საქართველოსთვის ევროსაბჭოში საქმიანობის შეჩერება, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება, ზოგადად, საქართველოს ასოცირებულ წევრობაზე უარის თქმა – ეს მუდმივად იყო ჩვენი ოპოზიციად წოდებული სუბიექტების მცდელობა და მთავარი ძალისხმევა, რაც არაერთხელ გამეორებული რევოლუციური სცენარის გარკვეული ნაწილია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია იმისთვის იბრძვის, რომ საქართველომ ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის შემდგომი ნაბიჯი არ გადადგას.
„მათ სურთ, გარკვეული შეფერხებები შეიქმნას ამ გზაზე. ტრენდია, მოგონილი ლეგენდაა, თითქოს საქართველო არ იმსახურებს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის შემდეგი ნაბიჯების განხორციელებას ან რაღაც მოგონილი რუსული ორბიტის თემაა წინ წამოწეული, მაშინ როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არც უნდა არსებობდეს. ყველა არგუმენტი გაუქმებულია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს მავნებლების გეგმით და ამოცანით გაერთიანებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.