ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024

შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტის მონაწილეებს მიმართა – ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინელ მეგობრებს, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი, მშვიდობის ფასი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მესამე საპარლამენტო სამიტის მონაწილეებს მიმართა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველები ომის პირველივე დღიდან უკრაინელი მეგობრების გვერდით დგანან და ასეც გაგრძელდება, რადგან საქართველოს მოქალაქეებზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი.

„ორწელიწად-ნახევარზე მეტია, ჩვენ დამანგრეველი ომის მომსწრენი ვართ, ომის, რომელიც, არავის ეგონა, რომ ევროპაში ოდესმე განმეორდებოდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბურმა ომმა ბევრი შოკში ჩააგდო. ჩვენ, ქართველები, ომის პირველივე დღიდან გვერდით ვუდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ასე გავაგრძელებთ, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი. უკრაინის საზარელი კონფლიქტი მრავალი ქვეყნისთვის განგაშის ზარი აღმოჩნდა, როდესაც ომი მათ მიუახლოვდათ და შეახსენა, რომ მშვიდობა ძვირფასი, განუყოფელია და, ამავდროულად, ძალიან მყიფე. ჩვენ ცეცხლის, არასტაბილურობისა და კონფლიქტის რკალში ვართ. ევროპა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მშვიდობისა და სტაბილურობის ნავსაყუდელი იყო, ახლა მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის ცხელი წერტილია. ჩვენ გავაფრთხილეთ ჩვენი პარტნიორები, რომ საერთაშორისო სისტემამ, რომელმაც ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება საქართველოში და ახლა უკრაინაში, ვერ უზრუნველყო სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. გამოფხიზლებამ, რომელიც ომს მოჰყვა, უბიძგა ჩვენს ბევრ პარტნიორს, გადაეხედა მომავალში ასეთი დიდი ტრაგედიების თავიდან აცილების გზებისთვის. ჩვენ პირველებმა ვიცოდით, რას ნიშნავს გაყინული კონფლიქტები, რომლებიც დროებითი ზავის შედეგია.

ზავი არ უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას. ამიტომ კონფლიქტის გაყინვა მშვიდობის სანდო გარანტიებს ვერ უზრუნველყოფს. კარგია, რომ ახლა ვეძებთ პრობლემების მომავალ გადაწყვეტებს და ეს გადაწყვეტები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და მდგრად მშვიდობას. ეს გადაწყვეტები, ასევე, უნდა იყოს მხარდაჭერილი შესაბამისი საერთაშორისო სისტემის მიერ, რომელიც ასეთ მშვიდობას შესაძლებელს და ხანგრძლივს გახდის. ჩვენ, ჩვენი ზომისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვიმუშაოთ უკეთესი მშვიდობისთვის, უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, რათა მძვინვარე ომის სამართლიანი გადაწყვეტა უზრუნველვყოთ. ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს ვუსურვებ სამართლიან მშვიდობას, იმ ყველაფრის საფუძვლიან და სწრაფ აღდგენას, რაც ომმა გაანადგურა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ონლაინმიმართვისას.

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მესამე საპარლამენტო სამიტი რიგაში გაიმართა. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა საერთაშორისო კონსულტაციისა და კოორდინაციის ფორმატია, რომელიც 2021 წელს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით დაარსდა. პლატფორმის მიზანია ყირიმისა და უკრაინის სხვა ტერიტორიების ოკუპაციაზე ეფექტური საერთაშორისო რეაგირების უზრუნველყოფა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ კრიმინალურ რეჟიმს, ეს ნიშნავს, სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე, თითოეულმა ადამიანმა, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული...

„როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ დამნაშავე, კრიმინალურ რეჟიმს და პარტიას, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე“-წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში. გიორგი ზერეკიძე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებიდან ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „თითოეულმა ადამიანმა, ამ ფოტოზე რომ ჩანან და ტაშს უკრავენ კრიმინალებს, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა იმ კრიმინალის, რასაც მათი ბელადები კადრულობენ“. მისივე თქმით, ვერავინ გაექცევა საკუთარ პასუხისმგებლობას. „ერთხელ დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ დამნაშავე, კრიმინალურ რეჟიმს და პარტიას, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე და ასევე იმ უბედურებაზე, რასაც ეს პოლიტიკოსები ქვეყანას დაატეხენ თავს. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა, აი აქ, ამ ფოტოზე რომ ჩანან და ტაშს უკრავენ კრიმინალებს, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა იმ კრიმინალის, რასაც მათი ბელადები კადრულობენ. ამიტომ, მერე არავის უნდა გაუკვირდეს, თუ პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ მათ მკაცრად და კანონის მთელი სიმკაცრით. ვერავინ ვერსად დაიმალება, ვერავინ გაექცევა საკუთარ პასუხისმგებლობას, გამორიცხულია...“-წერს გიორგი ზერეკიძე.

კახა კალაძე – ქვეყანა შენდება, წინ მიდის, ვისაც დანახვა უნდა, ხედავს ამ რეალობას

„ქართული ოცნების“ არჩევნების შემდგომი გეგმები უპირატესად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი ამოცანა სიღარიბის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ამისთვის, და ზოგადად, ეკონომიკური განვითარებისთვის კი მთავარია მშვიდობის შენარჩუნება. „პრემიერმა ძალიან ვრცლად ისაუბრა ამაზე. მე მაინც ეკონომიკურ ნაწილს შევეხები, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა გვაქვს მთავარ ამოცანად. ეს არის სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა უნდა დავიჭიროთ გრძელვადიან პერსპექტივაში. მშვიდობის გარეშე ესეც შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად გავაფართოოთ ურთიერთობები. ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება, ჩინეთი არის პარტნიორი და ძალიან მნიშვნელოვანია ტვირთბრუნვისთვის. ჩინეთის ასეთ პროექტებში ყოფნა არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური განვითარებისთვის. ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შედეგის მომტანი იქნება. ყველა ის პროექტი, ეს იქნება გზები, საუკუნის პროექტად წოდებული ავტობანი, ძალიან მალე მთლიანად დამთავრებული იქნება. ქვეყანა შენდება, წინ მიდის, ვისაც დანახვა უნდა, ხედავს ამ რეალობას. ცხადია, არის პრობლემები, გამოწვევები. არ იფიქროთ, რომ კმაყოფილები და ბედნიერები ვართ. იმას არ ვამბობთ, რომ ყველაფერი ძალიან მაგრადაა. ცხადია, არის გამოწვევები, მაგრამ მშვიდობის გარეშე ამ გამოწვევებსაც ვერ უპასუხებ, ვერ გადალახავ იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს არის. ამიტომ ყველაზე მთავარი არის მშვიდობა და შემდეგ ყველაფერი განვითარდება და წინ წავა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შსს: წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით, ავტომანქანით მოძრავი 45 წლის პირი, გაჩერებული 2 მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა – ოთხივე გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი “ფორდის” მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია. " - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

ეს ადამიანები გვაჯერებენ იმას, რომ 122 იუსტიციის სახლი იმაზე ნაკლებია, ვიდრე 12 და 12 იმაზე მეტია, ვიდრე 122. აი, ასეთ პროპაგანდასთან გვაქვს ჩვენ საქმე...

2012 წელს იყო 12 იუსტიციის სახლი და ახლახან გაიხსნა 122-ე იუსტიციის სახლი შროშაში. ეს ადამიანები გვაჯერებენ იმას, რომ 122 იმაზე ნაკლებია, ვიდრე 12 და 12 იმაზე მეტია, ვიდრე 122. აი, ასეთ პროპაგანდასთან გვაქვს ჩვენ საქმე!, - განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ. მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში სამინისტროში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ავიღოთ და შევადაროთ მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში. კარგად მოგეხსენებათ 2012 წელს მთავარი და სისტემური პრობლემა იყო წამება და არა ადამიანური მოპყრობა. დღეს ჩვენ გვაქვს პენიტენციური სისტემა, რომელშიც პატიმრებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ, საკუთარი შრომით მიიღონ შემოსავალი და მათ შორის, ონლაინ არს პატიმრების მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენა შესაძლებელი. როდესაც ხშირად საუბრობენ ეს ვითომ პატრიოტები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ იმის გამო, რომ ოფიციალურად შევიდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვება მოვიპოვეთ ჩვენ ყველა საქმეზე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დავამტკიცეთ ჩვენი სიმართლე“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა, პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ 60 სამუშაო დღიდან 45 დღემდე შემცირდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა სავარაუდოდ 60 სამუშაო დღიდან 45 დღემდე შემცირდება. სარჯველაძის თქმით, აღნიშნულის შესახებ მეტ დეტალს საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობენ. „დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 60 სამუშაო დღე არის განსაზღვრული პერიოდი, როდესაც კლინიკების მიერ მოწოდებული ანგარიშგების ინსპექტირება უნდა განხორციელდეს. სამინისტროს აქვს გეგმა, რომ ეს პროცესი გახდეს კიდევ უფრო ხანმოკლე, ამისთვის არსებობს გარკვეული ოპტიმიზაციის გეგმა და შესაძლებლობა, რომ ვადა კიდევ უფრო შემცირდეს. ჩვენი ვარაუდით, პირველ ეტაპზე, ეს პერიოდი დაყვანილი იქნება 45 დღემდე. შევეცდებით, ასე იყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მეტ დეტალს შეიტყობთ“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. რაც შეეხება კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებები კოვიდპანდემიის პერიოდში დაკისრებული ჯარიმებისგან განთავისუფლდებიან, სარჯველაძის შეფასებით, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება კლინიკებისთვის, მეტად იყვნენ ორიენტირებული პაციენტის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე. „მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვუსმინოთ კლინიკებს და ვეცადოთ, რომ ხელისუფლებამ მხედველობაში მიიღოს ყველა მოთხოვნა, რომელიც შეიძლება იყოს დაკმაყოფილებადი, გაზიარებული. ამის დემონსტრირება გახლავთ, ამ შემთხვევაში, ეს ინიციატივა. გარკვეული ნაწილის, 20%-ის გადახდის შემთხვევაში, კლინიკებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ შეღავათი. ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება კლინიკებისთვის, მეტად იყვნენ ორიენტირებული პაციენტის უფლებებზე და პაციენტის უსაფრთხოებაზე, უკეთესი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. უმჯობესია, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობები ხმარდებოდეს პაციენტის უფლებებს“ , – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბოლო სიახლეები