საკონსტიტუციო სასამართლო, ისევე, როგორც ყველა სხვა სასამართლო და ინსტიტუტი ჯიბეში ჰყავთ. რაც უნდათ, იმას აკეთებინებენ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარია გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, წარმოებაში არ მიიღო.
„ქვეყანაში ინსტიტუტები აღარ არის, სახელმწიფო აღარ არის და მთავრობა აღარ გვყავს. ამას თუ გააგრძელებენ, პოლიციას ასე თუ დაანგრევენ, რასაც ახლა პოლიციას უკეთებენ, ქვეყანაში იქნება ქაოსი. ამ ქაოსზე პასუხისმგებელი იქნება პერსონალურად ივანიშვილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.