ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024

სოზარ სუბარი: სიხისტე, როდესაც შენს ქვეყანას იცავ არის აუცილებელი, მაგრამ ყაველაშვილს შეუძლია დიპლომატიურობაც, როცა ეს საჭიროა

მიხეილ ყაველაშვილს შეუძლია სიხისტეც და დიპლომატიურობაც, როდესაც ეს არის საჭირო, განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პასუხად კითხვაზე, რა როლის შესრულებას შეძლებს პრეზიდენტობის კანდიდატი დასავლეთთან გადატვირთვის საკითხში.

მისი თქმით, ყაველაშვილის სიხისტეზე საუბრისას, სჯობს გავიხსენოთ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის სიხისტე, რომელიც მის ფრაზებში და განცხადებებში იგრძნობა.

„სიხისტე, როდესაც შენს ქვეყანას იცავ არის აუცილებელი, მაგრამ ყაველაშვილს შეუძლია დიპლომატიურობაც, როდესაც ეს არის საჭირო და როდესაც ეს არის აუცილებელი, ამ მხრივ მას არაფერი არ ეშლება, ნამდვილად. მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება. უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრია. აღარ გავიხსენებ იმას, რომ მანამდეც, როგორ აქტიურად იყო სპორტული კარიერის პარალელურად ჩართული პოლიტიკაში. ასე რომ, მას ეს ნამდვილად შეუძლია და გააკეთებს კიდევაც“, – განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება გადატვირთვის პოლიტიკის საკითხს, სუბარის თქმით, საქართველო იმყოფება გარდამავალ ეტაპზე, როდესაც უნდა დამტკიცდეს მთავრობა, მოხდეს პრეზიდენტის არჩევა ახლებური წესით. სუბარმა აღნიშნა, რომ გადატვირთვის პროცესი ხდება მთელს მსოფლიოში.

მან აღნიშნა, რომ ტრამპმა ყირაზე დააყენა ის ნარატივი, რაც დღემდე იყო გაბატონებული უკრაინის ომთან დამოკიდებულების საკითხში, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით, ლგბტ-დიქტატურის მიმართულებით და ასე შემდეგ.

„უცებ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდა დღის წესრიგში, რომ ყველას უფლება იქნება დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავკარგოთ ტრადიცია, სარწმუნოება და არარეალურ, სურეალისტურ სამყაროში აღმოვჩნდეთ, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა თუნდაც 10-15 წლის წინ. ასე რომ, ეს გადატვირთვა იქ უკვე დაწყებულია და, ბუნებრივია, შეეხება ჩვენს ურთიერთობებსაც“, – აღნიშნა სუბარმა.

მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროპაში ვერ ხვდება, რომ ეს გადატვირთვა დაწყებულია, გერმანიაში პრაქტიკულად მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა დაკარგა ყველანაირი მხარდაჭერა. დღევანდელი კანცლერის რეიტინგი არის ყველაზე დაბალი გერმანიის ისტორიაში, რაც კი კანცლერებს ჰქონიათ და მოდიან სხვა ძალები, მათ შორის, რეიტინგით მეორე ადგილზე დგას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც იცავს გერმანელი ხალხის ინტერესებს.

სუბარის თქმით, ევროპელ ხალხში დაიწყო ათწლეულების განმავლობაში ძალად თავსმოხვეული ანტიღირებულებების გადაფასება.

„ეს არის პირველ რიგში გადატვირთვა და გადატვირთვა როცა მოხდება იქ მათ გონებებში, გაცილებით გაადვილდება ჩვენი ურთიერთობები. აბსოლუტურად არ აქვს ამას მნიშვნელობა, რას იტყვიან ლექსმანი და მარკეტა გრეგოროვა. მარკეტა გრეგოროვას არ იცნობს არავინ თავის სამშობლოში – ჩეხეთში. მისმა პარტიამ წააგო ყველაფერი. მის ქვეყანაში არ იცნობს არავინ და წელიწადში ერთხელ, ერთი წუთით რომელიმე ტელევიზიის ეთერი თუ ეღირსება ღმერთს მადლობას სწირავს, თუ სწამს ღმერთის და საქართველოს ტელევიზიებმა გაიხადეს კუმირად და დღე არ გავა ამ ადამიანს არ გვასმენინონ. ისინი არ არიან ჩვენთვის ავტორიტეტები“, – აღნიშნა სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ასოშიეითედ პრესი“ – ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას მოუწოდებს, მობილიზაციის შესახებ კანონს გადახედოს და ჯარში გასაწვევი ასაკი 18 წლამდე დაწიოს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას მოუწოდებს, მობილიზაციის შესახებ კანონს გადახედოს და ჯარში გასაწვევი ასაკი 18 წლამდე დაწიოს. ამის შესახებ „ასოშიეითედ პრესი“ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. როგორც მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვით აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ უკრაინამ ომში გასაწვევი ასაკი 25-დან 18 წლამდე დაწიოს, რათა შეძლონ სამხედრო ასაკის მამაკაცთა ჯგუფის გაფართოება. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინას უფრო მეტი სამხედრო სჭირდება საომარი მოქმედებების ჩასატარებლად. სააგენტო ასევე ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ ლიდერებთან შეხვედრის დროს ისმენს მათ შეშფოთებას საკითხზე, რომ უკრაინას არა იარაღის, არამედ სამხედროების არასაკმარისი რაოდენობა ჰყავს.

ირაკლი კობახიძე – მოსწავლეების მოთხოვნა იყო, საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა თემები, რომლებიც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, ეს ჯანსაღი მოთხოვნაა

მოსწავლეების მოთხოვნა იყო,  საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც ჯანსაღი მოთხოვნაა, თუ სკოლაში რაღაცის სწავლა არ გევალებოდა, შესაბამისად გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები წმინდა წყლის სპეკულაციაა. „არის გარკვეული ჩამონათვალი ლიტერატურის და ისტორიის მონაკვეთებიც, რომლებიც აქამდეც არ შედიოდა სავალდებულო პროგრამაში. რატომ არ შედიოდა, ამას, შეგვიძლია, ცალკე დავუბრუნდეთ, რაც სერიოზული პრობლემაა. იყო მოთხოვნა მოსწავლეების მხრიდან, რომ საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა ისეთი თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც არის ჯანსაღი მოთხოვნა. შენ თუ არ გევალებოდა სკოლაში რაღაცის სწავლა, შესაბამისად გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ. შესაბამისად, გავითვალისწინეთ, მხედველობაში მივიღეთ მოსწავლეების ეს მოთხოვნა და არასავალდებულო საკითხები აღარ იქნა შეტანილი საგამოცდო პროგრამაში. მათ შორის აღმოჩნდა ეს კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებები და კონკრეტული პასაჟები ისტორიის სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც არ იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ გამაოგნებელია იმ ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო პროგრამაში არ შედის. „უბრალოდ არ შეიძლება, ის ნაწარმოებები, საუბარია ქართულ პროზაზე და ქართულ პოეზიაზე, არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის, რასაც უნდა მივხედოთ და ამაზე ზრუნვა დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – პარლამენტში ოპოზიცია იქნება, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი

იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მანდატების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. „ჯერ არ გვიმსჯელია ჩვენ ამ საკითხზე. გახსოვთ, ოთხი წლის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით. ამაზე გამოდიოდნენ მაშინ ის ე.წ. ტოპ ტვინები , რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ პარლამენტის მხრიდან მანდატების ლეგიტიმაციის ცნობა არ იყო კონსტიტუციური და იგივე „ტოპ ტვინები, ე.წ. კონსტიტუციონალისტები აცხადებდნენ, რომ პარლამენტის მხრიდან ამ დეპუტატებისთვის მანდატების არშეწყვეტა იყო არაკონსტიტუციური. თუმცა, საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ, სწორედ, ამ ჩვენი გადაწყვეტილებით ისარგებლა ოპოზიციამ, როდესაც შემოვიდა პარლამენტში და 3.5 წელიწადი, სწორედ, ჩვენი ე.წ. არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების წყალობით სარგებლობდნენ საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, იღებდნენ ხელფასებს, მათ შორის, ამ ექვსი თვის განაცდურიც მოითხოვეს და ეს ხელფასებიც ბოლომდე აიღეს. ეს იყო მაშინდელი გადაწყვეტილება, მაშინ არ შევუწყვიტეთ მათ მანდატები. ჯერჯერობით არ გვიმსჯელია ამ საკითხზე, შემოვიდა 20 განაცხადი, დაანონსებულია ხვალაც განაცხადების შეტანა, დაველოდებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, საშუალება, რომ ორ კვირაში კენჭი ვუყაროთ ამ საკითხს. მანამდე, ბუნებრივია, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტში ოპოზიცია იქნება, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი. გახსოვთ, წინა ოთხი წლის განმავლობაში ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში, მაგრამ ამით მაინც არ შეწყვეტილა ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა, ისინი ერთნაირად აგრძელებდნენ ქუჩისა და დარბაზის გამოყენებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსეი არესტოვიჩი: დიდი ხანია, უკრაინას, როგორც პოლიგონს, ისე იყენებენ

დიდი ხანია, უკრაინას, როგორც პოლიგონს, ისე იყენებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. „დამიჯერეთ, ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ. ჩვენ ვართ ინსტრუმენტი, რომელზეც ხელს დააჭერ და რაკეტას გაუშვებ. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რამდენი სისხლი დაიღვარა, რამდენი რაღაც დაინგრა, არცკი დაგვიმსახურებია მაგიდასთან ადგილი, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ და მთელი ომი ჩვენს თავს ხდება“, – აღნიშნა არესტოვიჩმა. მან ასევე განაცხადა, რომ ზელენსკის არანაირი კოზირი არ აქვს. „არანაირი კოზირი მას არ აქვს. თქვენ არ იცით, დონალდ ტრამპის გარემოცვაში როგორ მოიხსენიებენ, ამ სიტყვების გამეორებასაც კი არ დავიწყებ. როგორც არ უნდა მიყვარდეს, ბოლოს და ბოლოს ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია, როგორც ექცევიან მას რეალურად, შემიძლია გითხრათ, რომ გაშარჟება პირველია, ყველაფერი ახლა იწყება“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა, რათა მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან და ევროკავშირთან, ამისთვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები

ჩვენთვის ნებისმიერ მომენტში პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა, რათა მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან და ევროკავშირთან, ამისთვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რაც უფრო მალე დასრულდება უკრაინაში ომი, მით უფრო მალე გამოჩნდება შემხვედრი ნაბიჯები. „ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან, ვუკავშირებდით ძირითადად სამ მოვლენას – ერთი იყო ჩვენი არჩევნები, რაც უკვე დასრულდა, მეორე იყო ამერიკული არჩევნები, რაც ასევე დასრულდა, თუმცა ინაუგურაციას ელოდება ყველა და არსებითად პროცესები აშშ-ში შეიცვლება, ინაუგურაციის, ანუ 20 იანვრის შემდეგ. მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა არის უკრაინაში ომის დასრულება, რაც ასევე ჩვენი პროგნოზის შესაბამისად წარიმართება, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, მომავალ წელს უკრაინაშიც დასრულდება ომი. ეს იყო სამი მთავარი ფაქტორი, საიდანაც ორი უკვე დასრულებულია, მესამე ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ნებისმიერ მომენტში პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა, რათა მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ამისთვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. რაც უფრო მალე დასრულდება უკრაინაში ომი, მით უფრო მალე ვიხილავთ ამ შემხვედრ ნაბიჯებს, ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები