ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024

შალვა პაპუაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა, მადლობა ხალხს, რომელმაც თავი არ მოატყუებინა არავის, მხარი დაუჭირა გუნდს, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველოა

„ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი დაუჭირა იმ გუნდს, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი თავისუფალი, პირდაპირი და მტკიცე ნება, ვის ანდობდა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის სადავეებს.

„მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებიც სამი წლის წინ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევისას ვთქვი: ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში, ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ერთი თვის წინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ამ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი თავისუფალი, პირდაპირი და მტკიცე ნება, ვის ანდობდა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის სადავეებს. ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“, ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში სრული უმრავლესობა მოვიპოვეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც მორიგ ჯერზე ბრძნულად განჭვრიტა ვითარება, თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი იმ გუნდს დაუჭირა, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გივი მიქანაძე: თუ ჩახსნიან სიებს, უარს იტყვიან მანდატებზე, რისი ალბათობაც მცირეა, ფაქტობრივად, თვითლიკვიდაციას მოახდენენ. დაეკარგებათ შესაძლებლობა გამოიყენონ მნიშვნელოვანი პლატფორმა, რასაც პარლამენტი წარმოადგენს

თუ რეალურად ჩახსნიან სიებს, უარს იტყვიან მიღებულ მანდატებზე, რისი ალბათობაც ძალიან მცირეა, ფაქტობრივად, თვითლიკვიდაციას მოახდენენ, იმიტომ, რომ მათ უკვე დაეკარგებათ შესაძლებლობა გამოიყენონ ის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რასაც პარლამენტი წარმოადგენს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ რადიკალური ოპოზიციის მიერ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ეს ყველა შემთხვევაში ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება. „ჩემთვის არ არის ცნობილი რამდენად მათ მიმართეს შესაბამის უწყებებს. ამ შემთხვევაში სიების ჩახსნაზე უნდა მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხოლო იმ კონკრეტულმა პირებმა, ვინც არჩეულები არიან პარლამენტის წევრებად, მათ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა დაწერონ შესაბამისი განცხადებები. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ეს ყველა შემთხვევაში ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება, ვინაიდან, თუ ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ უპრინციპობასა და უღირსობას. კიდევ ერთხელ საზოგადოება დარწმუნდება, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ სიცრუით შეუძლია გარკვეული პერფორმანსების და გარკვეული დაპირებების გაჟღერება. თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, ფაქტობრივად თვითლიკვიდაციას გააფორმებენ“, - აღნიშნა მან. გივი მიქანაძის თქმითვე, 4 ოპოზიციურ პარტიას 61 მანდატი აქვს მოპოვებული და კოორდინაციის შემთხვევაში მათ აქვთ უამრავი შესაძლებლობები რეგლამენტიდან გამომდინარე სხვადასხვა ფუნქციები გამოიყენონ. „ვნახეთ მთელი წინასაარჩევნო პროცესის დროს, ახლაც, მას შემდეგ რაც არჩევნები დასრულდა, ეს კოორდინაცია რეალურად არ არსებობს. ეს არის მითი და რეალურად მათ შორის კოორდინირებულ მოქმედებებს ადგილი არ აქვს. სპონტანურად ხდება ცალ-ცალკე პარტიების მიერ სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. ამ შემთხვევაში მათ აქვთ უამრავი შესაძლებლობები რეგლამენტიდან გამომდინარე სხვადასხვა ფუნქციები გამოიყენონ ისევე, როგორც დაიკავონ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი თანამდებობები, მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ და რეალურად ჩახსნიან სიებს, უარს იტყვიან მიღებულ მანდატებზე, რისი ალბათობაც ძალიან მცირეა, ამ შემთხვევაში ისინი, ფაქტობრივად, თვითლიკვიდაციას მოახდენენ. მათ უკვე დაეკარგებათ შესაძლებლობა გამოიყენონ ის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რასაც პარლამენტი წარმოადგენს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ზურაბ ქადაგიძე: ან უნდა ვყოფილიყავით შპს საქართველო, ინდ. მეწარმე საქართველო, ენჯეო საქართველო ან შეგვენარჩუნებინა სუვერენიტეტი, სწორედ ეს არჩევანი გაკეთდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გაკეთებულ არჩევანს ეხმიანება. „ეს იყო ეგზისტენციალური მოვლენა, როდესაც საქართველოს აშკარა არჩევანის გაკეთება უწევდა ორ მოცემულობას შორის“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ არჩევანი ქართველი ხალხს ჰქონდა საქართველოს სუვერენიტეტსა და მორჩილებას შორის. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მზად იყვნენ ქვეყანა პოლიტიკურ და ფინანსურ დოტაციაზე დაეყენებინათ და სანაცვლოდ, მათი უცხოელი პატრონების ნებისმიერი დავალება უსიტყვოდ შეესრულებინათ, თუმცა ქართველმა ხალხმა აირჩია სუვერენიტეტი. ზურაბ ქადაგიძის თქმით, პარლამენტი ქართველი ხალხის საკუთრებაა და სწორედ ამიტომ, სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ქართული ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „დღევანდელი დღე შედგა, გილოცავთ! მისალოცი ამბავია არა იმიტომ, რომ ტექნიკურად ეს საკითხი გაიმართა და უფლებამოსილება ცნეს, არამედ იმიტომ, რომ ყველა ვთანხმდებით - ეს იყო ეგზისტენციალური მოვლენა, როდესაც საქართველოს აშკარა არჩევანის გაკეთება უწევდა ორ მოცემულობას შორის. ან უნდა ვყოფილიყავით შპს საქართველო, ინდ. მეწარმე საქართველო, ენჯეო საქართველო ან შეგვენარჩუნებინა სუვერენიტეტი. ან უნდა ვყოფილიყავით სრულ პოლიტიკურ და ფინანსურ დოტაციაზე, რაზე წამსვლელებიც იყვნენ რადიკალები, რეალურად დაგვსვამდნენ სრულ დოტაციაზე და ამას წინაპირობები მოჰყვებოდა- ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მოცემულობაში, ნებისმიერი პირობა უნდა შეგესრულებინა, ან იყო მეორე ამოცანა - ის, რაც დღეს ვნახეთ. პარლამენტში მიწვეული იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქართული ეკლესიის წარმომადგენლები. ძალიან კარგი განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმა - რატომ არ იყვნენ ელჩები პირველ სხდომაზე. პარლამენტი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის საკუთრებაა. ქართველმა ხალხმა ხელისუფლება 4 წლით ანდო კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და ამ ძალისგან ხალხი ითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის დაზღვევას და ა.შ. აქედან გამომდინარე, რაც ქართველი ხალხისთვის არის ავთენტური, ზუსტად ის იყო პარლამენტში წარმოდგენილი - ჩვენი სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები და მოხდა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა. ახლა დაწყება მთავრობის ფორმირება“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

ოპოზიციამ პარლამენტთან სცენის კონსტრუქციები დაშალა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სცენის კონსტრუქციები დაშალეს. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სცენის კონსტრუქციები დაშალეს.

გიორგი ვაშაძემ მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ელექტრონული ფოსტით მიმართა – დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იმავეს გააკეთებენ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. ამის შესახებ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით კოლეგებთან საუბარი არ ჰქონია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ისინიც იმავეს გააკეთებენ. „ოპოზიციონერ კოლეგებთან ვერ მქონდა კონსულტაცია, რადგან მთელი დღე თქვენთან ერთად ვარ. მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი. არანაირი კავშირი ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არ მექნება და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რათა მოვიპოვოთ გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იმავეს გააკეთებენ, უბრალოდ, მე ახლა აქ ვარ და აქედან მოგმართავთ თქვენ. ეს განცხადება უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში, გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით და დაუყოვნებლივ, ხვალვე მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მათთან კონტაქტი. მათთან არაფერი მაკავშირებს, არანაირი მანდატი, არანაირი პარლამენტი არ არსებობს. არსებობს ეს თვითმარქვია ორგანო და არსებობთ თქვენ, ძალაუფლება თქვენშია და არა – მათში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ და აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა. ვაშაძის თქმით, უკან არ დაიხევენ და ერთობლივი ბრძოლით აუცილებლად მიაღწევენ საბოლოო გამარჯვებას. „ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის შენობიდან გაიპარა, გაიპარა საკუთარ თვითმარქვია დაჯგუფებასთან ერთად, რომელმაც დღეს საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო საქართველოში. პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის დღეიდან არა ხელისუფლება, არამედ თვითმარქვია ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც უნდა, მიიტაცოს ეს ქვეყანა, მაგრამ პირობას გაძლევთ, ერთობლივი ბრძოლით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და მივიყვანთ ამ გამარჯვებას ბოლომდე. არცერთი წუთით არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ, რათა საქართველომ გაიმარჯვოს. ეს ბრძოლა, შეიძლება, ცოტა გაგვიგრძელდეს, მაგრამ მერწმუნეთ, არცერთ წამს, წუთს თქვენ ჩვენგან ვერ ნახავთ უკან დახევას. თქვენთან ერთად ბოლომდე მივაწვებით, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშალოს. მერწმუნეთ, აუცილებლად ასე მოხდება. ჩვენ არც წვიმა გაგვაჩერებს, არც ქარი, არც სიცივე და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვიზეიმებთ ისეთ საქართველოს, რომელიც გინდათ“, – განაცხადა ვაშაძემ. ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელ დღეს არაფერი დასრულებულა, არამედ იწყება სრულიად ახალი პროცესი. „ჩვენი ბრძოლის ხაზი იქნება პროტესტი, საგარეო ასპარეზი. სულ მალე დადგება წამი, როდესაც ჩვენ გადამწყვეტ შეტევას მივიტანთ ამ თვითმარქვია დაჯგუფებაზე და ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას. დღევანდელ დღეს არაფერი დასრულებულა, პირიქით, დღევანდელ დღეს იწყება სრულიად ახალი პროცესი. ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, როცა ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს. ჩვენ, ყველანი ერთად, შევქმნით ალტერნატიულ მექანიზმებს, რომელიც თქვენგან იქნება ლეგიტიმური და დაიწყებს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა საბოლოოდ ჩაბეტონდეს, რომ არ მოხდება ამ არჩევნების აღიარება და თქვენს წარმომადგენლად იქნება ცნობილი ის მექანიზმი, რომელსაც ჩამოვაყალიბებთ ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად. ხელს თუ ჩამოვუშვებთ, მაშინ მტერი გაიმარჯვებს, თუ ვიბრძოლებთ, თავდადებას, ბრძოლას, წინსვლას ყოველთვის ექნება შედეგი. თქვენ წინაშე ვფიცავ, რომ არცერთი წამით არ დავიხევთ უკან. თქვენ ხართ ის ნათელი წერტილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ, ერთიან, ევროკავშირის წევრ საქართველოში ცხოვრებას. მჯერა, ავაშენებთ ქვეყანას, სადაც დიდს და პატარას ექნება საკუთარი ღირსეული ადგილი. სულ მალე დიდი ზეიმი იქნება საქართველოში და საქართველოში ინათებს და აუცილებლად იქნება ის, რისთვისაც ვიბრძვით – ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირის წევრი საქართველო, ღირსეული ადამიანების ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

20-მა ევროპარლამენტარმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის სახელით დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორიცაა 20 ევროპარლამენტარი, მათ შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, ანტონიო ლოპეს-ისტურის ვაითი, მიხაელ გალერი, ანდრჟეი ჰალიჩკი, დევიდ მაკალისტერი და სხვა ევროპელი კანონმდებლები. 20 ევროპარლამენტარი საკუთარი რეზოლუციის პროექტით კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარულ საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის  მიზნით. როგორც რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. „რეზოლუციის პროექტის ავტორები მტკიცედ იმეორებენ თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარულ საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის  მიზნით. დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს სრული პასუხისმგებლობა მისთვის მიყენებული  ნებისმიერი ზიანისთვის“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. ამასთან, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის სახელით დარეგისტრირებულ რეზოლუციის პროექტში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. „აღნიშნული პროექტი მკაცრად გმობს 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ მრავალრიცხოვან და სერიოზულ საარჩევნო დარღვევას, მათ შორის დაშინების, ხმების მანიპულირების, ბიულეტენების ჩაყრის, არჩევნების დამკვირვებლებსა და მედიაში ჩარევის დოკუმენტურ შემთხვევებს და მანიპულირებას ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებთან დაკავშირებით, რომელიც იძლეოდა მრავალჯერადი ხმის მიცემის უფლებას პირადობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტით; მიიჩნევს, რომ ფართომასშტაბიანი საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას, შედეგების ლეგიტიმურობას, საზოგადოების ნდობას ნებისმიერი ახალი ხელისუფლების მიმართ და არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების საიმედო წარმომადგენლობას. ამასთან, დოკუმენტი მხარს უჭერს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების მოწოდებას საარჩევნო მანიპულირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების ბრალდებებზე, რომლებსაც, როგორც იტყობინებიან, ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გახადოს ხმის მიცემის ოქმები ხელმისაწვდომი და საჯარო, რათა დაუშვას ამომრჩევლების გადამოწმება“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. რეზოლუციის პროექტი მიესალმება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გადაწყვეტილებას საქართველოში ტექნიკური მისიის გაგზავნის შესახებ. „მოუწოდებს მას და კომისიას ჩამოაყალიბონ მისიის ფართო მანდატი, რომელიც სცილდება ეუთო-ს არჩევნებზე სადამკვირვებლო ჩარჩოსა და მეთოდოლოგიის შეზღუდვებს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის არჩევნებზე დაკვირვების მეთოდოლოგიისგან, რადგან ეუთო-ს მეთოდოლოგიას ყოველთვის არ შეუძლია, ადეკვატურად აღბეჭდოს ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში არჩევნების დღემდე, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა დაშინებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების ხელის შეშლის კარგად დამკვიდრებული სისტემა; სჯერა, რომ ასეთი ფართო მისიის მანდატი შესაძლებელს გახდის, შეაფასოს საარჩევნო ჩარჩოს მანიპულირება და სხვა გრძელვადიანი მოსამზადებელი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლებელს ხდის ხმის მოპარვას, ხმების მოსყიდვას, ამომრჩეველთა დაშინებას და საარჩევნო დარღვევებს, ამავდროულად, მამხილებელთა, მოწმეთა, მკვლევართა და ჟურნალისტთა ანონიმურობისა და დაცვის გარანტიას იძლევა იძულებისა და დაშინების ამჟამინდელ ადგილობრივ კლიმატში; მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ევროკავშირის მისიასთან და მიაჩნია, რომ თანამშრომლობის სურვილის არქონა კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს არჩევნების ლეგიტიმურობას“, – ნათქვამია პროექტში. 20 ევროპარლამენტარის რეზოლუციის პროექტში საუბარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლზეც. „აღიარებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცედ დაგმობას და მის გადაწყვეტილებას, არ აღიაროს შედეგები; თვლის, რომ, როდესაც ხმების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვნად შელახულია დარღვევების მასშტაბით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები; შესაბამისად, უარყოფს საპარლამენტო არჩევნების აღიარებას და მოუწოდებს მათ ხელახლა ჩატარებას, პროცესის წარმართვას დამოუკიდებელი ეროვნული საარჩევნო ორგანოს მიერ, მკაცრი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ, რათა უზრუნველყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო, რაც გამწვავდა გენდერული კვოტების გაუქმებით. პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოუწოდებს. მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე; იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო და გაყინონ მისი მთელი ქონება ევროკავშირში“, – ნათქვამია პროექტში. რეზოლუციის პროექტი ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებისთვის და მოუწოდებს კომისიას და საბჭოს გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული. „ხაზს უსვამს, რომ უვიზო მიმოსვლას განსაკუთრებით აფასებენ საქართველოს ახალგაზრდობა და რომ მისი გაგრძელება დამოკიდებულია ევროკავშირის ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულებაზე; მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც მონაწილეობს საარჩევნო დარღვევებში. აღნიშნულ პროექტში ხაზგასმულია, რომ ახალი ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა ასევე გაყინა საქართველოსთვის თანხების გამოყოფა. როგორც რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის  გაგრძელება არა მხოლოდ სამწუხარო მოვლენაა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოდესღაც ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო, არამედ უნდა შეიცვალოს, რათა ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირთან დაუბრუნდეს გზას. ასევე, გამოთქმულია წუხილი, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო მიუთითებს მმართველი პარტიის ავტორიტარულ ცვლილებაზე და ღალატობს ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებებს“, – ნათქვამია დოკუმენტში“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. ასევე, დოკუმენტის ავტორები იხსენებენ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 და 15 დეკემბრის სამიტზე იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის მიხედვით. „ხაზს უსვამენ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები აშკარად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფაქტობრივი  შეჩერების შესახებ იყო სწორი. პროექტი ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პოლიტიკა შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. რეზოლუციის პროექტი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების და მათი სურვილის მიმართ, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ავტორები მოუწოდებენ ევროკომისიას, გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად იყო გათვალისწინებული, რათა გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა  საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომლებიც მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან მმართველი პოლიტიკური პარტიისა და ხელისუფლების მხრიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში. რეზოლუციების პროექტებზე კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში 28 ნოემბერს არის ჩანიშნული. დღესვე ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, იმუშაონ კონსტრუქციულად და დაძლიონ პოლარიზაცია.

ბოლო სიახლეები