პარასკევი, სექტემბერი 11, 2026

1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამასთან, შსს-ს განმარტებით, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ, შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

„ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი.
საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ. მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);
საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;
ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა;
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი;
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.
თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია, პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა;

თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს, შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე;

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

დეტალური ინფორმაცია ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლების, ასევე, იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის შესახებ, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით, იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ოთარ ფარცხალაძე – რაც არ უნდა შეეცადონ დასავლელი კურატორები ქართველებში რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებას, საღად მოაზროვნე ხალხი, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრია, ისტორიული სიმართლის მხარეს...

საქართველოს მოსახლეობის საღად მოაზროვნე ნაწილი დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივების მცდელობებს არ აჰყვა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა.ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, „რუსეთი ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა მის ყველაზე მძიმე დროს, როდესაც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი ეჭვქვეშ იდგა“.„რაც არ უნდა შეეცადონ დღეს დასავლელი კურატორები ქართველებში რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებას, საღად მოაზროვნე ხალხი, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრია, ყოველთვის ისტორიული სიმართლის მხარეს იქნება და არა ცრუ დასავლური ნარატივების“, - აღნიშნა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით, რომ ოქტომბრის ბოლომდე გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი

ვფიქრობთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ანაკლიაში მიმდინარე ძალიან აქტიური სამშენებლო სამუშაოები სრულ თანხვედრაშია მთავრობის მიერ დაწესებულ გეგმა-გრაფიკთან.„პორტის ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად უკიდურესად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ დროულად გამოაცხადოს სამშენებლო ტენდერი მისასვლელ გზასა და სარკინიგზო გზის მიმართულებით. დღეს უკვე პირველად საჯაროდ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საფინანსო ორგანიზაციებს ვგულისხმობ და ამავდროულად, საქართველოს რკინიგზამ დაასრულა პროექტირება ანაკლიის პორტთან მისასვლელი რკინიგზის გზის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის თქმით, ტენდერის გამოცხადება იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უკვე შემდეგ ფაზაზე გადასაყვანად. ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს მათ შორის, ნათელი დემონსტრირებაა იმისა, თუ რამდენად სისტემურად უდგება სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების განვითარებას.„ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული დასახული გეგმა თანმდევი დროის გრაფიკით, რასაც ზედმიწევნით მივყვებით ყველა შესაბამისი უწყება, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს , რომ 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა მიიღოს პირველი გემი და, რა თქმა უნდა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის, სტუ-ის ყოფილი კანცლერის ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და მის კოლეგებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო.ქალბატონ ირინას მრავალწლიანი, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პროფესიული მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აკავშირებდა, სადაც მან თავისი მასშტაბური ადმინისტრაციული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის მოღვაწეობას უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე. ქალბატონი ირინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კანცლერი იყო, ეს პასუხისმგებლობა მას უნივერსიტეტისათვის უმძიმეს პერიოდში დაეკისრა. 1990-იანი წლები საქართველოსთვის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების ხანად იქცა. გაჭირვება, ენერგეტიკული კრიზისი, ფინანსური სირთულეები და ყოველდღიური ყოფის უმძიმესი პირობები უშუალოდ აისახებოდა უნივერსიტეტის ცხოვრებაზეც. ასეთ ვითარებაში უნივერსიტეტის მართვა განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი თავდადებას მოითხოვდა.სწორედ ამ ურთულეს წლებში იდგა ქალბატონი ირინა უნივერსიტეტის სათავეებთან. მისი კანცლერად საქმიანობის პერიოდი იყო უნივერსიტეტის გადარჩენისთვის ბრძოლა.ქალბატონი ირინა უნივერსიტეტის ისტორიაში დარჩა როგორც პირველი კანცლერი და როგორც ადამიანი, რომელმაც უმძიმეს წლებში საკუთარ თავზე აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ირინა ბადაგაძის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ მძიმე დანაკლისის გამო.უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

აშშ-ის საელჩო – 25 წელი გავიდა 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან, წარმოუდგენელი ბოროტების წინაშე, ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ არასდროს დავიხევთ უკან და არასდროს დავნებდებით

დღეს 25 წელი გავიდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან – ტრაგედიიდან, რომელმაც 2 977 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სამუდამოდ შეცვალა ამერიკა, – ამის შესახებ 11 სექტემბრის ტერაქტის თარიღთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.„25 წლის შემდეგაც, ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას, ამ ტრაგედიის ჟამს გამოვლენილ გმირებსა და ამერიკული სულის სიმტკიცეს.წარმოუდგენელი ბოროტების წინაშე, ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ ჩვენ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით და არასდროს დავნებდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – შევუერთდით სამ სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან

ჩვენ შევუერთდით სამ სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარიზში განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.„მნიშვნელოვანია, ევროპას ჰქონდეს თავისი ხედვა, თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა კოსმოსის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, რესურსები ამ მიმართულებით შეზღუდულია, თუმცა ჩვენ ვართ გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი. ჩვენ ვმონაწილეობთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაც არის მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორებისთვის. ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – განაცხადა კობახიძემ.

ბოლო სიახლეები