ოთხშაბათი, დეკემბერი 4, 2024

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა სახის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

დღეს რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დავტოვე „ქართული ოცნება“. ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ღარიბაშვილის თქმით, აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ თანამდებობაზე.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან სანიკიძე: “ამ ხუთ ადამიანს ხელი არ დაედოს, არავინ არ დავუთმობთ ამ ადამიანებს”

“ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და არავინ გაბედოს და ამ ხუთ ადამიანს ხელი არ დაედოს. რაც დღეს ხდება ქვეყანაში, რუსეთი მეტი კი არაფერი არ არის. ჩვენი ქვეყნის დროშა წაიღეს, როგორც ნივთმტკიცება, ამ დროშას შეეწირა ის გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც გმირსაც ვერ უწოდებენ ის ე.წ. სამართალდამცველები.” - ამის შესახებ  “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. “ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და ნეტა “ქართულ ოცნებაში” თუ იციან რა არის ან ოჯახი, მეგობრის პატივისცემა, რა არის სამშობლოსთვის ბრძოლა? ჩვენ ვიცით! ამ ხუთ ადამიანს ხელი არ დაედოს, არავინ არ დავუთმობთ ამ ადამიანებს. ხომ როგორი მონები ხართ ყველა მოსამართლე და იმათი განჩინებაც კი არ ჰქონდათ. ფორმალურადაც არ დაიცვეს ამ ქვეყნის არცერთი კანონი და რა გგონიათ თქვენ, რომ მართლა მოლოტოვის კოქტეილს ვინახავთ პოლიციის გვერდით? ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო ივანიშვილმა, რომელსაც აქვს კონკრეტული დავალება. პოლიციელები რომ იდგნენ გარეთ და მოქალაქე რომ ეკითხებოდა არის თუ არა გიორგი ანწუხელიძე გმირი, პასუხი არ ჰქონდათ და პოლიციელები არიან ისინი? პოლიციელების შვილებო, ოჯახში რომ დაბრუნდებიან კარი არ გაუღოთ. ხანდახან უარი უნდა თქვათ ზოგჯერ მამაზე, ზოგჯერ დედაზე. არ დავუთმობთ ამ ქვეყანას, ვერ მოესწრება ივანიშვილი ამას და რა გგონია რომ შეგვეშინდება? ვერ შეგვაშინებს. ყველა მისნაირი ვირთხა არ არის, კობახიძის მსგავსი ლაჩარი არ არის. სად არის გომელაური? პასუხი არ გექნებათ არაფერზე და მალე გადაითელებით ამ ქვეყნის გარუსებისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის და იმ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის, რომელშიც ჩვენ ვართ. ხომკანონიერად გვექცევით? ჰო და ყველას იმავეს გისურვებთ როგორც ჩვენ ვართ ახლა, რა მდგომარეობაშიც არიან ხუთი ბიჭის დედ-მამა და მეგობრები. რაც დღეს ხდება ქვეყანაში, რუსთაველზე, მეტროებში, რუსეთი მეტი კი არაფერი არ არის და ჩვენი ქვეყნის დროშა წაიღეს, როგორც ნივთმტკიცება, აქ არის ის დროშა და ამის გამო შეეწირა ის გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც გმირსაც ვერ უწოდებენ ის ე.წ. სამართალდამცველები და ქრისტიანები ხართ თქვენ? - განაცხადა ლევან სანიკიძემ

„მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი დააკავეს

„აიპრესის“ ინფორმაციით, ელისაშვილი "საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარეზე ალი ბაბაევზე თავდასხმისთვის არის დაკავებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.

გიორგი ვაშაძე: სულ რომ ყველა დაგვიჭირონ, მზად უნდა ვიყოთ, ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ

"ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც ჩვენ ველოდით თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, ვუპირისპირებთ ერთიანობას", - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერების კონსულტაციების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, ახლა საჭიროა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო დაუმორჩილებლობა/გაფიცვა მოხდეს და ხალხმა "ოცნება" ერთიანი ბრძოლით დაასრულოს. "ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც ჩვენ ველოდით თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, ვუპირისპირებთ ერთიანობას. დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით. დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ. რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ არა მხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა/გაფიცვა მოხდეს მთელს საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც ყველამ კოორდინირებულად უნდა შევასრულოთ. სულ რომ ყველა დაგვიჭირონ, მზად უნდა ვიყოთ, ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

VIDEO: ჩხრეკა ოფისებსა და ბინებში – შსს კადრებს აქვეყნებს

სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შსს ვიდეო მტკიცებულებებს აქვეყნებს:

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი კობახიძეს ესაუბრა – ალენ ბერსეტმა ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაძაბული მდგომარეობისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა ევროპის საბჭოს სახელით შეშფოთება გამოთქვა პოლარიზაციის გაღრმავებისა და მოვლენების პოლიტიკურ ჩიხში შესვლის გამო. „მან ასევე ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან. გენერალურმა მდივანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიების აუცილებლობას. ვინაიდან საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ორგანიზაციის როლი, მოუსმინოს ყველა მხარეს და ქვეყნის ვალდებულებაა, პატივი სცენ ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და სტანდარტებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას, რაც როგორც ქართველი ხალხის, ასევე მთლიანად ქვეყნისა და მისი სტაბილურობის ინტერესშია. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა თავის მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ მისწრაფებებში და უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული უსაფრთხოება. მან ასევე მზადყოფნა გამოხატა, არსებული კრიზისის დასაძლევად აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. ამ მიზნით გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები