პარასკევი, იანვარი 10, 2025

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – ვიმედოვნებთ, 2030 წლამდე ევროკავშირი დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის პირობებს საქართველოს გასაწევრიანებლად

„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს, როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ.

უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული გლობალურ ომის პარტიას სხვადასხვა ქვეყანაში და რაც უფრო ძლიერია ამა თუ იმ ქვეყანაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზები, რომელიც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, მით უფრო ანტიქართულია შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ.

უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში „დიფ სთეითის“ განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“, ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“. ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სთეითი“ ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. „დიფ სთეითმა“ შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. „დიფ სთეითმა“ ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი „დიფ სთეითის“ პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე – უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200-მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს, პრაქტიკულად, განადგურებულია, რაზეც „მაიდნის“ ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ.

საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომლებსაც, გლობალური ომის პარტიის კარნახით და „დიფ სთეითის“ ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას. ამით ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს „დიფ სთეითის“ თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს.

ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ხუთი რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატა. ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების განთავისუფლება, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა და ა.შ. ბოლო, მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც სერიოზულ მოთამაშეთაგან მანამდე ვერავინ ბედავდა – რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს.

კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი რომ სრულიად არასერიოზულია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა.

ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია.

ამის საპირისპიროდ, ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ ფავორიტების, მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში – 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან „დიფ სთეითში“ იხელმძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით – „ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ლოგიკურია, რომ ვინც „ძაღლიშვილებს“ თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს.

ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი „დიფ სთეითმა“ გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს „დიფ სთეითის“ სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოჰყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი, პრაქტიკულად, სრულად აქვთ დაკარგული და მთლიანად „დიფ სთეითის“ კარნახით უწევთ მოქმედება.

თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. „ან იომებ, ან დაგსჯით“ – ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს. მეტიც, ოპოზიციის პირით, ქართველი ხალხის დასჯაზეც დაიწყეს საუბარი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ, ხელისუფლებაზე მეტადაც კი, გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა.

საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.

გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია. ლოკალური ომის პარტიის, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს ხელისუფლების ყველა შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ბიუროკრატიის ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ.

გლობალური ომის პარტიის გავლენით, თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი – „ომი არის მშვიდობა, მონობა – თავისუფლება, ხოლო უმეცრება – ძალა“. ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს.

უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ ეუთო/ოდირის დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მანამდე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას დაჟინებით ითხოვდნენ. მეტიც, ამ დასკვნით გაგულისებულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ.

ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით – „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს – ჯო უილსონს ხმარდება, რითიც „დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.

შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის – კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში.

ევროპაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა – „სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია“. ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ „დიფ სთეითის“ უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება.

„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში ლგბტ პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითიც ჩვენ ქვეყანასაც უშუალოდ ემუქრებიან.

იმედი გვაქვს, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან, საქართველო არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში.

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში – ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ცნობილია კაცის ვინაობა, რომლის ცხედარი 4 თვიანი ძებნის შემდეგ სასაფლაოზე იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, 39 წლის მურთაზ რუსტამოვის ცხედარი სასაფლაოზე 4 თვიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ცხედარს კიდურები მოკვეთილი ჰქონდა. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით მისი ცხედარი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ზურაბ ქადაგიძე: ოცნების მთავარი დაპირება, რომ აუცილებლად მოხდებოდა რეჟიმის გასამართლება, დღეიდან იწყება – მილიონობით მოქალაქე ელოდება, ქართულ “ნიურნბერგის” პროცესს

„ნაციონალური მოძრაობა, როგორც ბოროტების სათავე, უნდა ამოიძირკვოს ქართული რეალობიდან და დამსახურებული ადგილი მიეჩინოს, ისტორიულ სანაგვეზე!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. "ენჯეოკრატია", რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების სახელით გადააგვარა სამოქალაქო საზოგადოება; ფსევდო-სუვერენიტეტი, როდესაც საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა უცხო ქვეყნის ელჩებითა და საერთაშორისო აქტორებით ხორციელდებოდა; მედია-პლურალიზმის სახელით დამკვიდრებული - ლიბერალური ცენზურა; პატრიოტიზმით შეფუთული, ოკუპაციის ხელშეწყობა, საკუთარ ჯარისკაცებზე ომის დანაშაულების დაბრალება; ეკონომიკის სტიმულირებით შელამაზებული, სტრატეგიული ობიექტებისა და სახელმწიფო ქონების გადაცემა ოკუპანტ ქვეყანაზე; მონოპოლიზებული ბიზნესები და რეგულაციების გაუქმება; ჰუმანიზმის სახელით დამკვიდრებული ლიბერალური ფაშიზმი; ეს მცირე ჩამონათვალია იმ ბოროტი მემკვიდრეობისა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წელს დატოვა. ოცნების მთავარი დაპირება, რომ აუცილებლად მოხდებოდა რეჟიმის გასამართლება, დღეიდან იწყება და მილიონობით მოქალაქე ელოდება ქართულ "ნიურნბერგის" პროცესს, რომელსაც სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვება. ნაციონალური მოძრაობა, როგორც ბოროტების სათავე, უნდა ამოიძირკვოს ქართული რეალობიდან და დამსახურებული ადგილი მიეჩინოს ისტორიულ სანაგვეზე!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ ილონ მასკი არ წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ილონ მასკი არ წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის. მელონის თქმით, ჯორჯ სოროსი არის ის, ვინც ერევა სხვა ქვეყნების პოლიტიკაში. „პრობლემა არის მაშინ, როცა მდიდარი ადამიანები იყენებენ რესურსებს პარტიების, ასოციაციებისა და პოლიტიკოსების დასაფინანსებლად მთელ მსოფლიოში, რათა გავლენა მოახდინონ ეროვნული სახელმწიფოების პოლიტიკურ არჩევანზე, მაგალითად, რასაც აკეთებს ჯორჯ სოროსი“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, სწორედ ეს არის ჩარევა სახელმწიფოების საქმეებში და მათ სუვერენიტეტში. „პრობლემა არის ის, რომ ილონ მასკი გავლენიანი და მდიდარია, თუ ის, რომ არ არის მემარცხენე?“,- აღნიშნა მელონიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, ევროპელი ლიდერების ნაწილი ილონ მასკს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და ტრანსატლანტიკური კავშირების გაუარესებაში ადანაშაულებენ.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას დათანხმდა, ფრანგები აჩქარებენ და ტრანსფერის შაბათ-კვირისთვის დასრულება სურთ, – ინფორმაციას AreaNapoli ავრცელებს. „ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“, შესაძლოა, ერთმანეთს რამდენიმე დღეში დაემშვიდობონ, სიახლე სულ უფრო და უფრო სანდო ხდება. იყო კონტაქტი პსჟ-სთან, მაგრამ გარიგება მხოლოდ ნეაპოლელთა პირობებით გაფორმდება – 80 მილიონი ევრო. ამასობაში, ფეხბურთელმა ფრანგებს თანხმობა პირადად განუცხადა. ქართველის დამატება პარიზელებს გასულ ზაფხულსაც სურდათ. ეიფელის კოშკის ჩრდილში ის ბევრად მეტს გამოიმუშავებს და ევროპის ერთ-ერთ ტოპ-კლუბშიც ჩაირიცხება. ჩვენი ინფორმაციით, პარიზელებს, სურთ გარიგების შაბათ-კვირისთვის დასრულება, რათა ქართველი უკვე მომავალ კვირას ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში დაეხმაროს. გარიგება, შეიძლება, დასრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფრანგები „ნაპოლის“ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და 80 მილიონ ევროს გადაიხდიან“.

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმად დამწუხრებული ვართ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვის გამო. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელად გისამძიმრებთ პირადად თქვენ, გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ქართველ ხალხს“,- აღნიშნავს ილჰამ ალიევი.

ბოლო სიახლეები