ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ში არჩევნებზე: უბნებზე აპარატები ისე იყო განლაგებული, ნებისმიერს შეეძლო დაენახა ვის აძლევდა ხმას სხვა ამომრჩეველი – ეს პრობლემად არ აღიქმება

უბნებზე აპარატები ისე იდგა, ისე იყო განლაგებული, რომ ნებისმიერს შეეძლო სურვილის შემთხვევაში დაენახა თუ ვის აძლევდა ხმას სხვა ამომრჩეველი, მაგრამ ეს, ზოგადად, ამ ქვეყანაში პრობლემად არ აღიქმება იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები არ მალავენ საკუთარ არჩევანს, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-დან.

მისივე თქმით, ის დამცავი მექანიზმები, რაც საქართველოში არსებობს, მაგალითად კონვერტები და ა.შ. აშშ-ში რეალურად არ არის.

„ვიმყოფები ახლა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში ვაკვირდებოდი არჩევნებს, როგორც ეუთოს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ თვითონ არჩევნების დღემ საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. ყოველ შემთხვევაში, კალიფორნიაში ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ქვეყნის მასშტაბით, იცით, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც ბომბზე იყო საუბარი. რამდენიმე უბანზე დროებით შეჩერდა ხმის მიცემის პროცესი, თუმცა, ზოგადად რომ შევაფასოთ, თვითონ არჩევნების დღე, საკმაოდ მშვიდი იყო.

ფარულობაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებაში საუბარი ცოტა სასაცილოა იქიდან გამომდინარე, რომ თუ ამერიკის არჩევნებს შევხედავთ, აქ მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტმა წინასწარ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ძალიან დიდმა ნაწილმა საერთოდ ფოსტით გამოაგზავნა საკუთარი ბიულეტენი. ფოსტით გამოგზავნილი ბიულეტენის შემთხვევაში ფარულობას ვერავინ დაადგენს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, მინდა გითხრათ, რომ არანაირი კონვერტი არ არსებობდა. ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, აქაც ამომრჩეველს უნდა შეეცურებინა ბიულეტენი აპარატში, რომელიც იდგა და იმ შემთხვევაში, თუ ის ამას ვერ ახერხებდა, რა თქმა უნდა, მოდიოდა შემდეგ კომისიის თანამშრომელი, ეხმარებოდა მას. ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა როგორ აცურებდა ეს ადამიანი და რა არჩევანი ჰქონდა მას გაკეთებული. ასევე, ზოგადად, უბნებზე ეს აპარატები ისე იდგა, ისე იყო განლაგებული, რომ ნებისმიერს შეეძლო სურვილის შემთხვევაში დაენახა თუ ვის აძლევდა ხმას სხვა ამომრჩეველი, მაგრამ ეს, ზოგადად, ამ ქვეყანაში პრობლემად არ აღიქმება იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები არ მალავენ საკუთარ არჩევანს და ზოგადად, ეს ფარულობის „გაფეტიშება“, ამ შემთხვევაში არ ხდება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის დამცავი მექანიზმები, რაც საქართველოში არსებობს, მაგალითად კონვერტები და ა.შ. აქ რეალურად არ არის. ბიულეტენი ჩანს, ხელში უჭირავს ამომრჩეველს და ისე აცურებს აპარატში. სხვათა შორის, ეს აღინიშნა დამკვირვებლების მიერ და ამაზე ალბათ იქნება მითითება, თუმცა დიდ პრობლემად ეს აქ არ აღიქმება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ოცნებაა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანება, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს – ჯიმ რიში

ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯონ რიში სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოს ოცნებაა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანება, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს. ტაშს ვუკრავ ხალხის შეუპოვრობასა და უფრო ნათელი მომავლისადმი ერთგულებას, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლის გადატანაც მოუწიათ”,- წერს ჯიმ რიში.    

აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოვარდნის შემდეგ, ისრაელის ავიაკომპანია El Al რუსეთში ფრენებს აჩერებს

ისრაელის ეროვნულმა ავიაგადამზიდმა El Al-მა რუსეთში ფრენები შეაჩერა, – ამის შესახებ ისრაელის მედია წერს. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თელ-ავივსა და მოსკოვს შორის რეისები მომდევნო კვირის განმავლობაში არ შესრულდება. „მომდევნო კვირას სიტუაცია ხელახლა შეფასდება, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას რეისების განახლების შესახებ“, – განაცხადეს კომპანიაში. 25 დეკემბერს ყაზახეთში საგანგებო დაშვებისას ჩამოვარდა „აზერბაიჯნის ავიახაზების“ ავიალაინერი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. სხვადასხვა მედიასაშუალების მრავალი წყაროს ინფორმაციით, გროზნოს რაიონში თვითმფრინავს სავარაუდოდ რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტა მოხვდა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

“პიარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ გილაურის ფონდი…” – ნანუკა ჟორჟოლიანი “მთავარი არხის” დატოვების მიზეზებს განმარტავს.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მათ მიერ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პრემიერის, ნიკა გილაურის ფონდის გაპიარების და თავად ჟორჟოლიანის ფონდისთვის არასაკმარისი ყურადღების დათმობის გამო დატოვა. როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ნანუკას არ სჭირდება პიარი, თუმცა საუბარია დამოკიდებულებაზე, რომ არხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ფონდის, ან მხოლოდ ერთი ადამიანის და არ უნდა მოხდეს არხის დავიწროება. „პიარი კი არ სჭირდება ნანუკას, აქ იყო საუბარი დამოკიდებულებაზე, რომ არხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ფონდის, ან მხოლოდ ერთი ადამიანის აქ ამაზე იყო საუბარი. ნანუკას რაში სჭირდება პიარი, ნანუკას თავისი პლატფორმა აქვს, ნანუკას თავისი ინსტაგრამი აქვს. აქ არის საუბარი დამოკიდებულებაზე უბრალოდ. პიარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ გილაურის ფონდი. არ შეიძლება იყოს კონცენტრაცია მხოლოდ ერთზე ან აქეთა მიმართულებით ან იქეთა მიმართულებით, არ შეიძლება ასე ჩაკეტვა სივრცის. ეს ფაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რამაც გამოიწვია ის, რომ არ შეიძლება არხის დავიწროება“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა სატელეფონო ინტერვიუში.

რეჟისორი გიზო გაბესკირია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

88 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი გურამ (გიზო) გაბესკირია. გიზო გაბესკირია იყო დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „დათა თუთაშხია“ (1977 წელი, გ. ლორთქიფანიძესთან ერთად), „ვასილ კიკვიძე“ (1980 წელი გ. კალატოზიშვილთან ერთად), „ზღვის მაშვრალნი“ (1986 წელი, „ქართული ფილმისა“ და საფრანგეთის „პატესინემას“ ერთობლივი ნამუშევარი ე. საშენთან ერთად). გაბესკირია 1972 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორად. 1991 წელს დაინიშნა „ქართული ფილმის“ მეორე შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელად. 1992 წელს აირჩიეს კინოკორპორაცია „ქართული ფილმის“ კინოსტუდია „ფრესკას“ სამხატვრო ხელმძღვანელად. 1997 წლიდან მოღვაწეობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. 2006 წლიდან იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საპატიო პროფესორი. გიზო გაბესკირია იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980), თბილისის საპატიო მოქალაქე (2024).

რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს

აქცია რუსთაველის გამზირზე - უკვე ერთი თვეა, საქართველოში პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებს პარლამენტთან სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი. მთავარი მოთხოვნები კი უცვლელია - დემონსტრანტები კვლავ ითხოვენ აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას. ადგილზე იმყოფება რამდენიმე საპოლიციო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა.

ბოლო სიახლეები