ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025

მარკო რუბიო: მილიონობით უკრაინელი აღარ ცხოვრობს უკრაინაში, რამდენი მათგანი დაბრუნდება უკან? უკრაინის ინფრასტრუქტურა ნადგურდება ისე, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ასობით მილიარდი დაჯდება მისი აღდგენა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ “არარეალისტურია იმის დაჯერება“, რომ უკრაინა შეძლებს დააბრუნოს რუსული ჯარები იქ, სადაც ისინი 2022 წლამდე იდგნენ, ანუ ქვეყანაში რუსეთის შეჭრამდე, – განაცხადა მან საგარეო საქმეთა სენატის კომიტეტის მოსმენაზე, რომელიც მისი კანდიდატურის დამტკიცებას ეხებოდა.

რუბიოს თქმით, აშშ-ს ოფიციალური პოზიცია უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ომი შეწყდეს. რუბიომ აღნიშნა, რომ მას სურს, რომ უკრაინაში, რომლის აღდგენასაც თაობები დასჭირდება, მკვლელობა დამთავრდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მილიონობით უკრაინელი უკვე აღარ ცხოვრობს უკრაინაში.

„ახლა, როდესაც მე ვსაუბრობ თქვენთან, ნადგურდება უკრაინის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. მათ აღდგენას ასობით მილიონი დოლარი დასჭირდება უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი კონფლიქტია. მე ვფიქრობ, რომ აშშ-ს ოფიციალური პოზიცია უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ეს ომი უნდა დამთავრდეს და ისმის კითხვა, რა როლი შეიძლება შევასრულოთ ჩვენ ამაში“, – განაცხადა რუბიომ.

რუბიოს განცხადებით, მისთვის სწორი შემდეგი ფორმულირებაა: „უკრაინის პრობლემა იმაში კი არ არის, რომ მას ფული უმთავრდება, პრობლემა იმაშია, რომ მას უკრაინელები უმთავრდება“.

რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მძიმე სამუშაო იქნება და ამისთვის დიდი დიპლომატია იქნება საჭირო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აშშ-ის რესპუბლიკური პარტია – ბაიდენი და ჰარისი არცხვენდნენ ჩვენს ერს მსოფლიო არენაზე, ოთხ დღეში ამერიკას კიდევ ერთხელ ეყოლება ლიდერი, რომელიც საერთაშორისო პატივისცემით სარგებლობს

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი არცხვენდნენ ჩვენს ერს მსოფლიო არენაზე, – ამის შესახებ აშშ-ის რესპუბლიკური პარტია სოციალურ ქსელში წერს. როგორც რესპუბლიკური პარტია წერს, ამერიკას ეყოლება ლიდერი, რომელიც საერთაშორისო პატივისცემით სარგებლობს. „ოთხ დღეში ამერიკას კიდევ ერთხელ ეყოლება ლიდერი, რომელიც საერთაშორისო პატივისცემით სარგებლობს“, – წერს აშშ-ის რესპუბლიკური პარტია.

ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საინტერესო შეხვედრა მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. „საინტერესო შეხვედრა მქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საქართველოს საკითხებში: კლოდ კერნსა და ედიტ ესტრელასთან. შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ძირითად საკითხებზე, მათ შორის ჩვენი დემოკრატიული რეფორმის დღის წესრიგსა და ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.    

დავით მათიკაშვილი: კანონიერად ჩატარებულ არჩევნებს განმეორება არ სჭირდება

არავინ აპირებს თავს მოხვეული და ნაძალადევი განმეორებითი არჩევნების ჩატარებას, სისულელეა, ასეთ ნაბიჯს არავინ გადადგამს, ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონიერად ჩატარებულ არჩევნებს განმეორება არ სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმ შედეგებს, რა შედეგებიც დაიდო და საქართველოსთან ურთიერთობა გააგრძელოს. „ნულოვანი ღირებულება აქვს სალომე ზურაბიშვილს და ყველა იმ პერსონას, რომელიც მათთან სამომავლო მიზნებზე რაიმე ფორმით კონსულტაციას მართავს. არჩევნები, რომელიც საქართველოში მაღალი სტანდარტით ჩატარდა და ასეთად აღიარებული იყო ეუთო/ოდირის მიერ, რაზეც პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებამ შუალედური დასკვნით დაადასტურა, რომ არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ამ არჩევნების შედეგად შედგა ლეგიტიმური პარლამენტი, ნდობა გამოეცხადა მთავრობას და პროცესი ჩვენს ქვეყანაში მაღალი დემოკრატიულობის ხარისხით მიმდინარეობს. კანონის გვერდის ავლით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის „ნაცური“ სურვილები ფიასკოსთვის არის განწირული. არავინ აპირებს თავს მოხვეული და ნაძალადევი განმეორებითი არჩევნების ჩატარებას, რადგან ეს სისულელეა. ასეთ ნაბიჯს, ბუნებრივია, არავინ არ გადადგამს, ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონიერად ჩატარებულ არჩევნებს განმეორება ნამდვილად არ სჭირდება. ყველა შეეგუოს ამ შედეგებს, რა შედეგებიც დაიდო და საქართველოსთან ურთიერთობა გააგრძელოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პოლიტიკა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის...

„როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სანქცირება”, – განცხადებას ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო აღნიშნავს იმასაც, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადი გახდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი, უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა. „ქართულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ისტორიულად, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები. სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება. გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა. ყველას გვახსოვს ხუთი უსამართლო და სამარცხვინო, ანტიქართული რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასჯას და კრიმინალების განთავისუფლებას ითხოვდა. ყველას გვახსოვს უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელიც არავითარი ფაქტით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. ყველას გვახსოვს ლიეტუვისა და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც, ასევე, არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი. დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეუნარჩუნა და ეკონომიკა გაუსამმაგა, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით,გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს. სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის,როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს,ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა”, – აღნიშნულია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

ლევან ბეჟაშვილი – ჩამოვყალიბდით პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს აშშ-ში

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც ზურაბიშვილმა აშშ-ში პარტნიორებთან შეხვედრისას უნდა გააჟღეროს. როგორც ბეჟაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, საუბრის თემა ასევე შეეხებოდა ხელახალ არჩევნებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში მიემგზავრება. ის დაესწრება ინაუგურაციის პროცესს და ეს უკვე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია, რითაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმის არჩევნებს და დაკომპლექტებულ მთავრობას, ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით. მნიშვნელოვანია, რა პოლიტიკურ გზავნილებს ჩაიტანს სალომე ზურაბიშვილი. დღევანდელი შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც უნდა გაჟღერდეს ჩვენ პარტნიორებთან საუბრის დროს. ამავე დროს არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას მზაობა უნდა ჰქონდეს, ამ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდება. საუბარია დეტალური გეგმის გაწერაზე. ძირითადად ჩამოვყალიბდით იმ გზავნილებზე, რომლებიც პოლიტიკურ გზავნილის სახით სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს აშშ-ში“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბოლო სიახლეები