ორშაბათი, აგვისტო 3, 2026

ცესკო – დასრულდა საჩივრების განხილვა, გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, ცვლილებები არის უმნიშვნელო, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დასრულდა.

სანტურიანის ინფორმაციით, ჯამურად გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და ხელახალი დათვლის შედეგებმა საბოლოო შედეგებში არსებითი ცვლილებები ვერ შეიტანა. მისივე თქმით, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები.

„მთლიანობაში, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამურად წარმოდგენილი იყო 1 201 საჩივარი. მათგან 537 შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ან გადათვლას. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით წარმოდგენილი იყო 466 საჩივარი, ხოლო მოთხოვნის გარეშე – 47. ისეთი საჩივრების რაოდენობა, სადაც დაფიქსირებული იყო შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით მოთხოვნა ან შესაბამისი ქმედების განხორციელების თაობაზე მოთხოვნა, იყო 151.

წარმოდგენილი საჩივრებიდან ჯამურად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167; არ დაკმაყოფილდა 917; განუხილველად დარჩა 107 საჩივარი, რაც მთლიანობაში წარმოდგენილი საჩივრების 8.9%-ია. საჩივარი გაითხოვეს სამ შემთხვევაში. ამ ეტაპზე მხოლოდ 10 საჩივარია განხილვაში, რომელიც არ შეეხება კენჭისყრის შედეგებს ან უშუალოდ არ არის დაკავშირებული შედეგებთან და შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. აღნიშნული საჩივრების განხილვის ვადა 10 დღეა და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

საერთო ჯამში, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები. მათ ნაწილთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. ასევე, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გადაითვალა 12 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რომელთა ნაწილთან დაკავშირებითაც ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. მთლიანობაში, კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ჯამურად გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და ხელახალი დათვლის შედეგებმა არსებითი ცვლილებები საბოლოო შედეგებში ვერ შეიტანა. საერთო ჯამში, ცვლილებები, შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოა“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

სანტურიანის განცხადებით, წარმოდგენილი საჩივრებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა საუბნო საარჩევნო კომისიების 290 წევრს.

ამასთან, ბრიფინგზე გიორგი სანტურიანმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებითაც.

„აქ იგულისხმება ისეთი საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა აგიტაციისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული წესების შესაძლო დარღვევას. სულ წარმოდგენილი იყო 114 საჩივარი. მათი უმრავლესობა შეეხებოდა სოციალური ქსელებით აგიტაციას. ჯამურად, ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 65 და განხილვების შედეგად შედგა 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნა სასამართლოებში. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომში გასაჩივრდა საერთო სასამართლოებში. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოებში დავები სრულადაა დასრულებული, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, მხოლოდ ერთი საქმე იყო ჩანიშნული დღეს. შედეგთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე საერთო სასამართლოებში, ფაქტობრივად, სარჩევნო დავების განხილვა სრულად დასრულებულია“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილია, აშშ-სთან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას

აშშ-ის საელჩოს განცხადება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ცდილობდა ხელოვნურად სიძულვილის გაღვივებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, აშშ-სთან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაელოდება ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას.„რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ცდილობდა ხელოვნურად სიძულვილის გაღვივებას, სიცრუის ტირაჟირებას. აქედან გამომდინარე, საელჩოს ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია. თუმცა, ეს მათი საქმეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებაში არ დავუშვათ სიძულვილის გავრცელება. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – შოვის ტრაგედიიდან, რამაც მთლიანად ქვეყანა შეძრა, სამი წელიწადი გავიდა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები

სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები.„თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია და რაც მთავარია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში წინასწარ იყოს ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით სამუშაოები ჩატარდა შვეიცარულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არ არსებობს სამყაროში ეშმაკი, რომელსაც უფრო მეტის დაშავება შეეძლოს შენთვის, ვიდრე შენს თავს უშავებ

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს.გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:ზოგჯერ ურწმუნო ადამიანის ახლობელი მოდის და მეუბნება: – "ვაიმე, ჩემს ახლობელს ჯადო გაუკეთეს, რა ეშველება?"რაღაც მოხდა და – "ვაიმე, ეს მისთვის საშიშია? მისი სულისათვის საშიშია?" და ა.შ.მე ვეკითხები:– მორწმუნეა? ქრისტიანულად ცხოვრობს?– არა;და ვეუბნები:– ის უკვე თავის თავის სასჯელიც არის, თავის თავის ეშმაკიც არის, თავისი თავის ჯადოც არის.უქრისტეო ადამიანი სრული კატასტროფაა, და ახლა მას ვინ რა უნდა დაუშავოს იმაზე მეტი, რასაც ის საკუთარ თავს უშავებს?!როცა შენ ისე ცხოვრობ, რომ ქრისტე არ გინდა, ვინ უნდა დაგიშავოს ამაზე მეტი?!არ არსებობს სამყაროში ეშმაკი, რომელსაც უფრო მეტის დაშავება შეეძლოს შენთვის, ვიდრე შენს თავს უშავებ, როცა ქრისტეზე უარს ამბობს, ეს იგივე რამეა, როცა იოანე სინელი ამბობს – “ამპარტავან მონაზონს ეშმაკი აღარ სჭირდება...”ამონარიდი ქადაგებიდან | 30.07.2021 

„ტელეგრაფი“ – სტარმერი წავიდა, მაკრონი მალე შეიცვლება, ევროპას – ლიდერობის ვაკუუმი, „მსურველთა კოალიციას“ კი ნელი სიკვდილი ემუქრება

სტარმერი წავიდა, მაკრონი მალე შეიცვლება, ევროპას – ლიდერობის ვაკუუმი, „მსურველთა კოალიციას“ კი ნელი სიკვდილი ემუქრება, – ამ შინაარსის სტატიას გამოცემა „ტელეგრაფი“ აქვეყნებს.სტატიაში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის პოლიტიკიდან წასვლისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის ფონზე ევროპა, შესაძლოა, ლიდერობის სერიოზული კრიზისის წინაშე, უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ არსებობა კი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.„სტარმერიც და მაკრონიც ევროპული უსაფრთხოების მთავარი არქიტექტორები არიან. მათ შეძლეს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში არსებული უთანხმოებების გადალახვა და 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაერთიანება უკრაინის სამხედრო დახმარების, შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარანტიებისა თუ ჰორმუზის სრუტის განმაღმვითი ოპერაციების გარშემო. სტარმერის ახალი შემცვლელი ენდი ბერნემი მოკავშირეებს არწმუნებს, რომ ლონდონის საგარეო პოლიტიკური კურსი, ნატო-სა და უკრაინის მხარდაჭერა უცვლელი დარჩება. ამის დასტურად მან პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ბერნემს, შიდა პოლიტიკური გამოცდილების ფონზე, საგარეო ასპარეზზე ჯერჯერობით ნაკლები გავლენა აქვს. ბევრად უფრო დიდ საფრთხედ საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნები განიხილება. მაკრონს მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ ელისეის სასახლის დატოვება მოუწევს, ხოლო მის შესაძლო შემცვლელებად მიიჩნევიან ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პოპულისტური ძალები, რომლებიც ნატო-სა და უკრაინის საკითხებზე მაკრონისგან განსხვავებულ პოზიციებს იკავებენ“, – ნათქვამია სტატიაში.როგორც სტატიაშია აღნიშნული, მარინ ლე პენი პირობას დებს, რომ საფრანგეთს ნატო-ს სამხედრო სარდლობიდან გამოიყვანს, მოუხსნის სანქციებს რუსეთს და უკრაინას მოსკოვის პირობებზე მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდებს. ჟან-ლიუკ მელანშონი კი კიდევ უფრო მკვეთრი პოზიციით გამოირჩევა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან საფრანგეთის სრულად გამოსვლას გეგმავს.„დასავლელი ოფიციალური პირები უკვე აქტიურად განიხილავენ სცენარებს, თუ როგორ შეიცვლება ანგლო-ფრანგული ურთიერთობები, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება და უკრაინის მომავალი, თუ საფრანგეთის ხელისუფლებაში კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი ძალები მოვლენ“, – წერს „ტელეგრაფი“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილი ქირურგ-ონკოლოგისა და მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ექიმის, ქირურგ-ონკოლოგისა და მკვლევრის, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორისა და აკადემიური საბჭოს წევრის, საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის - რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და სამედიცინო საზოგადოებას.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალება უმძიმესი დანაკლისია ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის, მთელი ქვეყნისთვის. დავკარგეთ გამორჩეული ქირურგი-ონკოლოგი, აღიარებული მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, რომლის ცხოვრება და პროფესიონალიზმი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას, ახალგაზრდა თაობების აღზრდასა და ქართული მედიცინის წინსვლას ემსახურებოდა - დაუღალავად იღვწოდა საქართველოში თანამედროვე ონკოლოგიური სკოლის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისთვის.განსაკუთრებულია მისი წვლილი საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრისა და სხივური მედიცინის ცენტრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. პროფესორი რემა ღვამიჩავა იყო სკრინინგცენტრის პირველი დირექტორი და სწორედ ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა ეროვნული სკრინინგპროგრამების განვითარებას, პრევენციული მედიცინის გაძლიერებასა ხელმისაწვდომობის ზრდას. მის სახელს უკავშირდება საქართველოში სხივური მედიცინის განვითარებაც, რამაც ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლის გადარჩენასა და ჯანმრთელობის დაცვაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.პროფესორი რემა ღვამიჩავა საზოგადოებას დაამახსოვრდება, როგორც უმაღლესი პროფესიონალიზმის, სიბრძნის, კეთილშობილებისა და განსაკუთრებული ჰუმანიზმის მქონე ექიმი, რომელსაც შეეძლო უმძიმესი დიაგნოზის მქონე ადამიანისთვის იმედი ჩაესახა, გაეძლიერებინა პაციენტის რწმენა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად დაუღალავად ებრძოლა. სწორედ რემა ღვამიჩავას სამეცნიერო მემკვიდრეობა, პედაგოგიური საქმიანობა და აღზრდილ მედიკოსთა არაერთი თაობაა მისი ცხოვრების მარადიული გაგრძელება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და მისი ონკოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს, საქართველოს ეროვნულ სკრინინგცენტრს, სტუდენტებსა და ქართულ სამედიცინო საზოგადოებას.დარწმუნებული ვართ, პროფესორ რემა ღვამიჩავას სახელი, მისი პროფესიონალიზმი, ჰუმანიზმი, საქმისადმი ერთგულება და ღვაწლი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ქართული მედიცინის ისტორიაში,ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ბატონი რემა იყო გამორჩეული ექიმი, მკვლევარი, მასწავლებელი, კოლეგა, მეგობარი. ნათელი მის ხსოვნას“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები