უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა, რომელიც ეფექტიანი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფის თემას ეძღვნება. კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი მოხსენებით გამოვიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, მინისტრის მოადგილემ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კანონშემოქმედებითი საქმიანობის განვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პარალელურად საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პრაქტიკაზე ისაუბრა.
„ყურადღება კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფაზე გამახვილდა, ასევე, მტკიცებულებებსა და ანალიზზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებაზე, რასაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი კომისიები და სამეცნიერო-აკადემიური საბჭო უზრუნველყოფს.
ბექა ძამაშვილმა ევროპელ კოლეგებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ქართული გამოცდილება გაუზიარა და ამ მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უახლოეს მომავალში განსახორციელებელი აქტივობები გააცნო.
ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები, მაღალი დონის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები იღებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.