საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, კონფერენციაში – „პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოში – არსებული სამართლებრივი მექანიზმები და პრაქტიკული გამოწვევები”, მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის (IP & Tech Law Research Center) ორგანიზებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებმა, იურიდიულმა კომპანიებმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტებმა.
კონფერენცია გახსნეს IP & Tech Law Research Center-ის დამფუძნებელმა ლიკა შიხიაშვილმა და თანადამფუძნებელმა ნინო ჯიბუტმა. მათი განცხადებით, კონფერენციაზე დარეგისტრირდა 100-მდე პრაქტიკოსი იურისტი, დარგის სპეციალისტი, სტუდენტი, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი, რომლებიც განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი საკითხები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი, ხელოვნური ინტელექტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვა, საქართველოში არსებული გამოწვევები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ნინო ომანაძის თქმით, პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ძალაში შესვლისთანავე უნივერსიტეტში შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას.
„საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებისთანავე, უნივერსიტეტში შეიქმნა შესაბამისი სამსახური, გავიარეთ ტრენინგები და შევუდექით საქმიანობას. პირველ რიგში, შევიმუშავეთ სამართლებრივი აქტები, რომლითაც ჩვენი საქმიანობა მოვიყვანეთ კანონთან შესაბამისობაში. კონფერენცია მეტად მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუცია ახალი შექმნილია, ხოლო IP & Tech Law Research Center კი არის ევროპაში მოქმედი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საშუალება გაგვიზიაროს ევროპული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია”, – აცხადებს ნინო ომანაძე.
ინფორმაციისთვის: პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 2023 წელს მიიღო. ამ თანამდებობის შემოღების აუცილებლობა გათვალისწინებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს სამართლებრივი აქტებით. კანონი უკვე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.