ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025

ღვინის ეროვნული სააგენტო – 2024 წელს ქართული ღვინო მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყო წარდგენილი

2024 წელს ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 24 საერთაშორისო გამოფენაზე, 13 ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, სადაც ჯამურად ქართული ღვინის 200-მდე კომპანია მონაწილეობდა, – ამის შესახებ აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის წარდგენები გაიმართა მსოფლიოს 20 ქვეყანაში: აშშ, პორტუგალია, ფინეთი, დანია, ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია, თურქეთი და ლატვია.

„ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.

2024 წელს ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართა საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის მოხმარების კულტურის ზრდისთვის. ქართული ღვინო საქართველოში წარმოდგენილი იყო 54 ღონისძიებაზე, მათ შორის, 17 გამოფენა/ფესტივალზე და 15 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა 16 ღვინის ტური, ასევე გაიმართა კონკურსები და სიმპოზიუმი.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა, 2024 წელს 16 მილიონ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ, ოპერატიული მონაცემებით, გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტი, 2023 წელთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 95 მლნ ლიტრს მიაღწია“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროპარლამენტის ძალიან დიდი ჯგუფი პირდაპირ ბრძოლაზეა გადმოსული “ნაცმოძრაობასთან” ერთად და ამ ვითარებაში, სრული ინფორმაციის მიწოდება და საკითხის კომპეტენტური განხილვები საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო – გია...

პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის ძალიან დიდი ჯგუფი "პირდაპირ ბრძოლაზეა გადმოსული" "ნაცმოძრაობასთან" ერთად და ამ ვითარებაში, სრული ინფორმაციის მიწოდება და საკითხის კომპეტენტური განხილვები საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო. მისი თქმით, ევროსაბჭოს წევრმა საქართველომ უამრავი ვალდებულება შეასრულა და, პრაქტიკულად, "წინ გაიჭრა დემოკრატიული სისტემის მშენებლობის გზაზე". "არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ არის დარჩენილი, რომლებმაც უმაღლესი ქულა არ დაგვიწერეს და ყველა რეიტინგით არ გადავასწარით კანდიდატ ქვეყნებს და ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას. ეს არის მოცემულობა. ევროსაბჭოს წევრმა საქართველომ შეასრულა უამრავი ვალდებულება და, პრაქტიკულად, წინ გაიჭრა ამ დემოკრატიული სისტემის მშენებლობის გზაზე. რაც მთავარია, ეკონომიკური ნაწილით არის უზრუნველყოფილი ყველა ის ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს. ამის წინააღმდეგ არის სერიოზული მობილიზება. მათ შორის, არა მარტო საქართველოში, ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტის ძალიან დიდი ჯგუფი პირდაპირ ბრძოლაზეა გადმოსული "ნაცმოძრაობასთან" ერთად. პრაქტიკულად, ეს ერთი გუნდია. ამ ვითარებაში, სრული ინფორმაციის მიწოდება და საკითხის კომპეტენტური განხილვები საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მაშინდელი ხელისუფლების დროს რაიმე პრობლემები თუ იყო, ამ პრობლემებზე პასუხისმგებელი ხალხი დღეს მყარად არის მოთავსებული “ქართული ოცნების” რიგებში – სალომე სამადაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

ოპოზიცია არ აპირებს, ჩაერთოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში. პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ქვეყნის პატრიოტებს გასამართლებით ემუქრება. "ემუქრება სისხლის სამართლის წესით დაჭერა საქართველოს ყველა პატრიოტს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები შეშინდებიან. რა თქმა უნდა, არც ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, ვითანამშრომლოთ დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს იდეის გასამართლების კომისიასთან. რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გამორიცხულია", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. "ძლიერი საქართველოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის პირები, რომელიც პასუხისმგებლები იყვნენ წარსულის შეცდომებზე, დღეს "ქართული ოცნების" რიგებში მყარად სხედან, ამიტომ, მისი თქმით, არ იცის, ვის გასამართლებას აპირებენ ისინი. "რის გამოძიებას აპირებენ, არ ვიცი იმიტომ, რომ მაშინდელი ხელისუფლების დროს რაიმე პრობლემები თუ იყო, ამ პრობლემებზე პასუხისმგებელი ხალხი დღეს მყარად არის მოთავსებული "ქართული ოცნების" რიგებში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Le Parisien-ი – კვარაცხელია, სავარაუდოდ, სადებიუტო მატჩს 25 იანვარს „რეიმსთან“ ჩაატარებს

ხვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზშია, ის ნეაპოლიდან კერძო რეისით გაფრინდა და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო სადებიუტო მატჩს 25 იანვარს გამართავს – ინფორმაციას Corriere della Sera და Le Parisien-ი ავრცელებენ. „კვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზშია. მანამდე იყო დიეგო მარადონას მურალთან, ასევე გუნდის ბაზაზე მივიდა, გამოემშვიდობა გუნდსა და ანტონიო კონტეს, რომელსაც ესმის ვარსკვლავის მოტივაცია. კვარაცხელია ხომ ვეზუვის ჩრდილში წელიწადში მხოლოდ 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. ქართველი სამედიცინო შემოწმების შემდეგ პსჟ-თან კონტრაქტს გააფორმებს (2029 წლამდე) და წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს. „ნაპოლი“ ამ გაყიდვით კარგად ისარგებლებს და 75 მილიონ ევროს აიღებს. კვარაცხელია გუნდში მაშინდელმა გენერალურმა მენეჯერმა, ჯუნტოლიმ ზოგადი სკეპტიციზმის ფონზე მიიყვანა. ნეაპოლელებმა 10 მილიონი ევრო გადაუხადეს ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელში, რომელმაც გუნდს მესამე სკუდეტო მოუტანა და „ნაპოლის“ ისტორიაში შევიდა. გარემარბი ტოვებს „ლურჯებს“, სადაც 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა (+29 საგოლე გადაცემა) და, უპირველეს ყოვლისა, შეტევაში დიდი ფანტაზია შეიტანა. გულშემატკივრებს მისი წასვლა ეწყინათ, მაგრამ იციან, რომ ანტონიო კონტე დე ლაურენტისს ქართველის რეალური შემცვლელის დამატებას სთხოვს“, – წერს გამოცემა. მოსალოდნელია, რომ ხვიჩა ოთხწლიან (+1) კონტრაქტს მოაწერს ხელს და პსჟ „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის. Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას ფეხბურთელის ხელფასზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მის შემოსავალს. მაშინ როცა „ნაპოლიში“ წელიწადში 1,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, ქართველი პსჟ-ში 11 მილიონ ევროს მიიღებს. Le Parisien-ის ცნობით, კვარაცხელია, სავარაუდოდ, ამ ხუთშაბათს ან, ყველაზე გვიან, პარასკევს, კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მისი დებიუტი 25 იანვარს, ლიგა 1-ის მე-19 ტურში, „პარკ დე პრენსზე“ „რეიმსთან“ მატჩში შედგება.

გია ვოლსკი – ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს მავნებლების გეგმით და ამოცანით გაერთიანებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

საქართველოსთვის ევროსაბჭოში საქმიანობის შეჩერება, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება, ზოგადად, საქართველოს ასოცირებულ წევრობაზე უარის თქმა – ეს მუდმივად იყო ჩვენი ოპოზიციად წოდებული სუბიექტების მცდელობა და მთავარი ძალისხმევა, რაც არაერთხელ გამეორებული რევოლუციური სცენარის გარკვეული ნაწილია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია იმისთვის იბრძვის, რომ საქართველომ ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის შემდგომი ნაბიჯი არ გადადგას. „მათ სურთ, გარკვეული შეფერხებები შეიქმნას ამ გზაზე. ტრენდია, მოგონილი ლეგენდაა, თითქოს საქართველო არ იმსახურებს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის შემდეგი ნაბიჯების განხორციელებას ან რაღაც მოგონილი რუსული ორბიტის თემაა წინ წამოწეული, მაშინ როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არც უნდა არსებობდეს. ყველა არგუმენტი გაუქმებულია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს მავნებლების გეგმით და ამოცანით გაერთიანებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გურამ მაჭარაშვილი – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელი აქვს ჩაქნეული არჩევნების გაყალბების დამტკიცებაზე, რადგან ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ამ საკითხზე თავად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ხელი ჩაქნეული. „არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, რომ ხელი აქვთ ჩაქნეული გაყალბების დამტკიცებაზე. რატომ? იმიტომ, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. არჩევნებზე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მთლიანად რადიკალური ოპოზიციიდან ჰყავდა 25 ათას ადამიანზე მეტი წარმომადგენელი, მათი ოჯახის წევრებიც მიამატეთ და 100 ათასი ადამიანი იყო დამკვირვებელი, პირდაპირ ეთერში პირადად აკვირდებოდა არჩევნებს და ერთმა მაინც როგორ ვერ დააფიქსირა? ყველას მობილურები ჰქონდა. შესაბამისად, ამ საკითხზე თავად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ხელი ჩაქნეული. არიან ისეთი ფსიქოლოგიის ადამიანები, ვისაც ვერ დააჯერებ. მაგალითად, დღეა, მას ჰგონია, რომ ღამეა. გაყალბებასთან დაკავშირებით თავად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობაშიც უკვე არანაირი კითხვის ნიშნები აღარ არის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. უწყების განმარტებით, სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობა.

ბოლო სიახლეები