გრიგოლ გეგელია ეუბნებოდა პოლიციელს, ხვალ გავიგებ თქვენს გვარსო, გაიგოს, აგერ ვართ, რა უნდა ექნა, გვარს რომ გაიგებდა, პოლიციელი უბრალოდ იდგა და გეგელია მიდის, უყვირის, გვარის გაგებით თითქოს აშინებდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 25 ნოემბრის აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებდა, რაც მიუღებელია.
„გეგელიასთან დაკავშირებით გეტყვით, მეღიმება, უკაცრავად, მაგრამ ცოტა სასაცილო იყო, ჭავლი გამოიყენესო. ჯერ უმჯობესია, ჩამოყალიბდნენ, ეს ადამიანები არიან პარლამენტის წევრები, თუ არ არიან, თუ უარს აცხადებენ მანდატებზე. მეორე – იქ რაც ვნახე, ჩემთვის მიუღებელი იყო, „ხვალ გავიგებ თქვენს გვარსო“. გაიგოს, კი ბატონო. აგერ ვართ, რა უნდა ქნას, გვარს რომ გაიგებდა. რა გააკეთა იმ პოლიციელმა, იდგა უბრალოდ, არაფერი გაუკეთებია. გეგელია პოლიციელთან მიდის, უყვირის, ეს მანქანები რატომ მოიყვანეო. ვფიქრობ, იქით აყენებდა შეურაცხყოფას. გვარის გაგებით თითქოს აშინებდა.
არ მინდა, ხაზი გავუსვა, ფხიზელი იყო თუ არა ეს ადამიანი. მტკიცებულებით ფორმატში მოვიტანე, მაგრამ ისეთი მიუღებელი ჩვენთვის იქ არაფერი მომხდარა. თვითონ მივიდა პოლიციასთან, პოლიცია არ მისულა, აქ რატომ დგახარ და ასე შემდეგ. თვითონ მივიდა და დაუწყო საუბარი. რა საუბარიც იყო, ჩემთვის მიუღებელია. როცა პოლიტიკოსი ხარ და პრეტენზია გაქვს მორალზე, ყველაფერზე, არ შეიძლება, ასე მოექცე მოქალაქეს, პოლიციელს“, – განაცხადა გომელაურმა.