სანქციები განპირობებულია კონკრეტული მიზნის მისაღწევად, რომ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით ის პოლიტიკური გუნდი მოვიდეს, რომელიც კონკრეტულ ამოცანას შეასრულებს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო თავისი ინტერესებიდან გამომდინარე დგამს ნაბიჯებს, ამიტომ საზოგადოება გლობალური მიზნების მისაღწევად არ უნდა გაიწიროს.
„სანქციები და განცხადებები განპირობებულია კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის, რომ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით ის პოლიტიკური გუნდი მოვიდეს, რომელიც კონკრეტულ ამოცანას შეასრულებს. სანქციებთან დაკავშირებით რაიმე ემოცია არ უნდა გვქონდეს, ამას უნდა ველოდოთ და მზად უნდა ვიყოთ. რასაკვირველია, საზოგადოება იმ სცენარისთვის არ უნდა გავწიროთ, რომელიც უფრო გლობალური მიზნების შესასრულებლად არის დაგეგმილი – ყველა სახელმწიფო თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობს და ნაბიჯებს დგამს. დიდი პროცესი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, რეალურად ის ფაქტორია, რაც საქართველოს მიმართ ცალკეული ქვეყნების დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენს. ამ ყველაფერს პრაგმატულად უნდა შევხედოთ ისევე, როგორც სხვები უყურებენ თავიანთი ინტერესების განხორციელების გზებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.