მე უნდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვემსახურები, – ასე უპასუხა ერთ-ერთმა პოლიციელმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ელენე ხოშტარიას, რომელმაც პოლიციელს მიმართა, რომ ის უნდა ემსახურებოდეს ევროპას.
„კანონი თქვენ გეუბნებათ, რომ ევროპას უნდა ემსახუროთ, რადგან ჩაწერილია კონსტიტუციის 78-ე მუხლში“,- მიმართა ელენე ხოშტარიამ პოლიციელს.
აჭარის მთავრობის სახლთან ელენე ხოშტარია მივიდა, რომელიც ადგილზე შეკრებილი სამართალდამცველებისგან ითხოვდა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ადგილსამყოფელის შესახებ ეთქვათ.
„მოვიდეს დგებუაძე, რადგან მზიამ რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა მეც. დგებუაძეს, რუსის მონას მეც მინდა, გავარტყა. თქვენ ხართ მოძალადე პოლიციელები. მე ჩამოვედი, რომ დგებუაძემ და ბესელიამ, რომელიც ემსახურებოდა მონურად ყველა მთავრობას, მისგან მინდა, მოვითხოვო პასუხი. ისინი ემსახურებიან რუსეთს. სად არიან, რატომ იმალებიან? თუ არ იცით სად არიან, პოლიტიკურ დისკუსიას რატომ მიმართავთ?“,- მიმართა ელენე ხოშტარიამ პოლიციელს.
რაზეც პოლიციელმა უპასუხა:
„დგებუაძეც, ბესელიაც და ყველა პოლიციელი ემსახურება ქვეყანას. რუსეთს ვინ ემსახურება, ამ საუბრიდან უკეთესად ჩანს. მე, როგორც ქალბატონს, მოგიწოდებთ, მეტად კულტურული იყოთ. კულტურული თუ იქნებით, უკეთესი იქნება თქვენთვის. ძალადობისკენ ხართ მიდრეკილი. ანუ, ეს ძალადობა მოგეწონათ? თქვენ ხართ ტენდენციური, მარტო ის გაინტერესებთ, აქეთ მხარეს რა მოხდა. მე უნდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვემსახურები“,- განუცხადა პოლიციელმა ელენე ხოშტარიას.