ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

სოზარ სუბარი – ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და, შესაბამისად, ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს

ამერიკისა და საქართველოს ინტერესების თანხვედრის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა. როგორც მან განაცხადა, ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ხედვები და, შესაბამისად, ინტერესებიც, ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს.

სოზარ სუბარმა შტატებთან საერთო ინტერესებზე საუბრისას განსაკუთრებით გამოყო შემდეგი მიმართულებები: საქართველოზე შეწყდება რუსეთთან ომში ჩარევაზე ზეწოლა; არავინ მოითხოვს კანონის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ გაუქმებას;  მოიხსნება უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით თემის გადახედვის აუცილებლობა.

„დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები. ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და, შესაბამისად, ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყდება ზეწოლა ჩვენზე, რომ ჩავერთოთ რუსეთის წინააღმდეგ ომში და ეს არის ძალიან კარგი; ასევე, შეწყდება ზეწოლა, რომ გავაუქმოთ კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და ესეც ძალიან კარგია. ევროპიდან ალბათ ჯერ კიდევ გაგრძელდება ზეწოლა, რომ გავაუქმოთ ეს კანონი, მაგრამ აშშ-დან ზეწოლის შეწყვეტა ევროპიდან ზეწოლასაც მკვეთრად შეასუსტებს; ასევე თანხვედრა გვაქვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად საქართველოში USAID-ისNED-ის, სოროსის და ზოგიერთი სხვა ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არ გაგრძელდება ისეთი ანტისახელმწიფოებრივი პროექტების დაფინანსება, სადაც ახალგაზრდებს ამერიკული ფულით უტარებენ ტრენინგებს, როგორ მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, როგორ გადაწვან პარლამენტი, როგორ ებრძოლონ ტრადიციებს, ეკლესიას. და თუ არ შეწყდება, მინიმუმ, შემცირდება ასეთი დაფინანსებები და ესეც ძალიან კარგია“, –  განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

სოზარ სუბარმა იმაზეც ისაუბრა, რომ არსებობს თემები, მაგალითად, ირანი, რომლის ირგვლივაც, შესაძლოა, ორი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ დაემთხვეს.

„ბუნებრივია, არის თემები, სადაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ვერ დაემთხვევა. მაგალითად, წინასწარ ვერავინ იტყვის, როგორ განვითარდება აშშ-ის და ირანის ურთიერთობები, მაგრამ ეს ის სფეროა, სადაც ჩვენი ინტერესები, შეიძლება, სერიოზულად ასცდეს ერთმანეთს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ირანი, ათასწლეულებია, ჩვენი მეზობელია და მომავალშიც ჩვენი მეზობელი იქნება. ცხადია, ისტორიულად ჩვენი ურთიერთობები არ იყო ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დღეს ირანი არის 80-მილიონიანი ქვეყანა, უძველესი და უნიკალური კულტურით, სერიოზული ეკონომიკური პოტენციალით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ მის მიმართ გლობალური მოთამაშეები. ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს ინტერესები – მაშინაც, როცა ეს ინტერესები არ ემთხვევა ჩვენი დიდი პარტნიორების ინტერესებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ვარშავაში დონალდ ტუსკს შეხვდება

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ზელენსკი ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება. 2025 წლის პირველი იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მანამდე საბჭოს ექვსი თვის განმავლობაში უნგრეთი ხელმძღვანელობდა. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის განმავლობაში პოლონეთი ეცდება, უკრაინა სათანადო მხარდაჭერით უზრუნველყოს.

ვინ დაესხა თავს გიორგი გახარიას- რას ყვება ზვიად ქორიძე

ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ბათუმში მდებარე სასტუმრო "შერატონში" მას რამდენიმე ადამიანმი თავს დაესხა. "სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. უცბად, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე. დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზედაც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბად, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ექიმი: გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, ჩაუტარდა კვლევები – კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. როგორც კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ  განუცხადა,  გიორგი გახარიას სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. „მოქალაქე მოიყვანეს 02:34 წუთზე, სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. მისი გადმოცემით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაუტარდა კვლევები, მდგომარეობა იყო საშუალო სირთულის და გაეწერა კლინიკიდან. საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. კონტაქტური და ადეკვატური იყო. ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მაგრამ საოპერაციო, მძიმე შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა ექიმმა.   შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ – ის კლინიკაშია გადაყვანილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა თავდასხმის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. თავდასხმას პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

თეთრი სახლი – პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს

პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს. განცხადება აღნიშნულის შესახებ თეთრმა სახლმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო. ამის შემდეგ კუბაში განაცხადეს, რომ ეტაპობრივად გაათავისუფლებენ 553 პატიმარს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იყვნენ დაკავებული. კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიაზ-კანელმა განაცხადა, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება არის ნაბიჯი „სწორი მიმართულებით“. კუბა ტერორიზმის მხარდამჭერთა სიაში დონალდ ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, 2021 წელს დააბრუნა, რითიც აკრძალა აშშ-ის ეკონომიკური დახმარება და ქვეყანაში იარაღის ექსპორტი. ამჟამად კუბა ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასა და ირანთან ერთად არის აშშ-ის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიაში. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ ისინი მიჩნეული არიან ქვეყნებად, რომლებმაც „არაერთხელ გაუწიეს მხარდაჭერა საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“.

ბოლო სიახლეები