საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია – „წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) – საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და პედაგოგი“ – გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები: ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, მეუფე ანანია (ჯაფარიძე), ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი), სასულერო პირები, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების თეოლოგიის მიმართულების მკვლევრები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა და ერის სულიერი მამის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა.
აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს – მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებმაც, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეს საფუძველი ჩაუყარეს და თეოლოგიის საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრი დააარსეს.
რექტორმა ყურადღება გაამახვილა წმინდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, შეეხო მის კვლევით წიაღსვლებს, რაც მეცნიერებისა და სარწმუნოების ტოლერანტული თანაარსებობის ბრწყინვალე დადასტურებაა.
„ჩვენს დღევანდელ, ტურბულენტურ სამყაროში, რაც ერთნაირად ეხება ყველა ერსა და ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ქართული საზოგადოება ინარჩუნებს ტოლერანტობას, პატივს სცემს ყველა აღმსარებლობას, თუმცა ჩვენთვის უპირველესი მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელსაც უკვე 47 წელია სათავეში უდგას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ძნელბედობა მუდამ თან სდევს ჩვენს ქვეყანას – უხსოვარი წარსულიდან დღემდე, საქართველოს უახლესი ისტორიაც ხომ ამის ნათელი დადასტურებაა. განსაცდელის ჟამს ჩვენი პატრიარქი ერის, საქართველოს მომავალი თაობის გვერდით იდგა მუდამ – უდიდესი სიყვარულით, მოყვასისადმი თანაგრძნობის უსათუთესი გრძნობით, თავისი მოწინავე სამეცნიერო მსოფლმხედველობითა და განუზომელი სულიერებით. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1977 წლის 25 დეკემბერიდან მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში სრულიად ახალი ხანა დაიწყო. პატრიარქის პირველ წლებს განსაკუთრებით ამძიმებდა საბჭოთა რეპრესიების გამო ჩარაზული ეკლესია-მონასტრებისა თუ მკვეთრად შემცირებული მრევლის არსებობა. ეს იყო უმძიმესი წლები, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ, ერის სულიერი მამის ლოცვა-კურთხევით, გაუძლო და გაძლიერდა.
კონფერენცია, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრების 47-ე წლისთავს უძღვნის, თავისი თემატიკით – „წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე – საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და პედაგოგი” – მრავალმხრივ ეხმიანება ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს. გაბრიელ ქიქოძე, რომელიც თავდადებით იღწვოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და რომელიც თავისი სამეცნიერო წიაღსვლებით მეცნიერებისა და სარწმუნოების სრულფასოვანი თანაარსებობის აუცილებლობას ქადაგებდა, წმინდა სინოდმა სწორედ ილია მეორის წინამძღოლობით, 1995 წელს შერაცხა წმინდანად. გაბრიელ ქიქოძის დაწყებული საქმის ხორცშესხმა კი – ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარება – უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შესძლო.
დიდი ილია ჭავჭავაძე სარწმუნოების გამეცნიერებისა და მეცნიერების გასარწმუნოების აუცილებლობაზე მიუთითებდა. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დღესაც აქტუალურია, უნივერსიტეტებმა უნდა იტვირთონ. ვფიქრობთ, კონფერენცია ამ თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. მომავალმა თაობამ სიღრმისეულად უნდა შეიმეცნოს ღვთისა და სამშობლოს მსახურებით, ასევე, სამეცნიერო-საგანმანათლებლო კუთხით გამორჩეული ამ განსაკუთრებული მამულიშვილების – წმინდა გაბრიელ ქიქოძისა და ილია მეორის ღვაწლი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გულითადად ვულოცავთ აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და დღეგრძელობასა და მზეგრძელობას ვუსურვებთ”, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.
კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, მეუფე ანანიამ, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ომარ გოგიაშვილნმა, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, შინდისის წმინდა თამარ მეფის დედათა მონასტრის სულიერმა მოძღვარმა, პოეტმა, ფილოსოფოსმა და პედაგოგმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძე). გამომსვლელებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტსა და რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მრავალმხრივ საინტერესო კონფერენციისთვის მადლობა გადაუხადეს.
სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის მეორე ნაწილი წმინდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის მოღვაწეობის შესახებ სამეცნიერო ნაშრომებს დაეთმო. მოხსენებებით ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ბესიკ ბოგველი, ფილოლოგი და ფილოსოფოსი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ლია მეტრეველი, ნანა ბოკუჩავა, ირმა ხურცია, სტუ-ის ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე და სხვა მკვლევრები წარსდგნენ.