ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია, რომლის სახელწოდებაა – „გადაუდებელი რეზოლუცია: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში“, ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ გაავრცელა.

„ვხელმძღვანელობთ რა, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებით, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით.

2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ხარვეზებით, დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების სრული დარღვევით და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, რის გამოც მის მიერ არჩეული ახალი „პარლამენტი“ და „პრეზიდენტი“ არალეგიტიმურია. მხედველობაში მივიღეთ ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის, ეუთო/ოდირის, ასევე 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის სულისკვეთება საქართველოს შესახებ. ვგმობთ ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. ვგმობთ დარბევას, უკანონო დაკავებას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა“, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

რეზოლუცია „მოუწოდებს „ევროპის სახალხო პარტიის“ ყველა წევრს, „თავი შეიკავონ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმის საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებისგან“.

„1. თავი შეიკავეთ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმის საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებისგან. ამ მიზნით, შეწყვიტეთ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების ყველა ოფიციალურ ვიზიტზე მიწვევა და საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა; არ აღიაროთ „ქართული ოცნების“ უფლებამოსილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რათა არ მოხდეს ლეგიტიმაცია. 2. სალომე ზურაბიშვილის აღიარება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად საერთაშორისო ურთიერთობებში. 3. მოუწოდეთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც მართავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი. 4. გავაგრძელოთ მიზანმიმართული სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტერორზე, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე; კერძოდ, მოუწოდოს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილისთვის, ირაკლი კობახიძისთვის, კახა კალაძისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის. 5. მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებას, მათ შორის, ეუთო-ს, ევროპის საბჭოსა და გაერო-ს, არჩევნების გაყალბებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის გამოსაძიებლად. 6. შეაჩეროს ყველა ფინანსური მხარდაჭერა და სტრატეგიული პარტნიორობა „ქართული ოცნების“ რეჟიმთან, რათა თავიდან აიცილოს მისი ანტიდემოკრატიული ქმედებები და გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს კრიტიკულ მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მდგრადობის გასაძლიერებლად და საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის ურთიერთობის ყველა ინსტრუმენტის გადაფასების მიზნით. 7. მკაცრად შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე ე.წ. საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, მათ შორის, საქართველოში ვიზიტების ჩათვლით, რომლებიც არ ემსახურება ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 8. ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის „დანაშაულში“ ბრალდებული ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნის გაჟღერებით, რომლებსაც ემუქრებათ შესაძლო მრავალწლიანი პატიმრობა, ისევე, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. 9. გამოხატეთ მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომლებიც ყოველ საღამოს განაგრძობენ გამოსვლებს საქართველოს ქალაქების ქუჩებში. 10. გამართოს მოსმენები ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოებში, რათა შენარჩუნებული იყოს საერთაშორისო ყურადღება და მხარდაჭერა საქართველოსადმი და მისი ბრძოლისადმი რუსული რეჟიმის სტილის სახელმწიფოს მიტაცებასთან“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციის დოკუმენტის გამოქვეყნებისას, რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიცია ნათელია: საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი არალეგიტიმურია და მათთან ურთიერთობა არ შეიძლება. ჩვენ გამოვდივართ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და სანქციების დაწესების მოწოდებით „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიის უკანდახევაზე“.

ამასთან, რეზოლუციის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც დაწერა: „მივესალმები „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთსულოვან რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოცხადებას. ამერიკა ეთანხმება!“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვლადიმერ ბოჟაძე – ბათუმში რაც მოხდა, პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ეს არის დაპირისპირება, კონფლიქტი, ძალადობა, რომელიც მიუღებელია

პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ეს არის კონფლიქტი, რომელიც კონკრეტულად სასტუმროში მიხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ბათუმში გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რაც ბათუმში მოხდა, დაპირისპირება იყო. „ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიაში გავრცელდა. ზვიად ქორიძის და გიორგი გახარიასთან მიმართებაშიც დაველოდოთ გამოძიებას. ძალადობა არის მიუღებელი, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი დასაგმობია, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება ორივე საქმეზე დაწყებულია. პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ეს არის კონფლიქტი, რომელიც კონკრეტულად სასტუმროში მიხდა. გუშინ რაც „შერატონში“ მოხდა, დაპირისპირება იყო. ეს იყო ძალადობა, რომელიც არის მიუღებელი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს. „მოვისმინე ზვიად ქორიძის განცხადება, გახარიას პოსტი გავრცელდა, რამდენიმე წუთის წინ და ვიცი მთავარი, რომ დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ძალადობა მიუღებელია, ძალადობა შობს ძალადობას, ამიტომ ძალადობა აუცილებლად უნდა დასრულდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც არ უნდა ვიყოთ. მედიის წარმომადგენელი ვიქნებით, მოქალაქე ვიქნებით, პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა. ჩემს თანაგუნდელებთან არ მისაუბრია. მეც გამოძიების შედეგებს ველოდები. მოვისმინე ზვიად ქორიძის პოზიცია და დამოკიდებულება, ზვიად ქორიძემ თავად მოჰყვა და თქვა, რომ ფეხებს ურტყამდა მაგიდასო. უფლება არ მაქვს ზვიად ქორიძის სიტყვებში ეჭვი შევიტანო, მაგრამ კეთილი ვინებოთ და ყველა ერთად გამოძიებას დაველოდოთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ალეკო ელისაშვილი: გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ე. ი. ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი...

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარია და და ზვიად ქორიძეზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს მათ: "მე რომ ქუჩაში შემაგინა ტიპმა და პასუხად შემოვცხე საქმე აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით. ანუ ვითომ იმ ტიპს ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით ვეძგერე. გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ესე იგი ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა ხო? )))) მხნეობა და სოლიდარობა გახარიას და მხნეობა და სოლიდარობა ზვიად ქორიძეს!"- წერს ალეკო ელისაშვილი  სოციალურ ქსელში.

სახალხო დამცველი თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე  და ჟურნალისტ  ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს  და  მოუწოდებს  საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ  პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ  ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე  თავდასხმა  არ გახდეს წახალისებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე – დაღუპულია 4 ადამიანი

თბილისი - ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტრაილერი გადაბრუნდა ავტომობილებს დაეცა. ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავდა.შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, ხოლო თბილისი- ბაკურციხის მაგისტრალი დროებით გადაკეტილია.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ვარშავაში დონალდ ტუსკს შეხვდება

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ზელენსკი ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება. 2025 წლის პირველი იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მანამდე საბჭოს ექვსი თვის განმავლობაში უნგრეთი ხელმძღვანელობდა. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის განმავლობაში პოლონეთი ეცდება, უკრაინა სათანადო მხარდაჭერით უზრუნველყოს.

ბოლო სიახლეები