საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის შესაბამისად, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღის უნდა გაიმართოს. ასევე, მოგეხსენებათ და ჩანს საჯაროდ, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას. ამავე მუხლის განაწესით, მან უნდა განსაზღვროს ამ ათი დღის განმავლობაში, რომელ დღეს გაიმართოს სხდომა. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, კერძოდ, დაიწყება 12:00 საათზე.
გაგაცნობთ პროცედურებს, როგორ იქნება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი დღე. როგორც მოგეხსენებათ, ცესკო-მ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გამზადებულია არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები, ამიტომ ყველა არჩეულმა წევრმა მანდატი ცესკო-სგან უნდა აიღოს. 25 ნოემბერს, 11:00 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია. წერილობითია რეგისტრაცია, ვინაიდან ჩვენ ელექტრონულ სისტემაში არ არიან ახალი პარლამენტის წევრები შეყვანილი და პარლამენტის სხდომათა დარბაზთან იქნება სიის მეშვეობით ახლად არჩეული წევრების რეგისტრაციაში გატარება. 12:00 საათზე დაიწყება უკვე ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა, რომელსაც წარუძღვება მისი უხუცესი წევრი, ლადო კახაძე, ისევე, როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის შემთხვევაში იყო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტით დადგენილი პირველი სხდომის დღის წესრიგი განმარტებისას აღნიშნა, რომ პირველი საკითხი არის უფლებამოსილების ცნობა.
„იცით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეც არის ჩართული ამ პროცესში. მისი მოხსენების შემდეგ მოხდება პარლამენტის მხრიდან პარლამენტის წევრების 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა და ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება, რის შემდეგაც უკვე ყალიბდება ფრაქციები შესვენების დროს. შესვენების შემდეგ უკვე ხდება წარმოდგენა პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა. შემდეგ კვლავ ცხადდება შესვენება, რომლის დროსაც ხდება კომიტეტების ჩამოყალიბება. ამის შემდეგ უკვე ხელახალ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა. შესაბამისად, პირველ სხდომაზე ჩვენ გვექნება სამი ძირითადი საკითხი. ეს გახლავთ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა, მათ შორის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
რაც შეეხება უკვე სასესიო კვირას, კვირის განმავლობაში ჩვენს დღის წესრიგში იქნება ერთი, პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა. როგორც იცით, პარლამენტმა უნდა ჩანიშნოს არჩევის თარიღი და ასევე, ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება სამთავრობო პროგრამასთან ერთად. შესაბამისად, ჩვენ მომავალ კვირას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას და მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება სრულად, როგორც ფუნქციონირებადი მე-11 მოწვევის პარლამენტი, ისე ახლად დამტკიცებული მთავრობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.