საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვანო ჭიაურელმა საჯარო ლექცია – „ფილოსოფია და საზოგადოება”, გამართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ღონისძიება ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტმა, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სპორტის მინისტრმა, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა გახსნა.
არჩილ გურგენიძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, ღონისძიების ორგანიზებისთვის კი – სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს. მისი თქმით, საჯარო ლექციის ორგანიზების მიზანია ფილოსოფიური განათლების პოპულარიზაცია, საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებზე დისკუსია და შემოქმედებითი გარემოს შექმნის ხელშეწყობაა.
„ღონისძიებას ფრენსის ბეკონის სიტყვებით გავხსნი – „ზერელედ მიწოდებული ფილოსოფია გვაშორებს რელიგიას, სიღრმისეული ფილოსოფია კი გვაბრუნებს მის წიაღში“. ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანია, განვიხილოთ საზოგადოების, ასევე, პიროვნების ღირსების საკითხი თანამედროვე ფილოსოფიურ, ეთიკურ, სამართლებრივ ჩარჩოში. ვფიქრობ, ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, დამსწრე საზოგადოებაში დიდ ინტერესს გამოიწვევს. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ყველას – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ წრეებს, ვინც მხარი დაუჭირა სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ინიციატივას, უნივერსიტეტში ეს აქტუალური თემა განგვეხილა. მადლობა პროფესორ ვანო ჭიაურელს”, – განაცხადა თავის გამოსვლაში არჩილ გურგენიძემ.
პროფესორ ვანო ჭიაურელის საჯარო ლექცია – „ფილოსოფია და საზოგადოება” – დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ, როგორც სტუდენტები და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის წევრები, ასევე, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები.
სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, ახალგაზრდებმა აქტუალურ თემებზე მსგავს ფორმატში შეხვედრების გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.