას, საქართველოში სამი ტელეკომპანიის დასანქცირებასთან დაკავშირებით.მისივე განმარტებით, ისევე, როგორც ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები, აღნიშნული დეპუტატების მოთხოვნაც არგუმენტებს მოკლებულია და მათ პოლიტიკურ განწყობებს ასახავს.„შეტევები, მუქარები გრძელდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მათ არ სიამოვნებთ სიმართლე. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ შანტაჟს. მაგალითად, ბრიტანეთმა გამოსცა დასანქცირების ბრძანება კონკრეტულ ტელევიზიებთან მიმართებით, მაგრამ არანაირი არგუმენტები არ არსებობდა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც საუბარია სიტყვის თავისუფლებაზე, აქ უკვე ორმაგი სტანდარტი შემოდის. მათ უნდათ, არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს. ეს დემოკრატიისგან შორსაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები