2 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ერიკ-ემანუელ შმიტის „იდუმალ ვარიაციებს“ გია ბურჯანაძე და ალეკო მახარობლიშვილი ითამაშებენ. ეს თემურ ჩხეიძის უკანასკნელი სპექტაკლია, რომლის პრემიერაც 2022 წლის მაისში შედგა. ფრანგი დრამატურგის პიესა მარადისობისგან ბრძოლით მოპოვებულ სიყვარულზეა. სიუჟეტი კი მთის მდინარის დინებასავით იდუმალი და ცვალებადია; სიყვარული და ფილოსოფია, მიწიერი და არამიწიერი.
მწერლის, აბელ ზნორკოს როლს გია ბურჯანაძე ასრულებს, ჟურნალისტის, ერიკ ლარსენის როლში კი ალეკო მახარობლიშვილია. ორივე თემურ ჩხეიძის მსახიობები არიან, წლებია რომ მის სპექტაკლებში თამაშობენ. ამიტომაცაა, რომ მაესტროს წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს ვერ ეგუებიან. დავობლდიო, ჩვენთან ინტერვიუში ამბობს გია ბურჯანაძე.
ალეკო მახარობლიშვილი: გია ძალიან კარგი მსახიობი და პარტნიორია. დიდი სიამოვნებით ვიმუშავეთ ამ სპექტაკლზე. გიას ჯანმრთელობის გამო, იშვიათად ვთამაშობთ. გვიყვარს და ვუფრთხილდებით, სპექტაკლსაც და ერთმანეთსაც.
სუსტადაა, გადასხმებს იკეთებს, თუმცა გვეუბნება, რომ ჩანიშნულ სპექტაკლს ითამაშებს. სპექტაკლის წინ ორდღიანი მზადება ტრადიციად აქცია. როგორც ამბობს, ამ დროს ცოტას ლაპარაკობს, ხალხთან ნაკლებად ურთიერთობს.
„ეს წლების მანძილზე გამომუშავებული თვისებაა, რომ სპექტაკლის დღეს კომფორტულად ვიყო. ჩემმა ავადმყოფობამ ზედმეტი პრობლემა შემიქმნა და უკვე არა მხოლოდ შინაგანად, უკვე ფიზიკურადაც ვემზადები, მთელი პროცედურები მესაჭიროება. ყოველდღე საავადმყოფოში ვარ, გადასხმებს ვიკეთებ, რომ ცოტა მოვძლიერდე. ძალიან სუსტად ვარ. მეგონა, უფრო იოლად გავივლიდი ოპერაციის შემდგომ პერიოდს, მაგრამ როგორც ჩანს, ეგრე იოლიც არ ყოფილა. დრო უნდა ყველაფერს…“ – ამბობს მსახიობი „პრაიმტაიმთან“.
გია ბურჯანაძე: სუსტად ვარ, მაგრამ ჯანზე რომ ვიყო, გადასხმებს ვიკეთებ. ხომ არ მოვახსნევინებ სპექტაკლს?
ეს თემურ ჩხეიძის უკანასკნელი სპექტაკლია. 41 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა თემურთან. 20 წლის ვიყავი თეატრში რომ მივედი, ის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 18 სპექტაკლზე ვითანამშრომლეთ, ძალიან აწყობილები ვიყავით, ერთი სიამოვნება იყო ერთად მუშაობა ჩვენთვის. ყოველი ახალი სპექტაკლი კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა და ხარისხობრივადაც, ზევით და ზევით მივდიოდით. უსიტყვოდ ვუგებდით ბოლოს ერთმანეთს. მუშაობაც საინტერესო იყო და შედეგიც წინაზე უკეთესი.
ამ სპექტაკლში ყველაფერი კარგად გამოვიდა. პიესა იყო გენიალური, პლუს ასეთი რეჟისორი! სპექტაკლში ყველაფერი მინიმალისტურია. მუსიკა არ არის, დეკორაციაც შეზღუდულად. ორი მსახიობი ვთამაშობთ, რომელსაც მაყურებელი ვერ წყდება. ფსიქოლოგიური თეატრის კულმინაციაა.
ვთამაშობ ნობელის პრემიის ლაურეატს, მწერალს, რომელიც წლებია განმარტოებით ცხოვრობს არქტიკაზე ჩამოდის ვიღაც, ჟურნალისტი ვარო, ეუბნება და 1 საათი და 45 წუთი ამ ორი ადამიანის ურთიერთობაზეა მთელი სპექტაკლი. და გზა და გზა იმდენი რამ ირკვევა…
ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ, თამაშისას მაქვს განცდა, რომ თემური ჩვენთანაა, დარბაზშია.
ის მსოფლიო მასშტაბის, დიდი რეჟისორი იყო. დახვეწილი, ერუდირებული… მისი სპექტაკლი არასდროს ფუჭდებოდა, პირიქით, წლების მანძილზე უკეთესი და უკეთესი ხდებოდა. 20 წელიწადი, ყოველ ხუთშაბათ დღეს, ვთამაშობდით მე და ნანი ჩიქვინიძე “სასიყვარულო ბარათებს. ხომ შეიძლებოდა ამ ხნის მანძილზე მორყეულიყო ან მაყურებელი დაჰკლებოდა? არა, პირიქით, უკეთესი და უკეთესი ხდებოდა. ასეთი ფენომენი იყო თემურ ჩხეიძე. ყურადღებასაც არ აკლებდა სპექტაკლს; აბა, არტისტები რამეს ხომ არ “აფუჭებთო”… უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს. ასე იყო ალეკო მახარობლიშვილთანაც. ისიც მისი არტისტია.
კიდევ გვინდოდა თანამშრომლობა, იდეები გვქონდა, ახალზე ფიქრობდა… მის გარეშე დაობლებული ვარ, დაობლებული, აღარ ვიცი, რა ვქნა…