აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მომზადების პროცესი.
„მას სურს შეხვედრა და ჩვენ ვემზადებით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრის წინ თავის რეზიდენციაში მარ-ა-ლაგოში, ფლორიდაში.
„პრეზიდენტ პუტინს სურს შეხვედრა. მან ამის შესახებ საჯაროდაც განაცხადა და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება, გაიმართოს შეხვედრა.
კრემლში ტრამპის განცხადებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა წინა დღეს პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი თუ შეინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარების განზრახვას 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ, მოსკოვი ამას მიესალმება.
„თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ თუ შენარჩუნდება პოლიტიკური ნება უმაღლეს დონეზე კონტაქტების აღდგენის შესახებ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პუტინი ამას მიესალმება“, – განაცხადა მან.
ტრამპმა ადრე დაუშვა, რომ მოლაპარაკებები პუტინთან, შეიძლება, გაიმართოს ინაუგურაციიდან ექვსი თვის განმავლობაში. თავად პუტინმაც დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის ტრამპთან შესახვედრად.