ამის შესახებ ინფორმაციას სკანდინავიის ქვეყნების მედია ავრცელებს.
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ჩრდილოეთის და ბალტიის რვიანში” (Nordic-Baltic Eight) დასაქმდა.
დანიშვნის შესახებ დღეს, სტოკჰოლმში, სტოლტენბერგის და შვედეთის პრემიერ მინისტრ ულფ კრისტერსონის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
„ჩვენ არქტიკული სახელმწიფოები ვართ და ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოება და კონტროლი ჩვენთვის აბსოლუტურად აუცილებელი საჭიროება. მე მთხოვეს შევიმუშავო კონკრეტული ზომები ჩვენს დიდ რეგიონში თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავდაცვის ინდუსტრიის ოპტიმიზაციისა და ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ზომების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და მოხსენების წარდგენა დაგეგმილია ივნისისთვის, ნატოს მომდევნო სამიტის დაწყებამდე.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია მშვიდობა თავისთავად არსებულად განვიხილოთ“, – თქვა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.
მან მიუთითა რუსეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის რეგიონის განსაკუთრებულ პრობლემებზე.
„ჩვენ არ ვართ საომარ მდგომარეობაში, მაგრამ არც ნორმალურ მშვიდობიან ვითარებაში ვართ“, – განაცხადა მან და მაგალითად მოიყვანა რუსეთის დივერსიულ ქმედებები და სკანდინავიურ ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა.