კვირა, დეკემბერი 29, 2024

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას, სპექტაკლი – „უკანასკნელი თოლია“ მიუძღვნა

„ჟიული შარტავა იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში. შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას და მასთან ერთად დახვრეტილი გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და სხვათა თავგანწირვა. ეს სპექტაკლი ეროვნული გმირის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულისა და მისი თანამებრძოლების სამშობლოსადმი თავდადების უკანასკნელ, უმძიმეს საათებს ასახავს. ისინი „უკანასკნელი თოლიები“ აღმოჩნდნენ მტრით გარემოცულ სოხუმში და სიცოცხლის ფასად, ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამის შესახებ რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მიერ დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმული დრამატული სპექტაკლის – „უკანასკნელი თოლია“ – საპრემიერო ჩვენებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სტუდენტურმა დასმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ მაყურებელს წარუდგინეს ახალგაზრდა რეჟისორისა და მსახიობის, გიორგი ჭანტურიას მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი დრამა, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ, 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს მთელი სიმძაფრით ასახავს.

თეატრ-სტუდია „მოდინახეში“ გამართულ პრემიერას, რომელიც ანშლაგით წარიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საუნივერსიტეტო საზოგადოება, სტუდენტები, ასევე, ქართული სამეცნიერო წრეებისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ რექტორი საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელს და დასს შეხვდა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ რეჟისორსა და სტუდენტ მსახიობებს მადლობა გადაუხადა, შთაბეჭდილებები გაუზიარა და წარმატებები უსურვა.

„ვერ დავფარავ ემოციას, უდიდეს სინანულს და, ამავდროულად, სიხარულსა და განცვიფრებას – „მოდინახეს“ ახალმა სპექტაკლმა და მასში გადმოცემულმა უკიდურესად მძიმე, დრამატულმა ამბავმა, საქართველოს უახლესი ისტორიიდან გაცოცხლებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა, რაც ჩვენმა თაობამ ასე კარგად უწყის, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. სპექტაკლის მსვლელობისას, საშუალება მქონდა პუბლიკის, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდების რეაქციებსაც დავკვირვებოდი – მათ ღრმად განიცადეს და სრულად გაიგეს იმ სათქმელის არსი, რაც დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესაშია და რისი მაყურებლამდე მიტანაც ასე ოსტატურად შეძლო „მოდინახეს“ დასმა.

უკვდავებამდე ამაღლებული ჟიული შარტავა იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში. შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას და მასთან ერთად დახვრეტილი გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და სხვათა თავგანწირვა. ეს სპექტაკლი ეროვნული გმირის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულის და მისი თანამებრძოლების სამშობლოსადმი თავდადების უკანასკნელ, უმძიმეს საათებს ასახავს. ისინი „უკანასკნელი თოლიები“ აღმოჩნდნენ მტრით გარემოცულ სოხუმში და სიცოცხლის ფასად, ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად რთულია, ემოციების გარეშე ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც თავისი ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლო და შემდეგ, განგების ძალით, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული გმირი გახდა. მისი ხსოვნა საუნივერსიტეტო სივრცეში მრავალმხრივ და სამუდამოდ არის უკვდავყოფილი და ეს შესანიშნავი სპექტაკლიც მისი უკვდავყოფის ნათელი დადასტურებაა. ჩვენ არაერთხელ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სპექტაკლი ეროვნული გმირის ცხოვრებაზე, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მთელს დასს, ჩვენს ნიჭიერ სტუდენტებს, ახალგაზრდა და იმედისმომცემ რეჟისორს, გიორგი ჭანტურიას, „მოდინახეს“ ლეგენდარულ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს – ყველას ვინც თავი არ დაზოგა და საუნივერსიტეტო სივრცეში ასეთი შესანიშნავი სპექტაკლი შექმნა.

გვჯერა, ჩვენს თანამემამულეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებს ეს სპექტაკლიც ჩაუსახავს იმედს, რომ ქართული სახელმწიფოს, მისი მთავრობის თავდაუზოგავი შრომითა და ძალისხმევით, განათლებითა და მეცნიერებით, რომელიც მუდამ იქნება ხალხის სამსახურში, ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და მასთან ერთად სამაჩაბლო, მშვიდობიანი გზებით დაუბრუნდება დედა-სამშობლოს.

ვიმედოვნებთ, „უკანასკნელი თოლია“ მთელ საქართველოს შემოივლის და გულგრილს არავის დატოვებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული გმირის ცხოვრება ამ სპექტაკლითაც გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ ემსახურო, უერთგულო მას“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მიერ დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში – „უკანასკნელი თოლია“ – მთავარ როლებს ასრულებენ სტუ-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები: ლაშა შარაშენიძე (ჟიული შარტავა), მინდია ქიტიაშვილი (ჩინდიკოვი), ნატა მეშველიანი, ქეთა ჯოხაძე (ირმელა შუტცე), ზუკა ბერუაშვილი (გურამ გაბესკირია), შოთა კაჭარავა (რაულ ეშბა), გიორგი ონიანი (ჯუმბერ ბეთაშვილი), ნიკოლოზ მღებრიშვილი (გურამ ჯანიაშვილი), ლუკა აკობია (ვალმერ ბუტბა), გიორგი ანთიძე (ჯოკერი), ნიკოლოზ კალმახელიძე (მულტიკი); მეორეხარისხოვან როლებში მონაწილეობენ: გიორგი კუტალია, რომან ნებიერიძე, გუგა ჩარგეიშვილი, მერაბ ზუზაძე, საბა გაგელიძე, საბა ჯოლოხავა, დათი ტატულიშვილი; სპექტაკლის რეჟისურა სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება – გიორგი ჭანტურიას, რეჟისორის თანაშემწე – ქეთა ჯოხაძე, გახმოვანება – ჯეკო დათუაშვილი, განათება: გვანცა ნოზაძე, გიორგი თათულაშვილი, ამირან ჩარგეიშვილი; ტექნიკური ჯგუფი: დავით ჭეიშვილი და კობა სულაძე. სტუ-ის ადმინისტრაცია და საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე მადლობას უხდის დრამატურგ მიხო მოსულიშვილსა და ყველა იმ პირს, რომელმაც სპექტაკლის შექმნაში წვლილი შეიტანა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ხვალ ისტორიული დღეა – შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციის სამზადისზე ვიდეოს აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ვიდეორგოლს ავრცელებს. „ხვალ ისტორიული დღეა“, - წერს შალვა პაპუაშვილის ვიდეოს აღწერაში. ხვალ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. პარლამენტში სამზადისი მიმდინარეობს. ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში შედგება.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 15:44 საათზე, დმანისთან მოხდა 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

დონალდ ტრამპი TikTok-ის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უზენაეს სასამართლოს მოუწოდა, გადაავადოს ქვეყნის მასშტაბით აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვა, ვიდრე ის "პოლიტიკურ გამოსავალზე" მუშაობს. როგორც BBC იტყობინება, ტრამპის ადვოკატმა შესაბამისი იურიდიული დოკუმენტით სასამართლოს უკვე მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ ტრამპი წინააღმდეგია TikTok-ის აკრძალვის და ითხოვს შესაძლებლობას, კაბინეტში მოსვლის შემდეგ, თავად გადაჭრას არსებული პრობლემა პოლიტიკური გზით. საქმე ისაა, რომ 10 იანვარს უზენაეს სასამართლოში TikTok-ის საქმეს განიხილავენ. აშშ-ის კანონმდებლობა სოციალური ქსელის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს TikTok-ის ამერიკელ მფლობელზე გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპლიკაცია 19 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის მასშტაბით გაითიშება. მიმდინარე წლის აპრილში შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანომ და ოფიციალურმა პირებმა TikTok-ს ბრალი ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში დასდეს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბრალდებას უარყოფს, კონგრესმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც ჩინური კომპანიის შვილობილი TikTok-ი ამერიკაში უნდა აიკრძალოს. საკანონმდებლო ცვლილებას ხელი ჯო ბაიდენმა მოაწერა. უცხოური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს, შოუ ზი ჩუს გასულ კვირას შეხვდა. სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების ეს საქმე უპრეცედენტოა და ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლებას, მეორე მხრივ კი ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ტრამპს მიაჩნია, რომ, რადგან 20 იანვრამდე მისი მანდატი არ მოქმედებს, TikTok-ის აკრძალვის საკითხი უნდა გადავადდეს, რათა ახალ პრეზიდენტს შანსი მიეცეს, საქმეს პოლიტიკური გადაწყვეტა მოუძებნოს. ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტობისას TikTok-ის აკრძალვას უჭერდა მხარს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, TikTok-ის მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 5 ნოემბრის არჩევნებში ახალგაზრდების ხმებიც მოიგო.

ქართველი ემიგრანტი, რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა, აეროპორტში გარდაიცვალა

ქართველი ემიგრანტი, თამარ ტაბაშიძე რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა აეროპორტში გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ავრცელებს. „აეროპორტში როგორი სიხარულით მიდიოდი, ბარის აეროპორტი იყო შენი ემიგრანტობის წლების დასასრული? როგორ გელოდებოდა შვილები, ესაა შენი პირობა? რომ ჩავალ ბესოს სასაფლაოზე უნდა ავიდეო? რამდენი კარგი მოგონებები რამდენი კარგი გეგმები გვქონდა. მშვიდობით მეგობარო. ვუთანაგრძნობ ოჯახს, საემიგრანტო სამეგობროს. გუშინ ბოლოჯერ ეზიარა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში“, - წერს ქართველი ემიგრანტი.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს: "ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ. ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება". ცნობისათვის:  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული. ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ბოლო სიახლეები