კვირა, სექტემბერი 20, 2026

მოსამართლემ კაცს, რომელიც სანადირო თოფით რუსთავის ბაზარში შევარდა და 4 ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

კაცი, რომელმაც რუსთავის ბაზარში 4 ადამიანი მოკლა და მეხუთეს – საკუთარ ბიძაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდა, მოსამართლემ ციხეში უვადოდ გაუშვა. ეს უპრეცედენტო განაჩენია, რადგან ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი ორეველაშვილი შემზარავი დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადი იყო. კანონით დაშვებულია, თუმცა აქამდე არსებული პრაქტიკით ფსიქიკური პრობლემების მქონე ბრალდებულის მიმართ, უვადო პატიმრობის გადაწყვეტილება არასდროს გამოუტანიათ.

რას დაეყრდნო მოსამართლე “კურიერი პიესმა” მაია შოშიაშვილის განაჩენის წერილობითი ვერსია მოიპოვა, სადაც მოსამართლე მსაჯულის შეზღუდულ შერაცხადობას შემამსუბუქებელ გარემოებად არ მიიჩნევს და უმაღლესი სასჯელის მოტივად დანაშაულის სიმძიმეს ასახელებს.

2024 წლის 9 თებერვალი – ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში მოხდა. სანადირო თოფით შეიარაღებული გიორგი ორველაშვილი სავაჭრო ობიექტზე შეიჭრა და ხორცის სექციაში 7 წამში 5-ჯერ, დამიზნებით ისროლა. დამნაშავე აქ წლების განმავლობაში ბიძასთან და ბიძაშვილთან ერთად ვაჭრობდა. პირველი სამიზნე სწორედ მისი ახლო ნათესავები იყვნენ, ჯერ ბიძას, ნოდარ ორველაშვილს ესროლა, შემდეგ ბიძაშვილს – ნიკა ორველაშვილს. ამის შემდეგ მოკლა მოპირდაპირე დახლზე მოვაჭრე ძმები მალხაზ და დავით აბულაშვილები. ბოლოს კი – ტაქსის მძღოლი, რომელმაც მისი შეკავება სცადა. 4 მოკლა, დაჭრილი ბიძაშვილი კი, ექიმებმა გადაარჩინეს. მკვლელმა იარაღი დააგდო და ტერიტორიიდან გაიქცა. ახლოს მდებარე აფთიაქში შევარდა და დამამშვიდებელი ითხოვა. სწორედ აქ დააკავეს დამნაშავე სამართალდამცველებმა.

გაირკვა, რომ გიორგი ორველაშვილმა სანადირო თოფი ძმას მოჰპარა და კაჭრეთიდან რუსთავში, დაგეგმილი მკვლელობის შესასრულებლად ჩამოიტანა. მასთან ერთად, იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს ძმა – გოგიტა ორველაშვილი.

მომხდარიდან 9 თვის შემდეგ, თვითმხილველებს შემზარავი ფაქტის გახსენება ახლაც უჭირთ.

რატომ გაიმეტა ბიძა, ბიძაშვილი და კიდევ 3 ადამიანი – სასამართლო განხილვების დროს, ბრალდებულს არაფერი უთქვამს. გამოძიების ვერსიით, კი უმძიმესი დანაშაულის მოტივი მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობა და ამ ფონზე ბაზარში მომხდარი კონფლიქტები გახდა.

დაზარალებულები სასამართლო დარბაზში გიორგი ორველაშვილის უვადო პატიმრობას ერთხმად ითხოვდნენ. ერთ-ერთი დაზარალებული მკვლელის ბიძაშვილი ხატია ორველაშვილია, რომელსაც დამნაშავემ მამა მოუკლა. ნათესავები ოჯახისგან განსხვავებით, გიორგი ორველაშვილს ფსიქიკურ ხარვეზებს ამჩნევდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა კაცმა მკვლელობის ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე, ნაქირავები სახლი დაწვა. რეაგირებას კი, დამნაშავის დედას და დებს სთხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

გიორგი ორველაშვილი უვადო სასჯელის ათვლამდე მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ მკურნალობას გაივლის. მანამდე კი მისი ადვოკატი, რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს. დამცველს მოლოდინი აქვს, რომ მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდება, ისევე როგორც გოგიტა ორველაშვილს, მკვლელის ძმას, რომელსაც იარაღის დაუდევრად შენახვისთვის 2 წელი მიესაჯა.

ადვოკატი სასჯელის შემსუბუქების საჭიროებას ვერ დაასაბუთებს – ასეთია ბრალდების მხარის პოზიცია. პროკურორი განმარტავს, რომ პირველმა ინსტანციამ სამართლიანობის პრინციპის გარდა, უვადო განაჩენის შეფარდების შემდეგ, მსგავსი დანაშაულის პრევენციაზეც იზრუნა.

მოკლულების ოჯახებს მოლოდინი აქვთ, რომ განაჩენი საბოლოოა და გიორგი ორველაშვილი ციხეს ვერასდროს დატოვებს.

თუ კი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები შეზღუდულ შერაცხადს გიორგი ორველაშვილს უვადო პატიმრობაში დატოვებენ, ეს ქართული მართლმსაჯულებისთვის ახალი პრეცედენტი იქნება, რაც სავარაუდოდ პრაქტიკაში აისახება. შესაბამისად სიმულანტობა ან რეალური ფსიქიკური პრობლემები მძიმე დანაშაულების შემამსუბუქებელ გარემოებად აღარ გამოდგება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის, დიზაინერის, ბიბლიოფილისა და საზოგადო მოღვაწის, პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მრავალრიცხოვან კოლეგებს.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალებით ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა გამორჩეული შემოქმედი, რომლის ცხოვრება დაკავშირებული იყო ქართული სიტყვის, კულტურის, წიგნისა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვასთან.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებთ პაატა ნაცვლიშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.პაატა ნაცვლიშვილის მრავალმხრივი შემოქმედებითი და პროფესიული გზა ათწლეულების განმავლობაში ქართული სიტყვის, წიგნის, ჟურნალისტიკისა და ეროვნული კულტურის სამსახურს უკავშირდებოდა. იგი ერთდროულად იყო ჟურნალისტი და მწერალი, პოეტი და მხატვარი, რედაქტორი და გამომცემელი, დიზაინერი და მკვლევარი, ბიბლიოფილი და ფილატელისტი. ამ მრავალფეროვან საქმიანობას კი ერთი მთავარი მიზანი აერთიანებდა - ქართული კულტურული მეხსიერების შექმნა და დაცვა.პაატა ნაცვლიშვილის მოღვაწეობიდან ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების მოღვაწეობის შესახებ, იმდენად, რამდენადაც სწორედ ეს ორი ბუმბერაზი პიროვნებაა მჭიდროდ დაკავშირებული საქართველოში საინჟინრო განათლების, ტექნიკური აზროვნებისა და ქართული საინჟინრო სკოლის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიასთან. მის მიერ ნიკოლაძეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა განსაკუთრებით ფასეულია ჩვენთვის, რადგან ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებრივი და ტექნიკური აზროვნება, ხოლო გიორგი ნიკოლაძის სამეცნიერო, საინჟინრო, სპორტული და საგანმანათლებლო მოღვაწეობა იმ ინტელექტუალური მემკვიდრეობის ნაწილია, რომლის გაგრძელებასა და განვითარებას დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ემსახურება.პაატა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვისი დამსახურებითაც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე შემორჩენილი სახელები კი არა, დიდი ქართული ინტელექტუალური და საინჟინრო ტრადიციის ფუძემდებლები და სათავეებთან მდგომი მეცნიერები არიან.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

გია ვოლსკი – პოლიტიკური შემოტევა უზარმაზარ ინვესტიციაზე, რომელიც ქმნის საქართველოს ხვალინდელ მომავალს, უნდა განვიხილოთ, როგორც შემოტევა ქვეყნის წინააღმდეგ

პოლიტიკური შემოტევა უზარმაზარ ინვესტიციაზე, რომელიც ქმნის საქართველოს ხვალინდელ დღეს, მომავალს, სამუშაო ადგილებს, რომელიც მოითხოვს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში მაღალი დონის ექსპერტების მომზადებას, მშენებლების, თუ მენეჯერების, რასაკვირველია, უნდა განვიხილოთ, როგორც შემოტევა ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებიც ამბობენ, რომ ე.წ. არაბული ქალაქების მშნებელობას აპროტესტებენ.გია ვოლსკის თქმით, ინვესტიციის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. გია ვოლსკი ამბობს, რომ ამ თემაზე არსებულ კითხვებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან კონკრეტული პასუხები იქნა გაცემული.„რაც შეეხება არაბიზაციას, ზოგმა მეჩეთების თემა წამოსწია, მოგონილია ვითომ საფრთხე, რომელსაც საფუძველი არ აქვს. პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე, რაც აზღვევს, კანონიდან დაწყებული, თვითონ ბიზნეს-ეკონომიკურ გარიგებაზე. ნებისმიერი საფრთხის მიმართ კონკრეტული პასუხები იქნა გაცემული. ანუ, გამოდის, რომ შემოტევა, რომელიც ხორციელდება ერთი მხრივ, გარკვეული ჯგუფის მიერ, ვისაც შეიძლება, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვუწოდოთ, გაძლიერებულია იმ შემოტევით, რომელსაც ვითომდა კონსერვატიული მოძრაობა აწარმოებს საქართველოსთან მიმართებით. მეტი ინვესტიცია, მეტი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებას, ხვალინდელი დღის განმაპირობებელი ფაქტორებია. ამის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება და ვერც გადარჩება საკმაოდ მძიმე ვითარებაში, რომელიც, სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებობს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

რატომ თქვა რომის პაპმა ლეო XIV-მ უარი საფრანგეთში სახელმწიფო ვიზიტით გათვალისწინებულ პატივზე

საფრანგეთში ვიზიტის დროს, რომის პაპი ელისეის სასახლეს ეწვევა, თუმცა ლეო XIV საპატიო ლეგიონის ორდენის მიღებასა და საზეიმო ვახშამზე დასწრებაზე უარს ამბობს. გაზეთ „ლა კრუას“ (La Croix) ცნობით, ვატიკანმა, სავარაუდოდ, პაპისა და ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრის შეთავაზებაც უარყო, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უნდა გამართულიყო.გაურბის თუ არა პაპი ემანუელ მაკრონს? ლეო XIV-ის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში, „ლა კრუა“ წერს, რომ ვატიკანმა არ დააკმაყოფილა ელისეს სასახლის თხოვნა, რომელიც პარასკევს, 25 სექტემბერს, პაპისა და ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრას ეხებოდა.ემანუელ მაკრონი იმედოვნებდა, რომ პონტიფიკოსთან მისი შეხვედრა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დათვალიერების დროს შედგებოდა, რომლის რესტავრირება, ძირითადად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.„ლა კრუასთან“ საუბრის დროს, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა ეს გადაწყვეტილება, ვიზიტის დატვირთული გრაფიკით და მწუხრის ლოცვის შემდეგ მორწმუნეებისთვის ტაძრის რაც შეიძლება სწრაფად გახსნის სურვილით ახსნა. თუმცა, გაზეთი მიიჩნევს, რომ წმინდა საყდრის უარის უკან შესაძლოა სხვა, უფრო პოლიტიკური ხასიათის მიზეზები იდგეს, თუნდაც საფრანგეთის მიერ ევთანაზიის შესახებ კანონის დამტკიცება, რომლის მიღებასაც ეკლესია ეწინააღმდეგებოდა. განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველივე ამას უწოდებს „უაზრო პოლემიკას“, რომელსაც „საფუძველი არ გააჩნია“. „აქედან სიმართლეს არცერთი შეესაბამება, – განუცხადეს „ფრანს ინფოს“ემანუელ მაკრონის გარემოცვის წევრებმა, – როგორც ყოველთვის, ახლაც შედგა დისკუსია ელისეის სასახლესა და პაპის წარმომადგენლებს შორის. როგორც ყოველთვის, ახლაც სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღეთ“.ამ პოზიციას, როგორც ჩანს, საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციაც (CEF), იზიარებს. ის დიდად აფასებს „იმ მზაობას და ძალისხმევას, რომელიც ყველა უწყებამ გამოიჩინა, იქნება ეს ელისეს სასახლე, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური, სამინისტროები თუ პოლიციის პრეფექტურები“. CEF-ი განმარტავს, რომ ეს არის სამოციქულო მოგზაურობა, რომელიც სახელმწიფო ვიზიტის წესებს არ ექვემდებარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ პაპს სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი აქვს, „პირველ რიგში, მას ისე ხვდებიან, როგორც ეკლესიის წინამძღოლს“, – აცხადებს საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენცია. საზეიმო ვახშამი სამოციქულო მოგზაურობის დღის წესრიგში არ შედის „ამ ტიპის ვიზიტი, შესაბამისად, იმართება კონკრეტულ, დადგენილ ფორმატში, რომლითაც საზეიმო ვახშამზე დასწრება ან ჯილდოს მიღება გათვალისწინებული არ არის“, – დასძენს CEF-ი. „ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ვატიკანის მხრიდან უარს; ეს სამოციქულო მოგზაურობის ჩვეულ ფორმატს, უბრალოდ, არ შეესაბამება“, – აღნიშნულია მის განცხადებაში.მიუხედავად ამისა, საფრანგეთში ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პაპი ლეო XIV ემანუელ მაკრონს რამდენჯერმე მაინც შეხვდება. პრეზიდენტი პონტიფიკოსს ორლის აეროპორტში დახვდება, რის შემდეგაც დაგეგმილია მათი შეხვედრა ელისეის სასახლეში. ემანუელ მაკრონი ასევე დაესწრება საფრანგეთში პაპის ვიზიტის ბოლო დღეს ქალაქ მეცში დაგეგმილ ღონისძიებებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

20 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნეს.მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ასევე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა, ამავე უწყების უფროსის პირველმა მოადგილემ, მიხეილ ჩოკოშვილმა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, კიაზო ახალაიამ.საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური/საპატიო სამკერდე ნიშნები, განსაკუთრებული დამსახურებისთვის პირველად უწყების ისტორიაში გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც  წლების განმავლობაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს. აღნიშნული ჯილდოს დაწესება არის ახალი ტრადიციის დასაწყისი და ღირსეული სამსახურის დაფასების მიზნით, მებაჟე-ოფიცრების დაჯილდოება მომავალშიც გაგრძელდება.შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის აღსრულებისა და ეკონომიკურად განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში მათ უმნიშვნელოვანესი მისია აკისრიათ.,,ძვირფასო მებაჟე ოფიცრებო, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ და უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის. მოგეხსენებათ, საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს კოლეგა უწყებებთან, რისთვისაც ვსარგებლობ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი მათ პარტნიორობისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად მივულოცავ მათ, ვინც ამ წუთებშიც ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას საქართველოს სხვადასხვა საზღვარზე არსებულ საბაჟო კონტროლის ზონებში და იმ თანამშრომლებს, რომლებიც პროფესიული საქმიანობის წარმატებით შესრულებისთვის დაჯილდოვდებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას თქვენ პროფესიულ საქმიანობაში და კვლავაც გპირდებით უპირობო მხარდაჭერას“, -  განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღის თარიღი დაკავშირებულია მნიშვნელოვან მოვლენასთან, კერძოდ ეროვნული საბჭოს მიერ, 1918 წლის 30 აგვისტოს მიღებული იქნა კანონი- „საბაჟო დაწესებულებათა მოწყობის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 20 სექტემბერს და შესაბამისად, ფუნქციონირება დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს საბაჟო ორგანომ. 2022 წელს, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით პროფესიული დღე დაწესდა ეროვნულ დონეზეც და 2026 წლის 20 სექტემბერს, უკვე მეოთხედ აღინიშნება ეს თარიღი. ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მებაჟის პროფესიის მხარდაჭერასა და დაფასებას.პროფესიულ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ასევე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები და პარტნიორი უწყების წარმომადგენლები.

ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ბოლო სიახლეები