ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა ტექსტით მივმართავთ იმ რაღაც დაწესებულებას, რაც, პირობითად ვთქვათ, არის არალეგიტიმური, დე ფაქტო, თვითგამოცხადებული საოკუპაციო ორგანო, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები მოუწოდებენ ოპოზიციას, მიმართონ პარლამენტს მანდატების დატოვების თაობაზე, რეალურად კი სურთ, ვინმემ აღიაროს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი.
„დღეს ან ხვალ ვაპირებთ მივმართოთ განცხადებით ბიძინას ზოოპარკად გადაქცეულ დაწესებულებას, სადაც გაუგებარი ხალხი შეიკრიბა და გამოაცხადეს, რომ ესაა პარლამენტიო, რომელშიც ოპოზიციიდან მონაწილეობას არავინ აპირებს. საქართველოს პარლამენტს არ აქვს არც პოლიტიკური, არც ლეგიტიმური შინაარსი. არალეგიტიმურ თავყრილობას, რომელმაც აღიარა არარსებული მანდატები, მივმართავთ იმ ფორმით, რომელიც იქნება ადეკვატური. პარლამენტს რომ მიმართო, უნდა არსებობდეს პარლამენტიც, მისი თავმჯდომარეც და არ არსებობს ასეთი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რა ფორმით მოხდება პარლამენტისთვის მიმართვა.
„სამარცხვინო რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები როდესაც მოგვიწოდებენ, მოგვმართეთ განცხადებითო, მდინარაძე ყოველდღე გამოდის და იძახის, აბა, განცხადებები შემოიტანეთო, რა უნდათ, იცით? განცხადება იყოს იმ ფორმით, რომ ვინმემ აღიაროს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, მაგრამ ეს პარლამენტი არ არსებობს. არ ვიცი, სხვა პარტიებმა რა განცხადების ტექსტით მიმართეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა ტექსტით მივმართავთ იმ რაღაც დაწესებულებას, რაც, პირობითად ვთქვათ, რომ არის არალეგიტიმური დე ფაქტო თვითგამოცხადებული საოკუპაციო ორგანო. მანდატი ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და ახლა ცდილობენ, მიგვაღებინონ მონაწილეობა არაკონსტიტუციურ პროცესში, როცა აღიარეს, მათ შორის, ჩვენი უფლებამოსილება. დანაშაულში, მათ შორის, ჩემი ნების წინააღმდეგ მონაწილეობას ვერავინ მიმაღებინებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.