პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული 112-ის ბალანსზე რიცხული სამეთვალყურეო ვიდეოკამერები დააზიანა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს ბრალდებულმა, სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით  (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ...

ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში გარკვევით იყო საუბარი, რომ დღის წესრიგში არ დგება ერთადერთი საკითხი, მოლაპარაკებების გახსნა, რასაც შანტაჟის საფუძვლად იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ. „ჩვენ გავაკეთეთ განცხადება 28 ნოემბერს, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ ვაყენებთ კონკრეტულად ერთადერთ საკითხს – ეს არის მოლაპარაკების გახსნა, რასაც ამდენი ხანია, იყენებენ შანტაჟისთვის საქართველოს წინააღმდეგ. ერთადერთი რამ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, კვარტალში ერთხელ რომ იკრიბება ევროპული საბჭო, კვარტალში ერთხელ შანტაჟისთვის არ დაიტოვონ ეს საკითხი და არ უთხრან ქართველ ხალხს, რომ არ გიხსნი მოლაპარაკებებს, ეს იყო ერთადერთი, რისი დაშვებაც ჩვენ არ გვინდოდა. დანარჩენი ყველაფრისთვის ვარ მზად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, იგივე განცხადებაში, რაც გაკეთდა 28 ნოემბერს, პირველივე აბზაცში იყო ხაზგასმით ნათქვამი, რომ ევროპული ინტეგრაცია არის საქართველოს უალტერნატივო არჩევანი, ევროპული ღირებულებები არის უალტერნატივო და ეს ყველაფერი ლაიტმოტივად გასდევდა მთელ წერილს. „ადამიანს თუ გააზრება უნდოდა ამ ყველაფრის, ძალიან მარტივად იკითხებოდა, შავით თეთრზე ეწერა. შენ რომ ხარ ბიზნესმენი, შენ არ ხარ ნებისმიერი რიგითი მოქალაქე და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს, რომ წერილს გაეცნო თავიდან ბოლომდე. პირველივე აბზაცში წერია, რომ არა თუ არ ვაჩერებთ ევროინტეგრაციას, არამედ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კონკრეტულად 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 90 პროცენტზე მეტს შევასრულებ, როგორც ასოცირების, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებების. ეს რომ გიდევს წინ და ამ ტყუილს იჯერებ, რომელიც მოიგონა ჯერ „მთავარმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ და შემდეგ ევროკავშირის ელჩმა გაიმეორა, აქ კეთილსინდისიერების პრობლემას ვხედავ მე, ან არის გულგრილობა საკუთარი ქვეყნის მიმართ. შენ თუ გამოდიხარ მერე პოლიტიკური განცხადებით, რომ ხარ ბიზნესმენი ან ნებისმიერი სხვა, თუ შენ ამ პასუხისმგებლობას იღებ, რომ გამოხვიდე პოლიტიკური განცხადებით, კეთილი ხომ უნდა ინებო და ეს განცხადება ხომ უნდა წაიკითხო, რის საპასუხოდაც საუბრობ. იქ შავით თეთრზე ეწერა ყველაფერი, ისინი მაინც გამოდიან და იმეორებენ იმ ტყუილს, რაც გაავრცელა „ნაცმოძრაობის“ მედიამ და რაც გაიმეორე ევროკავშირის ელჩმა. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ეს არის არაკეთილსინდისიერება. მათ იციან ყველაფერი, ამიტომ გაურბიან საჯარო დისკუსიას. არავითარი ევროინტეგრაცია ჩვენ არ შეგვიჩერებია, ეს იყო ჩვეულებრივი ტყუილი, ერთადერთი რაც ითქვა ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ ვაყენებთ მოლაპარაკებები გახსნის საკითხს ჩვენი მხრიდან. მარტო ეს იყო ნათქვამი, ეს იციან ძალიან კარგად, მაგრამ იმეორებენ იგივე ტყუილს, რაც გაავრცელა „ნაცმოძრაობის“ მედიამ თავის დროზე და რაც სამწუხაროდ, ცალკეულმა დიპლომატებმა ევროკავშირიდან გაიმეორეს. ეს არის ძალიან სამწუხარო, ამის მთავარი მიზეზი არის რა – ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური მიკერძოება, გადაყოლილი არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ვერ ელევიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ბიზნესმენს როგორ შეიძლება, უნდოდეს „ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო მათი მთავარი ხელწერა. „დღესაც რასაც აკეთებენ, ზეწოლა ბიზნესზე, ე.წ. ბულინგი, მცდელობა, რომ ჩაითრიონ პოლიტიკაში, ზუსტად იგივეა, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე, იგივე ფორმით ვეღარ აკეთებენ, ვეღარ ართმევენ ქონებას ადამიანებს, ვეღარ ართმევენ ფულს ადამიანებს, მაგრამ ამ ფორმით ცდილობენ ძალადობას ბიზნესზე. ბიზნესმენი რომ ხარ და დაბრუნება რომ გინდა იმ პოლიტიკური ძალების, ჩემთვის ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ისინი ელოდებიან პოლიტიკური ცვლილებებიდან გამორჩენას, სხვა ახსნა მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ასეც და ისეც, ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იაგო ხვიჩია – ვინც არ აიღო საბიუჯეტო ფული, სხვა ფულით აქვს გადაზღვეული, რომელიც საიდან მოდის, კაციშვილმა არ იცის, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები კი მგონი, მანდატებზე...

კი, ჩვენ დღესაც ამ აზრზე ვართ, – ასე უპასუხა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანგებო ეთერის წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა „გირჩი“ დღეს იგივე პოზიციაზე, როგორც ადრე განაცხადა, რომ არ აიღონ საბიუჯეტო დაფინანსება, თუ ბარიერ გადალახული ოთხი პარტია დაფინანსების მიღებაზე უარს იტყვის და დაწერენ, რომ არ იღებენ ფულს და არ ცნობენ არჩევნებს. „ჩვენ ამას ვსაუბრობდით, თუ მიდიხართ ბოიკოტზე, ზოგადად, ბოიკოტი არის ასეთი. მარტო ეს არ არის მანდ ყველაზე მნიშვნელოვანი მართლა ბოიკოტისთვის, ამაზე მნიშვნელოვანი ასევე არის, მონაწილეობენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ თავიდანვე ნაკლებად გვჯეროდა, რომ ასეთი რაღაც აქ იქნებოდა მიღწეული და ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს შედეგიც დადგა“, – განაცხადა ხვიჩიამ. როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „გირჩი“ საბიუჯეტო თანხას არც იღებს. „ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ პირადად არც ვიღებთ საბიუჯეტო ფულს. „გირჩის“ აქციონერებზე თანაბრად ნაწილდება, ზოგი გვწირავს და ზოგს გააქვს ეს ფული საერთოდ, მაგრამ ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში გვქონდა აღებული რაღაცნაირად თანხმობა ამ ჩვენი აქციონერებისგან, რომ უარი გვეთქვა მთლიანად ამ პროცესზე, თუ დანარჩენებიც უარს იტყოდნენ. დანარჩენ შემთხვევაში დავინახეთ, რომ ნიკა გვარამიამ დარწმუნებული ვარ, იმ თანხებიდან დააზღვია ეს ფული, რომელიც ზუსტად ისე იშოვა, როგორც წინასაარჩევნოდ რამდენიმე, შეიძლება, ათეული მილიონიც იშოვა. შესაბამისად, მე მგონი, ყველაფერი ცხადია. ვინც არ აიღო ეს ფული, არ აიღო იმის გამო, რომ სხვა ფულით აქვს გადაზღვეული, რომელიც საიდან მოდის, კაციშვილმა არ იცის, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები კი არც აპირებენ უარის თქმას. მე მგონი, მანდატებზე უარის თქმასაც არ აპირებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ. ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია და საჯარო დისკუსია ერთმანეთისგან აბსოლუტურად დაშორიშორებული ცნებებია, გულწრფელად ეშინიათ საჯარო დისკუსიის, რადგან იციან, სად არის სიმართლე

დისკუსიას გაურბიან, ამას შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, მათ იციან, სად არის სიმართლე და ამიტომ ეშინიათ ასეთი დისკუსიის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სუბიექტსა და ადამიანს დისკუსია არაერთხელ შესთავაზა და ეს შეთავაზება ძალაში რჩება. „ახალგაზრდებზე გავაკეთე აქცენტი. შემდეგ გამოვიდა მაგალითად შოთა არველაძე, მან გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ ხელისუფლება არ ესაუბრებოდა საზოგადოებას. მას მივმართე, წამოეყვანა 10-12 კაცი, ვის კომპეტენციაშიც ან გულწრფელობაშიც იყო დარწმუნებული და აქაც ნახეთ გარიდება საჯარო დისკუსიისგან. ისევე ეშინიათ მათ დისკუსიის, როგორც ფილმებში ეშმაკს რომ ჯვარს აჩვენებენ და ისტერიკას უპირისპირებს, ასეთი რაღაც ემართებათ. რადიკალური ოპოზიცია და საჯარო დისკუსია ერთმანეთისგან აბსოლუტურად დაშორიშორებული ცნებებია. გულწრფელად ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს. მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ვინც არის რადიკალური ოპოზიციის თუნდაც რიგითი მხარდამჭერი, თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის ის, რომ არ არის მართალი და რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. სხვა მიზეზი და ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს გაქცევას შეთავაზებიდან საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ საჯარო დისკუსიას, ისინი გაურბიან. 2012 წლამდე იყო პირიქით, ხალხი ითხოვდა დალაპარაკებას ხელისუფლებისგან და ხელისუფლება იყო ჩაკეტილი. ჩვენ ვითხოვთ, ახლაც ვიმეორებ იგივე შეთავაზებას. 10-12 კაცი შეიკრიბოს, ვისაც აქვს პრეტენზია გულწრფელობაზე და ვისაც აქვს ინტერესი, რომ მიიღოს კითხვებზე პასუხი, მოვიდნენ, პირდაპირი ეთერის ფორმატში და გავმართოთ დისკუსია. დარწმუნებული ვარ, იგივე გაგრძელდება, რაც აქამდე იყო. გაურბიან დისკუსიას. ამას შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, მათ იციან, სად არის სიმართლე და ამიტომ ეშინიათ ასეთი დისკუსიის“,- განაცხადა პრემიერმა.

„ბიბისი“ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სანაას აეროპორტში იმყოფებოდა, როცა ისრაელმა იემენის დედაქალაქში, აეროპორტზე იერიში მიიტანა

ისრაელის მიერ იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტზე მიტანილი სარაკეტო იერიშის დროს, აეროპორტში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადნჰანომ გებრეისუსი გაერო-ს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. თავდასხმის დროს, თავად გებრეისუსი არ დაშავებულა, თუმცა დაშავდა იმ რეისის ეკიპაჟის წევრი, რომლითაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციის ხელმძღვანელი უნდა გამგზავრებულიყო. თავდასხმების სერია ისრაელმა იემენის სხვადასხვა ქალაქებზე მიიტანა. საერთო ჯამში, „ჰუსიტური“ მედიის ცნობით, დაღუპულია სამი ადამიანი და დაშავებულია 14.  დაღუპულთაგან ორი სანაას აეროპორტში დაიღუპა. BBC-ს ცნობით, გებრეისუსი იემენში დაკავებული გაერო-ს წარმომადგენლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდა, რომლებიც „ჰუსიტებმა“ მიმდინარე წლის ივნისში დააპატიმრეს. ისრაელის მიერ საჰაერო იერიში დაწყებამდე განცხადება გააკეთა ისრაელის პრემიერ-მინისტმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ ბრძოლას მის აღმოფხვრამდე განაგრძობენ.

ნიკა გვარამია – ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს

ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო – აი, ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის“,- წერს ნიკა გვარამია. ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

ბოლო სიახლეები